Accessibility links

logo-print

როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტი


აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აშშ-ის მთავრობის ფულითა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აპირებს. 30 ივნისს, ”პარლამენტის გაძლიერების პროგრამის” პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის მთავრობას შორის. რას გულისხმობს პარლამენტის გაძლიერების პერსპექტივა და რა ძირითად პრინციპებს უნდა დაეყრდნოს ეს პროცესი?

იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს, მან უნდა გააუმჯობესოს ამომრჩევლებთან ურთიერთობის ფუნქცია, უნდა აამაღლოს დებატების ხარისხი საკანონმდებლო ინიციატივების გარშემო, უნდა იმუშაოს უფრო გამჭვირვალე რეჟიმში, წარმატებით უნდა განახორციელოს ინსტიტუციური რეფორმა და გააძლიეროს საკუთარი საზედამხედველო ფუნქცია - ეს არის მიზნები, რომელთა მიღწევასაც 30 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც ხსენებულ პროგრამას ამერიკის მთავრობის ხანგრძლივი დახმარების კონტექსტში განიხილავს:

ჯონ ბასი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
”შეერთებული შტატები მრავალი წლის მანძილზე უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საქართველოს დემოკრატიული კულტურის განვითარებას. და მე მოხარული ვარ, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ელემენტები პროცესს გააგრძელებს ორივე მიმართულებით.”

შეერთებული შტატების მთავრობა განაგრძობს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის, მხარდაჭერას და ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოების მეტ ჩართულობას საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისა და საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში. გამჭვირვალე მუშაობის ამ კომპონენტზე საუბრისას მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ არასამთავრობო ორგანიზაციათა სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივას პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზადყოფნას გამოხატავს იმისთვის, რომ უფრო აქტიური კონტაქტი დამყარდეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან:

”არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კანონების განხილვაში, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საკომიტეტო მუშაობაში და პირველ რიგში გაუმჯობესდება მუშაობა სწორედ კომიტეტებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მუშაობენ შესაბამის საკითხებზე...”

დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ჯერ არ მიუღია საბოლოო სახე, აუცილებლად გაზრდის პარლემენტის როლს, თუმცა ძალისხმევა კონსტიტუციით გაწერილი როლის ეფექტიანად შესრულებასაც სჭირდება და სწორედ ამ ჭრილში ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე ახალი პროგრამის აუცილებლობას. ამ აუცილებლობას პროგრამის უშუალო შემსრულებელი მხარის - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც უსვამს ხაზს:

”კონსტიტუციაში ინიცირებული იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც გააძლიერებს საპარლამენტო როლსა და პასუხისმგებლობას, მეტად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ასევე პარტიული ფრაქციების ლიდერებმა უფრო აქტიური დიალოგი გამართონ არასამთავრობო სექტორთან, პრესასთან და მოქალაქეებთან იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს მათი პრიორიტეტები კანონმდებელთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.”

პარლამენტის გაძლიერების პროგრამის უმთავრესი ამოცანაა საკანონმდებლო ორგანოს, ასე ვთქვათ, გამჭვირვალე სიძლიერის უზრუნველყოფა და მისი ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების მიმართ. მხარეები თანხმდებიან, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის გაძლიერებამ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და, ამდენად, მისი პოზიტიური შედეგი, უპირველეს ყოვლისა, ისევ ხალხმა უნდა იგრძნოს. დაბოლოს, ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს პარლამენტის გაძლიერების 3-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად შეერთებული შტატების მთავრობა 4 მილიონ დოლარს გამოყოფს.
XS
SM
MD
LG