Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დაგვიანებული ვიზიტი საქართველოში


ევროპის საბჭო, სტრასბურგი

ევროპის საბჭო, სტრასბურგი

2 ივლისს 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვლენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი. თბილისში მოელიან, რომ ეს ვიზიტი ნათელს მოჰფენს აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებულ არაერთ ასპექტს და პასუხს გასცემს შეკითხვას - რამდენად პრინციპული იქნება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით. რა ვარაუდები და არგუმენტები უკავშირდება ტორბიორნ იაგლანდის პოზიციის რუსეთის სასარგებლოდ გადახრას და რატომ ჩამოდის ის ასე დაგვიანებით საქართველოში?

ვიზიტის ფარგლებში განსახილველ ერთ-ერთ უმთავრეს თემად სახელდება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ახალი მიდგომები რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებისადმი - რას აპირებს ტორბიორნ იაგლანდი იმის მისაღწევად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ევროსაბჭოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების იგნორირება. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აკაკი მინაშვილის აზრით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ასევე დიდი როლი ეკისრება აგვისტოს ომთან დაკავშირებული იმ 3 რეზოლუციის მოთხოვნების რუსეთის მიერ შესრულების ხელშეწყობის კუთხითაც, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო და რომლებსაც კრემლი დღემდე აშკარა იგნორირებას უკეთებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი გამოთქმულია იმედი, რომ თბილისში გამართული ”კონსულტაციები ნათელს მოჰფენს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშგების სისტემასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს”.

იმ შეკითხვების კონტექსტზე, რომელსაც ტორბიორნ იაგლანდი აუცილებლად მოისმენს თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ზურაბ ჭიაბერაშვილიც, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში:

”ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგან დავალებული აქვს პერიოდული ანგარიშგება იმის თაობაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით; თუ როგორ ასრულებს რუსეთი და საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და, ასევე, რას აკეთებს ევროპის საბჭო საიმისოდ, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები აღმოიფხვრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ორმა ქვეყანამ შეასრულოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება. ქართულ მხარეს აქვს გენერალურ მდივანთან კითხვები სწორედ ამ ანგარიშგების ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, შეხვედრებზე ეს დეტალებიც იქნება განხილული.”

ზურაბ ჭიაბერაშვილი თავს იკავებს იმ ეჭვებისა და ვარაუდების კომენტირებისგან, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფიდენციალური წყაროს დახმარებით და რომლებიც სწორედაც რომ ნახსენებ ანგარიშგების სისტემას უკავშირდება.

მივყვეთ მოვლენებს:

60 წლის ნორვეგიელი დიპლომატი, რომელსაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის, პარლამენტის თავმჯდომარეობის, პრემიერ-მინისტრობისა თუ საგარეო საქმეთა მინისტრობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე 2009 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს. დაახლოებით 2 თვეში მას შემდეგ, რაც ტორბიორნ იაგლანდმა ამ პოსტზე საქართველოს მეგობრად ცნობილი ტერი დევისი შეცვალა, თავისი პირველი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში დაგეგმა და განახორციელა კიდეც. საქართველოში კი ის 7 თვის დაგვიანებით ჩამოდის, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფიდენციალური წყარო რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საკმაოდ უხეშ დიპლომატიურ გზავნილად აფასებს იმ ფონზე, როდესაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი ევროსაბჭოს დღის წესრიგში მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ტორბიორნ იაგლანდი 2009 წლის დეკემბერში მოსკოვში ტყუილად არ ჩასულა. იქიდან მან ჩამოიტანა კრემლის დაპირება, რომ რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, გაუკეთებდა რატიფიცერებას მის მიერ მრავალგზის იგნორირებული ”მე-14 ოქმის” სახელით ცნობილ დოკუმენტს. ეს ის ოქმია, რომელიც აადვილებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრობლემურად დაგროვილი საქმეების განხილვას. ცნობილია, რომ სწორედ ამ პრობლემური საკითხის მოგვარება დაისახა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად ტორბიორნ იაგლანდმა გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის პროცესში და მოსკოვში ვიზიტით ეს საკითხი მოაგვარა კიდეც.

მაგრამ აქვე იბადება ლოგიკური შეკითხვა - რა მოითხოვა სანაცვლოდ კრემლმა?

თუკი ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო წყაროს მონათხრობს დავეყრდნობით, ირკვევა, რომ კრემლმა ევროსაჭოს გენერალურ მდივანს სწორედ ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ანგარიშგების სისტემის გაუქმება მოსთხოვა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს უკავშირდება და რომლის პრაქტიკაც ტერი დევისის მუშაობის პერიოდში (2009 წლის თებერვალში) დაინერგა.

იგივე წყარო ირწმუნება, რომ ტორბიორნ იაგლანდი თბილისისგან ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევას შეეცდება, თუმცა თბილისი პოზიციების დათმობას არ აპირებს და, თავის მხრივ, ევროსაბჭოსგან მოითხოვს, რომ მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში.

იმის მიუხედავად, რომ საგარეო საქმეთა უწყების ინკოგნიტო წყარო ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს რუსეთის ინტერესების ზედმეტ მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მას მაინც არ მიიჩნევს პრორუსული ორიენტაციის დიპლომატად. მოსკოვისკენ გადახრილ ინტერესებს ინკოგნიტო რესპონდენტი იმ მიზეზით ხსნის, რომ ტორბიორნ იაგლანდი რუსეთს, გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოზე მეტად ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევს. ასეთი მიდგომა, დიდწილად, უკავშირდება რუსეთის მნიშვნელოვან ფინანსურ წვლილს ევროსაბჭოს ბიუჯეტში. თუ როგორ დასრულდება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსულტაციები თბილისში, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG