Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი ოცეულის“ სამიტზე ეკონომიკის გასაძლიერებელ ზომებზე შეთანხმდნენ


აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა "დიდი ოცეულის" სამიტზე
აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა "დიდი ოცეულის" სამიტზე
მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი 20 სახელმწიფოს ლიდერები კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული სამიტის შედეგად ორ მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ: შეკვეცონ დეფიციტი თავიანთ ბიუჯეტებში და მიმართონ ზომებს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ექსპერტების შეფასებით, საქმე ეხება ერთმანეთთან ძნელად შესათავსებელ ორ ამოცანას.

„დიდი ოცეულის“ ტორონტოს სამიტის ბოლოს მიღებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი და თან ვალებით დატვირთული ქვეყნები აპირებენ, 2013 წლამდე გაანახევრონ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები, ხოლო 2016 წლამდე მიაღწიონ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფოს ვალის თანაფარდობის შემცირებას, ან სტაბილიზაციას მაინც. იმავდროულად, სამიტის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იზრუნონ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე.

გამოდის, ტორონტოში გადაწყვიტეს, რომ საბიუჯეტო ხარჯებსაც შეკვეცენ და მასტიმულირებელ ზომებსაც მიმართავენ - ეს კი, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებაა.

უჩვეულო კომპრომისი, ექსპერტების განმარტებთი, სამიტის მონაწილეების განსხვავებულ შეხვედულებებს ასახავს.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტორონტოში ჩავიდა გაფრთხილებით, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე კონცენტრაციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ეკონომიკური აღმასვლის ჯერ გაუმყარებელ პროცესს და მსოფლიო ისევ რეცესიასთან დააბრუნოს. შესაბამისად, ობამა ეკონომიკის სტიმულირებისაკენ მიმართულ ზომებზე აქცენტს ემხრობა.
მეორე მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამ ბლოკის წევრი სახელმწიფოების დიდი ვალები და ბიუჯეტის დეფიციტები თავისთავად ხელს უშლის მდგრად განვითარებას და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, საბერძნეთის მსგავსი კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

სხვა საკითხებს რაც შეეხება, „დიდი ოცეულის“ განცხადება „ზოგ“ ქვეყანას მოუწოდებს საკუთარ ვალუტაზე დაწესებული კონტროლის შემსუბუქებისაკენ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გლობალური ვაჭრობისთვის უფრო სამართლიანი პირობების შექმნას. ამ მოწოდების ადრესატად ჩინეთი მიიჩნევა, რადგან მას სამიტამდეც ბევრჯერ მოუწოდეს იუანზე კონტროლის შესუსტებისაკენ: დასავლელი ექსპერტების შეფასებით, სხვა მნიშვნელოვან ვალუტებთან შედარებით იუანის კურსი ხელოვნურად დაწეულია 24-დან 40-მდე პროცენტით. ეს კი ხელს უწყობს ჩინეთიდან ექსპორტის სიიაფეს და მას უპირატესობას ანიჭებს სხვა ქვეყნებიდან ექსპორტთან მიმართებით.

ტორონტოში „დიდი ოცეულის“ სამიტის შედეგად - დადებით შედეგად - არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ მიღებული ზომებით, იუანის კურსი დღეს ყველაზე მაღალი იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.

დაბოლოს, ჩინეთს უკავშირდებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ტორონტოში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე წამოიჭრა: სამხრეთ კორეის ბრალდება ჩრდილოეთის მიმართ, რომ მან სამხრეთ კორეის სამხედრო გემი ჩაძირა, რასაც 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა.

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარ მოკავშირედ ითვლება, მისგან იღებს ფხენიანი ძირითად ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას. შესაბამისად, სწორედ ჩინეთს მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ჩრდილოეთ კორეის ქმედებაზე უკმაყოფილების გასაზიარებლად. როგორც ობამამ ტორონტოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მან ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს მოუწოდა, თვალს ნუ დახუჭავს ფხენიანის ქმედებაზე.

ობამას აზრით, „სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლიმ უაღრესად დიდი თავშეკავება გამოიჩინა ასეთ პირობებში და მეტად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარში ამოუდგეს მას და მკაფიოდ უთხრას ჩრდილოეთ კორეას, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს მასზე ზეწოლის გაძლიერებას, სანამ ჩრდილოეთი კორეა გადაწყვეტს, დაადგეს გზას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ მოწოდებას ფხენიანის მიერ არათუ კურსის შერბილება არ მოჰყოლია - მან დღეს განაცხადა, რომ ბირთვული აღჭურვილობის გაუმჯობესებას საჭიროებს შეერთებული შტატების „მტრული“ პოლიტიკის გამო. განცხადებაში, რომელიც კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, აღჭურვილობის გაუმჯობესების დეტალები დაზუსტებული არ არის.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოეთი კორეა „დიდი ოცეულის“ მომდევნო სამიტზეც აქტუალურ თემად დარჩება. მომდევნო სამიტს წელ, ნოემბერში უმასპინძლებს სამხრეთი კორეა. მასთან ერთად, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები არიან არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG