Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ბელგია გახდება


პირველი ივლისიდან ევროპის კავშირის თავმჯდომარეობას ესპანეთისგან ბელგია ჩაიბარებს. საკუთრივ ამ სახელმწიფოში განხეთქილებაა ორ სხვადასხვაენოვან ჯგუფს შორის, რასაც პოლიტიკური კრიზისის სახე აქვს. ბელგია მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში აპირებს აქცენტი ეკონომიკაზე გააკეთოს. სამეზობლო პოლიტიკა და გაფართოება ამ დროს, ალბათ, უკანა პლანზე გადაიწევს 2011 წლამდე, როცა ჯერ უნგრეთი და შემდეგ კი პოლონეთი ჩაუდგება სათავეში ევროპის ბლოკს.

ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გარდა, ბელგია თავმჯდომარეობის პერიოდში აპირებს აამუშაოს ევროპის კავშირის ახალი დიპლომატიური მექანიზმი, „საგარეო მოქმედების სამსახური“. ეს იქნება შედარებით მცირე საკითხი საგარეო პოლიტიკაში, რადგან, როგორც ითქვა, სამეზობლო პოლიტიკა თუ გაფართოება უკანა პლანზე გადაიწევს ბელგიის თავმჯდომარეობის პერიოდში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ არენაზე ამ სამსახურის ამოქმედება ყველაზე მეტ ენერგიას წაიღებს მომავალ ექვს თვეში. ახლახან მორიგდნენ წევრი ქვეყნები და ცენტრალური უწყებები, რომ საგარეო მოქმედების სამსახურმა წლის ბოლოსთვის დაიწყოს ფუნქციონირება. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტევენ ვანაკერემ გასულ კვირაში თქვა, რომ ეს საქმე მისი, როგორც ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის, პრიორიტეტი იქნება:

„ვფიქრობ, რომ ეს საქმე მსოფლიოში ევროპის როლისა და გავლენის საფუძველია და რომ კეტრინ ეშტონის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის წლისთავზე, წელს, პირველ დეკემბერს, საგარეო მოქმედების სამსახურის ამუშავება რეალობაა.“

ამ სამსახურს არ ექნება საგარეო პოლიტიკის წარმმართველის ფუნქცია, მაგრამ ის საშუალებას მისცემს კავშირის 27 ქვეყანას ერთხმად იმოქმედონ. აქვე გეტყვით, რომ სამსახურის შექმნას ლისაბონის ხელშეკრულება ითვალისწინებს. კეტრინ ეშტონი საგარეო საქმეთა საბჭოს, რომელშიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, უკვე თავმჯდომარეობს. ის, ვანაკერეს თქმით, დარჩება ამ პოსტზე, რათა საკუთარ წამოწყებებს ბოლომდე მისდიოს. თუმცა რეალურად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა მორიგეობის პრინციპს ეფუძნება, ბლოკის პრიორიტეტზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას შესამჩნევად ასუსტებს. გაისად, როცა ჯენ უნგრეთი და შემდეგ კი პოლონეთი ჩაუდგება სათავეში ევროკავშირს, ისინი აღმოსავლეთ ევროპისკენ გადაიტანენ ყურადღებას. ამ საკითხის მიმართ ესპანეთი, რომლის თავმჯდომარეობა ახლა სრულდება, ნაკლებ ინტერესს იჩენდა.

რაც შეეხება ბელგიას, საფიქრებელია, რომ თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში გაფართოების საკითხში მასაც განსხვავებული პოზიცია ექნება. პრემიერ- მინისტრმა ივ ლეტერმმა პარასკევს ბალკანეთის ქვეყნებზე ილაპარაკა. მისი განცხადების თანახმად, ამ სახელმწიფოების მომავალი გარკვეულია. მაგრამ ლეტერმმა ცივი წყალი გადაასხა ხორვატიის იმედს, რომ წელს დასრულდებოდა მისი ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკება:

„ბელგიისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ხორვატიასთან მოლაპარაკების ეს დოკუმენტები იქნეს განხილული იმ წინსვლის გათვალისწინებით, რომელსაც დისკუსიის გზით მიაღწიეს. ეს არ არის პირველ რიგში პოლიტიკური შეფასების საკითხი.“

ლეტერმიცა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანაკერეც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბელგია მომავალ ექვს თვეში იქნება „პატიოსანი გამრიგებელი“ წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის უწყებებს შორის. ამ ურთიერთობებში სიმწვავე შეიტანა ლისაბონის ხელშეკრულებამ. ბელგია ორწელიწად-ნახევარი ემზადებოდა ევროკავშირის მე-12 პრეზიდენტობისთვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის სამუშაო პროგრამას პარლამენტის 150 წევრიდან მხარს უჭერს 130 და მას ასევე ბელგიის ფედერალური და რეგიონალური მთავრობები მიესალმნენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG