Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ კონფლიქტის ზონის სოფლები გააჩანაგა


გუშინდელმა სეტყვამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. დიდი და პატარა გარეჯვარი, კარალეთი, სკრა, ზერტი, ბერბუკი, თედოწმინდა- ეს სოფლები ნახევარი საათის განმავლობაში ისეტყვებოდა. განადგურებულია ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები, ვენახები. დაიხოცა შინაური ფრინველი. ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

დასეტყვილი სოფლების მოსახლეობა მოსავლის სრულ განადგურებაზე საუბრობს. ნახევარ საათში სეტყვამ ხილი მთლიანად ძირს ჩამოყარა, ხეებზე კი თითო-ოროლა ფოთოლი დარჩა. სოფელ კარალეთში ხანშიშესულებსაც კი არ ახსოვთ ამ ხანგრძლივობისა და ზომის სეტყვა. 80 წლის რუსუდან ხარიბეგაშვილი ძირს მოფენილი ხილ-ბოსტნეულის გამო ცრემლებს ვერ იკავებდა.

კარალეთის თემის რწმუნებულმა ზვიად ბერიანიძემ მუნიციპალიტეტის ხელისუფლება საქმის კურსში ოპერატიულად ჩააყენა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია ზარალის შემსწავლელი კომისია როდის დაასრულებს მუშაობას. მოსახლეობა კი დახმარებას სასწრაფოდ ითხოვს.
XS
SM
MD
LG