Accessibility links

1 ივლისს, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს გამოცდების ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, საერთო სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ჩაატარებს. საგამოცდო პროცესში 1300-მდე კურატორი და მეთვალყურეა ჩართული.

საქართველოს განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 თავისი ხარისხითა და მომზადების დონით ტოლს არ დაუდებს ყველა წინამორბედ გამოცდას. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი, როგორც განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება. გამოცდების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირების მიზნით წელსაც გაიხსნა გამოცდების მედიაცენტრი, რომლის პრეზენტაციაზეც განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საგანგებოდ გაუსვა ხაზი საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას:

”მე როდესაც ვახსენე სიტყვა „გამჭვირვალობა“, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ნამდვილად ასე წარიმართება მომდევნო თვე. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ტესტებს, რომელიც დაიბეჭდა არასაქართველოში და არც ერთი ტესტი არა გვაქვს წაკითხული, იმდენად, რამდენადაც ის არის დალუქული.”

საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება ეროვნული ბანკისა და ”ლიბერთი” ბანკის საცავებიდან გამთენიისას, გამოცდებამდე ორსაათ-ნახევრით ადრე მოხდება, ტექსტებს საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანენ. საგამოცდო პროცესის მომსახურებაში ამ უწყებების 30-მდე ბრიგადაა ჩართული.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან საკონკურსოდ აკადემიური მიმართულებით 33 000 ადგილია გამოცხადებული. რეგისტრირებული და მისაღები აბიტურიენტების თანაფარდობა, ერთი შეხედვით, მაღალი კონკურსის პირობას არ იძლევა, თუმცა არის ფაკულტეტები, სადაც 1 ადგილზე პრეტენზიას 8-9 ადამიანი აცხადებს. აბიტურიენტებისთვის, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც ყველაზე მიმზიდველი ფაკულტეტებია ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა. კონკურსია ასევე სოციალური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩარიცხვა სურს ჩვენს რესპონდენტსაც.

”მე ვარ ნინო თუფალაშვილი, დედოფლისწყაროდან. ვაბარებ ეროვნულ გამოცდებს. პირველი გამოცდა მაქვს ქართულ ლიტერატურაში. არ მეშინია, კარგად ვარ მომზადებული.”

ნინოსა და მისი ოჯახის მიზანი, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის გარდა, სახელმწიფო გრანტის მოპოვებაცაა. სახელმწიფო გრანტი, თანადაფინანსების პრინციპით, წელსაც 100, 70, 50 და 30 პროცენტს მოიცავს. 100 პროცენტიანი დაფინანსება 2250 ლარით განისაზღვრება. სახელმწიფო გრანტისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ფიქრობს, დაფინანსებას, სავარაუდოდ, 9 000-მდე აბიტურიენტი მიიღებს. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწორედ დაფინანსების მოპოვების წესს შეეხება.

”დაფინანსების პრინციპი შეიცვალა. სახელმწიფო გრანტი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგებზე, გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის საგნობრივი ცოდნა, ანუ 4 გამოცდის შედეგებზე გაიცემა სახელმწიფო გრანტი. ჩვენ შესაძლებლობა გაგვიჩნდა ოთხივე გამოცდის შედეგები გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ყველა აბიტურიენტი 4 გამოცდას აბარებს. ესეც მნიშვნელოვანი სიახლეა.”

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010-ის სიახლეებს შორისაა ასევე ის, რომ ნაცვლად საბუნებისმეტყველო ან საზოგადოებრივი მეცნიერებებისა, აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ ისეთ კონკრეტულ დისციპლინებში, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია და გეოგრაფია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010-ის პირველადი შედეგები აგვისტოს პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG