Accessibility links

logo-print
ჰოსპიტალური განვითარების გეგმის შესრულების მდგომარეობის გასაცნობად საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიიწვიეს. საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტის წინაშე წარმდგარმა სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ყველა სამუშაო გეგმის თანახმად მიმდინარეობს და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგიც პერმანენტულად წარმოებს.

მიმდინარე წლის აპრილში გამართული ტენდერის შედეგების თანახმად, 10 სადაზღვევო კომპანიას თბილისსა და რაიონულ ცენტრებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოების აშენება დაევალა. საავადმყოფოების მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მშენებლობებისთვის საჭირო სასტარტო მოთხოვნებს კომპანიები ამ ეტაპზე აკმაყოფილებენ. ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი ამბობს:

” მიწების გამოყოფის, პროექტების დამტკიცების საკითხი, ყველაფერი პროცესშია, გეგმით მიდის ყველაფერი. 45 საავადმყოფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს გეგმით ივლისის მეორე ნახევარში. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ფუნქციური ნაწილი საავადმყოფოების და ასევე დამტკიცდა ვიზუალური ნაწილი პრაქტიკულად სუყველასი. ანუ სამშენებლო კუთხით გზა ხსნილი აქვთ კომპანიებს. პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელიც ჩართულია უშუალოდ ამ პროექტის მონიტორინგში და შემოწმებაში, დაახლოებით, კვირაში ერთხელ თუ არა, 10 დღეში ერთხელ მაინც ვიკრიბებით და გავდივართ არსებულ პრობლემებს.”

თუმცა მინისტრის ასეთი თავდაჯერების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციას ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის მიმდინარე სახით განხორციელების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ქრისტიან-დემოკრატები, მაგალითად, კვლავ ძველ პოზიციებზე რჩებიან და აღნიშნავენ, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სადაზღვევო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო მონოპოლიების შექმნას შეუწყობს ხელს და სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც საგრძნობლად გააუარესებს:

” ფაქტობრივად, პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, როდესაც სადაზღვევო კომპანია თან აზღვევს მოქალაქეს და თან არის მისი მკურნალი, ანუ სამედიცინო დაწესებულების მფლობელი. ასევე მიუღებელია ის, რომ მოქალაქეებს, ფაქტობრივად, ერთმევათ არჩევანის საშუალება, რადგანაც თითო რაიონში, სადაც წარმოდგენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია, ის იქნება ერთადერთი კომპანია ამ მოქალაქეებისთვის და მათ არ ექნებათ საშუალება, რომ მიმართონ რომელიმე სხვას, რაც ცხადია, მომსახურების დონეს ნამდვილად არ გააუმჯობესებს.”

მაგდა ანიკაშვილის სკეპსისის პასუხად ოფიციალური განმარტების თანახმად, 2011 წლის ივლისიდან სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ახალი ნორმებისა და სტანდარტების შემოღებას გეგმავს. ეს, თავის მხრივ, უპირველესად მოსახლეობისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების დანერგვას გულისხმობს. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მინიმალური სტანდარტის პირობების ვერდაკმაყოფილების შემთხვევაში, საავადმყოფო სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს ვერ მოემსახურება. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 1 250 000 ადამიანია დაზღვეული. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფოსა და პაციენტების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამიტომ უკვე საშურია იმის შეფასება, რა გააკეთეს კომპანიებმა და მთავრობამ ტენდერის დასრულებიდან გასული 2 თვის განმავლობაში. ოთარ თოიძის შეფასებით, დღევანდელი მონაცემებით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კომპანიები პირობებს შეასრულებენ და 2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში ახალი სამედიცინო კომპლექსები შევა ექსპლუატაციაში. ამ პირობებიდან, კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ყველაზე მარტივი ნაგებობების აშენებაა:

” უკვე განხილვის სტადიაშია კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კანონი ჯანდაცვის შესახებ, შემოგვივა კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, ასევე იხვეწება საგამოცდო სისტემა, სერტიფიცირების სისტემა. ეს იმის საწინდარია, რომ საავადმყოფოების მშენებლობის დასრულებისათვის მათში შესახლდება თანამედროვე მენეჯმენტისა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნით აღჭურვილი პერსონალი.”

სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალების მშენებლობა 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულონ, თუმცა ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მისამართით გაისმა, სწორედ ვადებს შეეხებოდა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ვადა, რომელიც 20 და 30 საწოლიანი საავადმყოფოს ასაშენებლად დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს მეტსაწოლიანი საავადმყოფოების მშენებლობისათვის. მთავრობის სახელით, სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შეთავაზებაზე იმუშავებს და კომპანიებს პრობლემებს არ შეუქმნის. სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს მედიაციის სამსახური. საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზევე გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტი, შესაძლოა, უცხოურ კომპანიებსაც გადაეცეთ.
XS
SM
MD
LG