Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმუხურის ქართულ საგუშაგოზე თავდასხმა მოხდა


დავით ბეჭვაია, დაჭრილი პოლიციელი
დავით ბეჭვაია, დაჭრილი პოლიციელი
გამთენიისას, დაახლოებით 3 საათზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქართული პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც ოკუპირებულ სოფელ ოტობაიასთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარეობს.

რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტის ვარაუდით, ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა ოკუპირებული რეგიონიდან განხორციელდა და მას რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოებდნენ. მისივე ცნობით, სროლას, რომელიც დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდა, წინ უძღოდა რუსი ჯარისკაცების გადაადგილება სამხედრო მანქანებით ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით. ოტობაიელმა მამაკაცმა უსაფრთხოების მოტივით ჩაწერაზე უარი განაცხადა.

სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი პოლიციელი დავით ბეჭვაია, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრიდან 100 მეტრის მოშორებით არსებულ საგუშაგოზე წელიწადნახევარია მსახურობს. იგი ამჟამად ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, სადაც რადიო თავისუფლებას უამბო თავდასხმის შესახებ.

”დაახლოებით დილის 3 საათი იყო, როდესაც ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრს ვათვალიერებდი. ჩემი ვარაუდით, სნაიპერმა მესროლა. პირველი ტყვია ამცდა. მინდოდა საგუშაგოს ამოვფარებოდი, მაგრამ მეორე გასროლისას ფეხში დამჭრა და დავეცი. თავდაცვის მიზნით საპასუხო სროლა დავიწყე. შემდეგ ბიჭები მოვიდნენ და მათაც ისროლეს. ვფიქრობ, სნაიპერმა შაშხანა მესროლა”, - ჰყვება ქართველი პოლიციელი.

ქართული პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებული თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის, - ამბობს პოლიციელი დავით ბეჭვაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში. შარშან განხორციელებული თავდასხმისას არავინ დაშავებულა. დაჭრილი ქართველი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც თავად ამბობს, დამაკმაყოფილებელია და თავს მხნედ გრძნობს.

აფხაზეთის მხრიდან სოფელ განმუხურის დაცხრილვა უარჰყო ოკუპირებული გალის რაიონის მილიციის უფროსმა ვადიმ ღვინჯიამ. მან სააგენტო აფსნიპრესს განუცხადა, რომ არანაირი სროლა არ ყოფილა, გავრცელებული ინფორმაცია კი - უსაფუძვლოა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს აფხაზეთის განყოფილების წარმომადგენელმა ვასილი მალაევმა ამავე სააგენტოს განუცხადა, რომ სოფელ ოტობაიასთან მდებარე საგუშაგოსთან ღამის 3-დან 4 საათამდე შუალედში სროლის ხმა მართლაც ისმოდა. მალაევმა თქვა: ”როგორც ჩანს, ქართულ ტერიტორიაზე ისროდნენ, რადგან გალის რაიონში ღამემ მშვიდად ჩაიარა და რაიმე ინციდენტი არ მომხდარა”.

სოფელ განმუხურში მომხდარი ფაქტის გამო საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG