Accessibility links

სად იმოქმედებს აფხაზეთის "უცხოური პასპორტი"?


გალისა და ზუგდიდის რაიონების დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ენგურზე

გალისა და ზუგდიდის რაიონების დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ენგურზე

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ზაფხულიდან "უცხოური პასპორტების" გაცემა უნდა დაეწყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, ეს პროცესი ჯერჯერობით არ ამოქმედებულა. სოფელი ოტობაია ერთ-ერთია ოკუპირებულ რეგიონში, სადაც სოფლელების უმრავლესობას ე.წ. უცხოური პასპორტების მისაღებად გალის აფხაზურ საპასპორტოში დოკუმენტები აქვს ჩაბარებული. იმ ოტობაიელი რესპონდენტის ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, ნახევარ წელზე მეტია ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო მთავრობის წინასაარჩევნოდ დაპირებულ ახალ აფხაზურ პასპორტებს ელის, რომლითაც მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა და რუსეთში გამგზავრება უპრობლემოდ შეეძლებათ. "საპასპორტოში რომ მივდივართ, პასუხს არავინ გვცემს. სრული განუკითხაობაა. ექვს თვეზე მეტია, საბუთები ჩაბარებული გვაქვს და ამ დრომდე არ მიგვიღია. პასპორტი უფასოა, მაგრამ დოკუმენტების მოძიებას, ასლების გაკეთებას თანხა სჭირდება. ამასთან, 200 რუსული რუბლი უნდა გადავიხადოთ, თუმცა გვეუბნებიან, რომ ეს არ არის პასპორტის საფასური", - გვიხსნის ოტობაიელი რესპონდენტი.

ე.წ. უცხოური პასპორტიზაციის პროცესი, გალის რაიონის მსგავსად, მთელ აფხაზეთში რომ არ ამოქმედებულა, ამას სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაშიც ადასტურებენ. უწყების ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემულ "უცხოურ პასპორტს", მიუხედავად მისი სახელწოდებისა, საერთაშორისო თანამეგობრობაში, გარდა რუსეთისა, იურიდიული ძალა არ ექნება. "ევროკავშირის ქვეყნები - და არა მარტო ისინი, გარდა რუსეთისა - არ გასცემენ ასეთ პასპორტზე ვიზებს. ამიტომ ეს პასპორტი არის ფარატინა ქაღალდი. აფხაზეთის მოქალაქეები ისედაც მიდიან რუსეთში, რადგან ეს არის მისი შიდა გუბერნია", - ამბობს კილანავა.

რაც შეეხება "უცხოურ პასპორტს", მიმდინარე წლის მარტში დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მას მოქალაქეები ზაფხულიდან მიიღებდნენ. შამბას განმარტებით, "უცხოური პასპორტის" გაცემის შემდეგ ძალას დაკარგავს ამჟამად მოქმედი აფხაზური და ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტი, რომლის საშუალებითაც გალის რაიონის მოსახლეობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს, კერძოდ, ენგურის ცენტრალურ ხიდს, სადაც ამჟამად მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან. ბოლო ინფორმაციით, დანარჩენ გადასასვლელებს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG