Accessibility links

logo-print
”ქართული კინოს 5 წელი - ბევრი და უხარისხო” - დაახლოებით ასე შეიძლება შევაჯამოთ ქართველი კრიტიკოსებისა და კინორეჟისორების ერთობლივი ფორუმი, რომელიც 21 ივნისს გაიმართა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირში. ის, რომ ბევრი იყო, ანუ ის, რომ 5 წლის მანძილზე (ბოლო ასეთი ფორუმი ზუსტად 5 წლის წინ გაიმართა) კინოწარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამაზე აღარავინ კამათობს. თუმცა შეხვედრაზე ისევ იკითხეს (სხვათა შორის, რეჟისორებმაც იკითხეს), რამდენად შეიძლება ”ფილმი”, ”კინო” ვუწოდოთ იმ სრულმეტრაჟიან ვიდეოკლიპებს, რომელთა პირველ ჩვენებას კინოთეატრებში ქართული მედია წარმოგვიდგენს როგორც ”ახალი ქართული ფილმის პრემიერას”. კინორეჟისორები, რომელთაც ბევრი რამ გააკეთეს ქართულ კინოში, მაგრამ დღეს სრულმეტრაჟიანი სურათის გადაღებისთვის საჭირო თანხის მეათედსაც ვერ შოულობენ, გაოცებას ვერ მალავენ: ვინაა ეს ხალხი? ვინ ”მონათლა” ისინი კინორეჟისორად და, რაც მთავარია, რატომ ივსება კინოთეატრები ამ სრულმეტრაჟიანი ვიდეოკლიპების ჩვენების დროს? სხვათა შორის, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანმა, კინომცოდნე არჩილ შუბაშვილმა სწორედ ამ კითხვებით გახსნა ფორუმი.
პროფესიონალი კინემატოგრაფისტების უმრავლესობა კინოთეატრებში გასულ ახალ ქართულ კომედიებს, დეტექტივებსა და ეროტიკას ”კინოხელოვნების ნაწარმოებად” არ მიიჩნევს. ფორუმზე ითქვა, რომ ეს უფრო პოპულარული სატელევიზიო გადაცემების რიმეიკებია, მომზადებული კინოდარბაზებში საჩვენებლად (კინოთეატრებში ბილეთი ათ ლარამდე ღირს)... დიახ, გადაცემების რიმეიკი, რომელიც სატელევიზიო ფილმის დონესაც კი ვერ უახლოვდება. თუმცა ფორუმზე არც სატელევიზიო ფილმები დაინდეს - გაუმართავი დრამატურგია, მსახიობების თამაშის თეატრალურობა, ბანალური მიზანსცენები... ყველაფერი ეს შეიმჩნევა ქართულ სატელევიზიო სერიალებში. დარჩა მხატვრული კინო - ფილმები, რომელთა დასრულება შესაძლებელი გახდა ამ ხუთი წლის მანძილზე. ამ პროდუქციაში შედის ფილმები, რომლებიც წარმატებით უჩვენეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. უფრო მეტიც, გიორგი ოვაშვილის ”გაღმა ნაპირი” მაისის ბოლოს პარიზის კინოთეატრების ეკრანებზეც გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ფორუმზე წაკითხულ მოხსენებაში კინომცოდნე მანანა ლეკბორაშვილმა ჟანრის კრიზისის ერთ-ერთ მაგალითად სწორედ გიორგი ოვაშვილის ფილმი დაასახელა.

მანანა ლეკბორაშვილის თქმით, ჟანრის კრიზისი, ფაქტობრივად, მთელი თანამედროვე ქართული კინოს კრიზისის გამომხატველია. განსაკუთრებით უჭირთ ქართველ რეჟისორებს ისეთი ჟანრის ათვისება, როგორიც დრამაა. ამ 5 წლის მანძილზე დასრულებული ფილმებიდან დრამა შეიძლება მხოლოდ ორ ფილმს - ლევან ზაქარეიშვილის ”თბილისი-თბილისს” და ლევან კოღუაშვილის ”ქუჩის დღეებს” ვუწოდოთო, - აღნიშნა მანანა ლეკბორაშვილმა.

თუმცა ფორუმზე ამ მოსაზრებას ყველა როდი დაეთანხმა. კინორეჟისორების უმრავლესობა ქართული კინოს პრობლემების მიზეზს ფინანსებში ხედავს - მათი განცხადებით, კინო აღარ არის ქართული კულტურის პრიორიტეტული სფერო, ამიტომაც ხელისუფლება უარს ამბობს კინოწარმოების გაფართოებაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული კინო დაფინანსების დასავლურ მოდელზე გადავიდა, რამაც, კინორეჟისორთა აზრით, ხელი შეუწყო იაფფასიანი ფილმების მომრავლებას ქართულ კინოში, იაფფასიანი იუმორით, უხამსი და ყოველგვარ მხატვრულ გააზრებას მოკლებული ეროტიკული სცენებით... მოკლედ, კომუნისტების დროს ცენზურა ზღუდავდა ავტორის თავისუფლებას, პოსტკომუნისტურ ეპოქაში კი პროდიუსერი, გამქირავებელი - ის, ვინც გადაღებისთვის ფულს იძლევა.

ფორუმზე მოხსენება წაიკითხა კიდევ ერთმა კინოკრიტიკოსმა, პაატა იაკაშვილმა. მისი თქმით, მაშინაც კი, როცა ქართულ კინოს ძალიან უჭირდა, ძიებები გრძელდებოდა. ძიების პროცესი მხოლოდ ახლა შეწყდა, როცა გაირკვა, რომ ყველა ფილმი არ შეიძლება იყოს ხელოვნების ნაწარმოები, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს ფილმი გაიყიდოს ხელოვნების ნაწარმოებზე უკეთესად.
ფორუმზე ბოლო 5 წლის მანძილზე გადაღებული ფილმები ცალ-ცალკე პაატა იაკაშვილმაც განიხილა. ქართველმა კინოკრიტიკოსმა იმედგაცრუება განსაკუთრებით ორი ფილმის - თემურ ბაბლუანის ”მემკვიდრეობისა” და დათო ჯანელიძის ”ჯაყოს ხიზნების” - ანალიზის დროს გამოხატა. პირველს დრამატურგია დაუწუნა, მეორე კი ლიტერატურული პირველწყაროს მიმართ ზედაპირულ მიდგომაში დაადანაშაულა. არადა, ქართველი კრიტიკოსის თქმით, ”ჯაყოს ხიზნების” ეკრანიზაცია უაღრესად აქტუალური შეიძლებოდა ყოფილიყო.

გამოსავალი, კრიტიკოსების აზრით, შემოქმედებითი რეფორმების ჩატარებაა. თუმცა კონკრეტულად როგორ უნდა ჩატარდეს ეს რეფორმა, ვინ უნდა ჩაატაროს, ამაზე არაფერი თქმულა და, როგორც ჩანს, ასეთი რეფორმების მოთხოვნილება საზოგადოებაშიც არ არის. ფორუმის ორგანიზატორებმა გულისტკივილი ვერ დამალეს: კინემატოგრაფისტთა თავყრილობის მიმართ სრულიად გულგრილი აღმოჩნდა ქართული მედია - მას არც ერთი ტელევიზიის ჟურანლისტი არ დასწრებია. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს - ფორუმი, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირში 5 წელიწადში ერთხელ ეწყობა, თითქმის სრულიად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. კინოხელოვნების დღევანდელ მდგომარეობაზე მსჯელობა თავად კინემატოგრაფისტებმაც არ მოინდომეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG