Accessibility links

logo-print
გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ რუსი აგენტების დაკავებაზე რუსეთის პრესაში ინფორმაცია მწირია. აქცენტები ძირითადად ამერიკული წყაროების მიერ მოწოდებულ ცნობებზე კეთდება. გარდა ამისა, ქვეყნდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის რამდენიმეწინადადებიანი კომენტარი.

”ჩვენ არ აგვიხსნეს, რაშია საქმე. იმედი მაქვს, რომ აგვიხსნიან. ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მომენტი განსაკუთრებით მოხდენილად არის შერჩეული.”

ამ ისტორიას ზოგადად რუსული პრესა ეჭვის თვალით უყურებს. ”FBI-იმ თითქოსდა გახსნაო რუსული ჯაშუშური ქსელი”, წერს „ვედომოსტი“. „გაზეტა რუ“ სკანდალის სექციაში სტატიას ასე ასათაურებს: ”რუსი ჯაშუშები უჩინარი მელნით ამოიცნეს”. კომენტარების სექციაში მკითხველები კითხულობენ, რატომ გიკვირთო? რატომ არ შეიძლება ასეც იყოსო? თუმცა, როგორც ითქვა, ერთადერთი რეალური ინფორმაცია ამ საკითხზე ლავროვის პატარა კომენტარია.

თანამედროვე რუსეთში რეალობის რაციონალურ გააზრებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება „ნოვაია გაზეტა“ სოციოლოგს, მთარგმნელსა და ლიტერატორს ბორის დუბინს. სტატიაში ვკითხულობთ განათლების სისტემის ჩამორჩენილობაზე, დაბერებულ პროფესორთა კორპუსზე, გაჩერებულ თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე, განათლებისადმი ახალგაზრდების სამომხმარებლო მიდგომებზე, შემეცნებისა და უცხოური რესურსის მიმართ დაბალ ინტერესსა და ამის შედეგად ჩამოყალიბებულ რეალობის არარაციონალურ აღქმაზე.

დუბინის აზრით, ამის ღრმა მიზეზი ერის შინაგანი გადაღლილობა და ფასეულობათა სისტემის დაბერებაა, რაც, მისი აზრით, მოქალაქეთა ერთმანეთისა და საკუთარი თავისადმი დაბალი რწმენითა და თვითგანვითარების მიმართ ნაკლები ინტერესითაა გამოწვეული. ტოტალიტარიზმის პირობებში რუსეთი ინდივიდის მიმართ ურწმუნობით ხასიათდებოდაო, მიაჩნია დუბინს, და, აქედან გამომდინარე, მაშინ წარმოუდგენელი იყო ინდივიდს რამე შეეცვალაო. ეს ტენდენცია, დუბინის აზრით, დღემდე ცოცხალია:

”ღარიბი სოციუმის უკან არ დგას ცხოვრების იდეა, იდეა ინდივიდის ზრდისა... ჩვენ არ გვაქვს გააზრებული ხარისხის იდეა, სრულყოფილების იდეა, პატივისცემა მათი, ვინც მზადაა განვითარდეს.”

ერის ინდიფერენტულობას დუბინი მხოლოდ ტოტალიტარიზმს არ უკავშირებს. მისი თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს თანამედროვე პოსტმოდერნული ტენდენციებიც, როდესაც ზოგადად ჩამოყალიბებული იდეალები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა რუსულ სოციუმში, დუბინის აზრით, ეს პროცესები გაუაზრებლად მიმდინარეობს. საზოგადოება ამ პრობლემებზე არ საუბრობს და არ ფიქრობს. საერთოდ არ გვიყვარს სერიოზულ თემებზე მშვიდად საუბარიო, ამბობს დუბინი. ვსაუბრობთ მხოლოდ ემოციურად, თოქ შოუს რეჟიმშიო. ეს, დუბინის აზრით, ფუნდამენტური პრობლემების ხედვას კიდევ უფრო ართულებს.

მეორე საინტერესო სტატია „ნეზავისიმაია გაზეტაში“ ქვეყნდება. სტატიაში, რომელსაც ლენინგრადის გუბერნატორის ვალერი სერდიუკოვის ფოტო ახლავს, - სერდიუკოვი ვარდისფერ სათვალეს ირგებს, - საუბარია საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩინოვნიკთა ბოლომდე შენახვას ითვალისწინებს. გაზეთის მიხედვით, ხელმძღვანელ ჩინოვნიკთა უმრავლესობა ბოლომდე პირადი დაცვით, სახელმწიფო მანქანით, აგარაკებით, უფასო დასვენებით, დაზღვევით და სხვა პრივილეგიებით სარგებლობს. „ნეზავისიმაია“ ავითარებს აზრს, რომ ამ გზით სახელმწიფო ყოფილი ჩინოვნიკების კორუფციულ გარიგებებში ჩართვისგან იზღვევს თავს. მავნე ჩვევისგან ჩინოვნიკთა და, შესაბამისად, სახელმწიფოს დაცვა, ბუნებრივია, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ხდება. შედარებისთვის „ნეზავისიმაია გაზეტას“ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოჰყავს, შტატებისა, სადაც მსგავსი პრივილეგიებით, როგორც სტატიის ავტორი ამბობს, მხოლოდ პრეზიდენტი სარგებლობს.
XS
SM
MD
LG