Accessibility links

logo-print

“ღია ცის” ახალი მოთამაშეები


აირზენას თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში

აირზენას თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში

დღეიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანია "სიბირი" თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას იწყებენ. ქართულმა მხარემ რუს კოლეგებთან პარიტეტულ რეჟიმში თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებასთან დაკავშირებით მიაღწია შეთანხმებას. ორივე კომპანია რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს, მაგრამ სხვადასხვა დღეებში.

"სიბირი" რეისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეასრულებს, ხოლო Georgian Airways თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს რუსეთში ჩარტერული რეისების შესრულების ნებართვა კიდევ ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian International Airlines სთხოვა. კომპანიის გეგმებში შედის ჩარტერული რეისების შესრულება მოსკოვის, სოჭის, როსტოვის, მინერალური წყლების, სამარისა და ეკატერინბურგის მიმართულებებით.
რეისების შესრულებას ავიაკომპანია ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გეგმავს.

პარალელურად ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე პოლონური ავიაკომპანია "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" შემოვიდა. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, ავიაკომპანიის ფრენის განრიგი უკვე დამტკიცდა. "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" პირველი სექტემბრიდან ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოს ავიაბაზარზე "ყატარის ავიახაზებიც" შემოდის. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენის ლეგალიზების ორგანიზების პროცედურა დაიწყო, რის შესახებაც ავიაკომპანიას ეცნობა. "ყატარის ავაიხაზები" 10 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ღია კარის დღეს აწყობს, სადაც ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლად მუშაობის მსურველებს შეარჩევს.

საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებზე ბილეთების მაღალ ფასს ეკონომიკის მომავალი მინისტრი აპროტესტებს. ვერა ქობალია საერთაშორისო ფრენებზე ბილეთების სიძვირეს გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი განმარტებით, დღეს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოფრენა დაახლოებით 500-600 ევრო ჯდება, რაც ძალიან ძვირია. ამიტომ აუცილებელია საქართველოში შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც ფრენებს 50-100 ევროს ღირებულებით განახორციელებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG