Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა


უკანასკნელი ათი წელი დემოკრატიული მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების „დაქვეითების ათწლეულია“ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 29 ივნისს რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ოფისში გაიმართა.

ანგარიშის თანახმად, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს - 220 მილიონ ადამიანს - ცხოვრება ავტორიტარული მთავრობის პირობებში უწევს. თუმცა, „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა და საქართველო, სადაც არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა.

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში, სახელწოდებით „გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები“, ევროპისა და ევრაზიის 29 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში ჩატარებული ყოველწლიური კვლევის მონაცემებს ასახავს. ანგარიშის თანახმად, ამ სივრცეზე შეიმჩნევა გაუარესება ყველა პარამეტრის მიხედვით: დემოკრატიის უკუსვლა, ადგილობრივი და ცენტრალური მართვის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საარჩევნო პროცესის რეგრესი, ხელმისაწვდომი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა და ძლიერი კორუფცია.

ქრისტოფერ უოკერი
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის ქრისტოფერ უოკერის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში, ე.წ. „პუტინ-მედვედევის“ ეპოქაში:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანგარიში განიხილავს იმას, რასაც პირობითად ვუწოდებთ „პუტინ-მედვედევის ეპოქას“ და აშკარაა, რომ ეს არის პერიოდი, როცა ზიანი მიადგა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ანგარიშგებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ. ამის მოწმენი ვიყავით როგორც ეკონომიკის აღმასვლის, ისე მისი დაღმასვლის წლებში. ჩვეული ქარგა, ჩვეული მოდელი იყო ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე ზეწოლის მოხდენა და მათი დასუსტება.“

ქრისტოფერ უოკერის თანახმად, რუსეთის ამ ქმედებას ზემოქმედების ეფექტი აქვს მეზობელ ქვეყნებზე და სტიმულს აძლევს მათი ლიდერების ავტორიტარულ მისწრაფებებს.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში დემოკრატიული განვითარება შეფერხებულია ყაზახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა მიმდინარე წლის განმავლობაში ეუთოს თავმჯდომარეობს. ვითარება გაუარესდა აზერბაიჯანში, სადაც გასულ წელს მოქმედ პრეზიდენტს უფლება მიენიჭა შეუზღუდავად იყაროს კენჭი ამ პოსტზე. ყირგიზეთში კი მედიის შეზღუდვამ 2005 წლის ტიტების რევოლუციის შემდეგ კატასტროფული ხასიათი მიიღო, რაც ერთ-ერთი იყო იმ მიზეზთა შორის, რამაც ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის დამხობა განაპირობა.

თუცმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში აღნიშნულია გამონაკლისიც. ქრისტოფერ უოკერის თანახმად, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის, პლურალისტური და დემოკრატიული მედიის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია უკრაინამ. ანგარიშის თანახმად, უკრაინა და საქართველოა ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, სადაც არც ავტორიტარული რეჟიმი არსებობს და არც ნახევრად ავტორიტარული:

„ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ მედია, სამოქალაქო საზოგადოება და არჩევნები მთელ რეგიონში სერიოზულ პრობლემებს აწყდება, უკრაინამ მართლაც თავი გამოიჩინა. ჩემი აზრით, მსოფლიო ზედმიწევნით დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ამ სფეროებში ვითარება არ გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომელთა მოწმენი მიმდინარე წელს გავხდით.“

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში, სახელწოდებით „გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები“, ასახავს მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2009 წელს. თუმცა 2010 წლის თებერვლიდან, უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ, გახშირდა მედიის თავისუფლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვის ფაქტები, რაც უფლებადამცველების შეშფოთებას იწვევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG