Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განცხადებით, აშშ-ში დაპატიმრებულ სავარაუდო ჯაშუშებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან


რუსეთის განცხადებით, აშშ-ში აგენტებად საქმიანობაში ეჭვმიტანის საფუძველზე დაპატიმრებულ ათ ადამიანს შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან და მათ, როგორც მოსკოვი ირწმუნება, არაფერი გაუკეთებიათ ამერიკის ინტერესებისთვის ზიანის მისაყენებლად. შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს გააკეთა განცხადება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი პირის დაპატიმრების შესახებ. რუსეთის საგარეო უწყება, ეჭვმიტანილების დაკავების საკითხზე გაკეთებულ განცხადებაში, ვაშინგტონს მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნეს დაპატიმრებულებთან რუსეთის საკონსულოს თანამშრომლებისა და ადვოკატების კონტაქტი. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატები საკითხს გაგებით მოეკიდება, გაითვალისწინებს რა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის "დადებით ხასიათს". ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, დღეს თავის რეზიდენციაში შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრის დროს. როგორც პუტინმა განაცხადა: „თქვენთან თურმე პოლიცია დატრიალებულა და ხალხი დაუპატიმრებია. თუმცა, ყველა ასე, თავის საქმეს აკეთებს. მე იმედი მაქვს, რომ ის პოზიტიური მუხტი, რომელიც ბოლო დროს დაგროვდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში, ამით არ დაზარლდება“.
XS
SM
MD
LG