Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ”თბილავიამშენს” თავდაცვის სამინისტროში?


რევაზ ჭარბაძე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა (მარცხნივ) და პანტიკო თორდია, თბილავიამშენის დირექტორი
რევაზ ჭარბაძე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა (მარცხნივ) და პანტიკო თორდია, თბილავიამშენის დირექტორი
სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს იძენს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც უკვე წლებია გახლავთ თავად თავდაცვის სამინისტრო. 1 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში ისიც ითქვა, რომ ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება. თუმცა ”თბილავიამშენის ” სახელმწიფო სტრუქტურასთან ასეთ მოულოდნელ მიერთებას ეჭვის თვალით შეხედეს ექსპერტებმა სამხედრო და ეკონომიკის სფეროებში და ეს ამბავი სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მითვისების კიდევ ერთ ფაქტად შეაფასეს.

”თბილავიამშენში”, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ქართული საწარმოა, არ იგეგმება საკადრო ცვლილება, არ შეიცვლება კომპანიის ძირითადი გეგმები, მაგრამ ის დღეიდან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შევა, - განუცხადა მედიას პირველ ივლისს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რევაზ ჭარბაძემ.

საავიაციო ქარხნის სახელმწიფოს მმართველობაში გადაცემის ფაქტი დაადასტურა „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამაც და აღნიშნა, რომ მიესალმება ქარხნის ბაზაზე სამხედრო მრეწველობის კომპლექსის ჩამოყალიბების სახელმწიფო გეგმას:

”ამ კომპლექსის შექმნა სერიოზულად გააუმჯობესებს სიტუაციას ჩვენს კოლექტივში, გარანტირებული ვიქნებით შეკვეთებით და, როგორც ვიცი, ეს პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.”

თუმცა ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა გააჩინა. რა ინტერესი აქვს თავდაცვის სამინისტროს „თბილავიამშენში“, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სამხედრო საჰაერო სარდლობა გაუქმებულია და, პირიქით, რატომ შევიდა სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენლობაში „თბილავიამშენი“? თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე განმარტავს, რომ ეს გაერთიანება ორივე მხარისათვის მომგებიანია, რომ მათ შორის არსებული თანამშრომლობის პროცესში არაერთი პროცედურა გამარტივდება.

აქვე გეტყვით, რომ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ (ყოფილი "თბილისის საავიაციო ქარხანა") 1941 წელს შეიქმნა. დღეს „თბილავიამშენში“ 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „თბილავიამშენი“ სუ-25 ტიპის თვითმფრინავის საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მფლობელია. ის არის ერთადერთი ქარხანა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავის ყველა დეტალს აწარმოებს და აწყობს. ამას გარდა, ქარხანაში აწყობენ მცირე ჰესებს, გათბობის ხელსაწყოებს. 1998 წლამდე „თბილავიამშენის“ 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იყო. 2002 წელს ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და ათი წლით მმართველობის უფლებით გადაეცა „თბიალვიამშენს“ და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს პანტიკო თორდიას. ტენდერის გამოცხადების პერიოდში თორდია პრესასთან აცხადებდა, ”ჩვენ არ გვინდა პატრონი, ჩვენ გვჭირდება პარტნიორიო”. „თბილავიამშენის“ ოფიციალურ საიტზე კი ვკითხულობთ, რომ 2004 წელს „თბილავიამშენმა“ სახელმწიფოსგან გამოისყიდა 90% აქციებისა 67 მილიონ დოლარად, ხოლო აქციების დარჩენილი ათი პროცენტი მომსახურე პერსონალზე გადანაწილდა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „თბილავიამშენისა“ და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანების ფაქტში მოულოდნელს და გასაოცარს ვერაფერს ხედავს:

”რამდენჯერ გვინახავს ბოლო პერიოდში სცენა, როდესაც ბიზნესი აბარებს ხელისუფლებას თავის აქტივს და თან მადლობას ეუბნება ამისთვის. რა არის აქ გასაკვირი? რაც შეეხება პანტიკო თორდიას, ის ყოველთვის ხელისუფლების ნაწილი იყო და მას დამოუკიდებელ ბიზნესმენად ვერ მოვიაზრებ. მან პატრონს დაუბრუნა ის, რაც ამ პატრონმა მას თავის დროზე მისცა...”

„რამდენად რეალურია სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბების იდეა?“ - ჰკითხა რადიო თავისუფლებამ ექსპერტს სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძეს:

” ცალკე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, გარდა ჩინეთისა და, ზოგადად, კომუნისტური რეჟიმებისა.”

კაციტაძე ასევე განმარტავს, რომ საავიაციო ქარხანას აქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ განვითარებადი ქვეყნებისათვის მისაღები ავიაპროდუქცია აწარმოოს. ექსპერტი ვერ ხედავს ლოგიკას თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათ ავიაციაზე ჯარში საერთოდ უარი თქვეს. ამიტომ თავდაცვის უწყების ერთადერთი ინტერესი, კაციტაძის შეფასებით, შემდეგია:

„ ღია გამოცემების მიხედვით, ”თბილავიამშენის“ თვითმფრინავები იყიდება და თითოეული მათგანი რამდენიმე მილიონი ღირს და, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა გადაწყვიტეს ეს მოგება მათ ჯიბეში გადასულიყო. მე სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ, თუ ქმნიან რაიმე სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, უნდა შექმნილიყო რაიმე კონცეფცია, კანონმდებლობის ცვლილება მომხდარიყო. ვინ აწარმოებს ამ ტექნიკას, სამხედროს გარდა რა ტექნიკა იქნება... ქარხანას ”დავითრევ” და კომპლექსი შეიქმნება - ეს ზღაპარია.”

პირველ ივლისს გავრცელდა "სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის" განცხადებაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "თბილავიამშენის"თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლამ შესაძლოა ამ საწარმოს კუნკურენტუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენოს. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ "თბილავიამშენის" შესვლა სამხედრო უწყების შემადგენლობაში გადასახადის გადამხდელთა და თავად საწარმოს თანამშრომლებისთვის დამატებით განმარტებებს საჭიროებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG