Accessibility links

logo-print
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა ფილმი სახელწოდებით ”დაწიოკება საქართველოს სახელით”. ფილმის შემქმნელებმა კონკრეტული მაგალითების განხილვით სცადეს ეჩვენებინათ, თუ როგორ ხდება კონფლიქტურ ზონაში პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ადამიანებით მანიპულირება. 40 წუთიანი ფილმის ნახვა დღეიდან მოქალაქეებს ინტერნეტში შეეძლებათ.

„ლიცენზია მკვლელობაზე“, „გამქრალი უფლებები“, „რეპრესიული დემოკრატია“, „ვარდების შემდეგ ეკლები“ - ეს არის სათაურები ჟურნალებისა, რომლებიც კინოს სახლის მოსაცდელში მცირე ფურშეტთან ერთად დაგვხვდა. ფილმის დაწყების მოლოდინში ჟურნალები გადავათვალიერე. ყველა მათგანი ინგლისურადაა. დამაინტერესა. შეკითხვით ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს მივმართე. უჩა ნანუაშვილი:

„ძირითადად ჩვენ ვამზადებთ ამ ანგარიშებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, დიპლომატიური სტრუქტურებისთვის. შესაბამისად, მათ ვაწვდით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომლებიც ქართულმა საზოგადოებამ ძირითადად მაინც იცის.“

რამდენად ამ მიზეზის გამო დაიწყო 40 წუთიანი ფილმის ჩვენება კინოს სახლის ნახევრად ცარიელ დარბაზში, ძნელი სათქმელია. სკამების დიდი ნაწილი თავად ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებმა, რამდენიმე ჟურნალისტმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეავსეს.

დროის უდიდესი ნაწილი ფილმში ერთი გმირის - გიორგი ხეთაგურის -ისტორიას ეთმობა, რომელსაც თავად ფილმის გმირი ჰყვება ქართულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით. ხეთაგურის ისტორია მარტივია: სამხრეთ ოსეთში კავშირების მქონე აქტივისტს ქართველი სამართალდამცავები აკავებენ და ვითომდა იმის გამო, რომ ნარკოტიკული ნივთიერება უპოვეს, აპატიმრებენ. სინამდვილეში სამართალდამცავებს, ფილმის გმირის სიტყვით, სულ სხვა რამ ამოძრავებთ:

„მითხრეს, ზუსტად ისეთი ადამიანი გვინდა, როგორიც შენ ხარო, პირდაპირ მითხრეს, ადამიანი, რომელიც მიდის-მოდისო, კარგად იცნობს იქაურ სიტუაციასო. შემდეგ უკვე დაკითხვებზე იმასაც კი მეკითხებოდნენ, რა ადგილას იმყოფებოდა ამა თუ იმ ადამიანის კაბინეტი.“

მოკლედ, ფილმის მიხედვით, გიორგი ხეთაგური თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ამის გამო რამდენიმე თვეს უდანაშაულოდ ციხეში ატარებს. ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია ისტორია, რომელსაც უფლებათა ცენტრის კამერის წინ მხოლოდ ერთი მხარე ჰყვება, თუმცა ერთი რამ ფაქტია: რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი საკუთარ დასკვნაში კონფლიქტურ მხარეებს მოუწოდებდა ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალათ. ფილმიც სწორედ ამ იდეის განვითარებას ცდილობს - პრობლემა ცენტრალიზებულად იქმნება და პოლიტიკას ადამიანები ეწირებიანო. მაგალითად, ფილმში ჩანს სატელეფონო ჩანაწერი პოლიციის ერთ-ერთ ადგილობრივ ჩინოსანთან, რომელიც ამბობს, რომ იგი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ემორჩილება. სადაა პრობლემის ძირი? ფილმის დასრულების შემდეგ ჩვენ მიკროფონით ოს ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

- რა თქმა უნდა, საზოგადოებიდან მოდის პრობლემა, სისტემა სხვა რა არის?
- სისტემიდან მოდის. სისტემა უკარნახებს საზოგადოებას, როგორ მოიქცეს. ახლა ამ ფილმში მამაკაცი რომ დაიჭირეს, საზოგადოებამ ხო არ გააკეთა ეს, გააკეთა სისტემამ.

თუმცა სისტემაც ფილმში კონრეტული ადამიანებით არის წარმოდგენილი. მაგალითად, პოლიციის ჩინოსანი, რომელიც, ხეთაგურის გადმოცემით, მას ეუბნება, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ოსი არ გამოსწორდება და, საერთოდ, გრეიდერი რო მოგაყენოთ და საზღვრის იქით გადაგყაროთ, ღირსები ხართ რუსების ხელში ჩავარდნისო.

ან, მაგალითად, სოზარ სუბარი, რომელიც ჰყვება გენერალურ პროკურორთან თავის შეხვედრაზე, სადაც მსგავსი პრობლემა დაისვა. ფილმის ავტორი გიორგი ჯანელიძე:

„როდესაც ამის შესახებ მაშინდელ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ესაუბრა, ადეიშვილს უთქვამს, აბა რა გინდა, უნდა ეშინოდეთო... და სოზარის ციტატა მომყავს ფილმში. ის ამბობს, როცა შენს მოქალაქეებს ყოფ ვიღაცებად, ვისაც უნდა ეშინოდეს და ვიღაცებად, ვისაც - არა, ეს არის რასიზმი და ნაციზმიო.“

რამდენად ღრმაა ეს პრობლემა, ძნელი სათქმელია. ერთს გავიხსენებ. რამდენიმე კვირის წინ საქართველოზე წიგნის ავტორი, შვედი პოლიტიკოსი პერ გარტონი, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, როგორც კი წინა პლანზე საზღვარი და არა თავად ადამიანი დგება, ბუნებრივია, მაშინვე ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანი თავად ეს უსულო საზღვარი ხდებაო. აქ, ალბათ, მნიშვნელობა არა აქვს ვინ აყენებს საზღვარს წინა პლანზე, მთავრობა თუ საზოგადოება - იდეაში მთავრობა ხომ თავად საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს, საზოგადოებისა, რომელიც დღეს კინოს სახლში მხოლოდ რამდენიმე ადამიანით იყო წარმოდგენილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG