Accessibility links

logo-print

ულტრალიბერალიზმი ოლიგარქიის სამსახურში


გია ჟორჟოლიანი, მოძრაობა - საქართველოს სოციალ-დემოკრატები

გია ჟორჟოლიანი, მოძრაობა - საქართველოს სოციალ-დემოკრატები

პოსტსაბჭოთა რეალობაში ქვეყნის განვითარების ერთადერთ სწორ გზად ბევრს ულტრალიბერალიზმი მიაჩნდა, სრული თავისუფლება, თუმცა დღეს უკვე საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის პირობებში ამ იდეის ინტეგრირებას მოჰყვა. როგორ ხედავენ ამ პროცესებს საქართველოს სოციალ-დემოკრატები - მოძრაობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა? რადიო თავისუფლება ამ პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელს გია ჟორჟოლიანს ესაუბრა.

გია ჟორჟოლიანი:
დღეს საქართველოში არსებული უმრავლესობა პოლიტიკური პარტიებისა - შეიძლება ითქვას, უდიდესი უმრავლესობა - არის ისევ იმ იდეოლოგიურ კალაპოტში, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ეს არის ნეოლიბერალურ პარადიგმაში მყოფი იდეოლოგია. ეს იდეოლოგია საბჭოთა იდეოლოგიის დელეგიტიმაციის შემდეგ ჩვენი საზოგადოების მიერ გააზრებული იქნა როგორც ერთადერთი ლეგიტიმური იდეოლოგია, საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მოგვცემდა იმ შედეგებს, რაც არსებობდა იმ დროისათვის დასავლეთში, ჩვენს წარმოდგენებში. თუმცა დასავლეთში იყო სხვა რამეებიც - ეს იყო ძალიან ძლიერი სოციალური განზომილება, ეს იყო ძლიერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მთლიანად საზოგადოების წინაშე. როდესაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა ცვლილებები, ადამიანებს უნდოდათ არა მხოლოდ თავისუფლება და ინდივიდუალური უფლებების დამკვიდრება, არამედ ეს უნდოდათ იმისთვის, რომ ეს გამოეყენებინათ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, თავისი ზოგადი განვითარებისთვის. ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ მხოლოდ ვიბრძოლებთ ამ უფლებებისთვის, იმიტომ რომ, თუ ჩვენში არსებული საბაზრო ეკონომიკის და კერძო საკუთრების შემოღება უზრუნველყოფს მთელი ეკონომიკური რესურსების ვიწრო ჯგუფის, ოლიგარქიული ჯგუფის ხელში აკუმულირებას, მაშინ დანარჩენი ადამიანები აღმოჩნდებიან ისეთ ვითარებაში, რომ ვერ შეძლებენ ამ თავისი უფლებების რეალიზებას.

რადიო თავისუფლება: რატომ მოხვდა მცირე ჯგუფის ხელში ეს რესურსები?

გია ჟორჟოლიანი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მმართველობის სისტემის ინერცია იყო ძალიან ძლიერი. ერთი მხრივ, იგულისხმებოდა, რომ თუ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც აღიარებდნენ ამ ჩამონათვალს ღირებულებებისა როგორც პრიორიტეტულს, ისინი მოიქცეოდნენ ისე, რომ ჩვენ შედეგად მივიღებდით დასავლეთევროპულ წესრიგს. მეორე მხრივ, იყო ეს მმართველობის ძალიან ძლიერი ინერცია, საზოგადოება იყო სუსტი, მოქმედებაში შეზღუდული. ჩვენ მივიღეთ კომბინაცია, როდესაც განკარგვის წესი შენარჩუნდა იგივე და, იმავდროულად, კერძო ინტერესები გახდა დაშვებული. ესე იგი სინამდვილეში თანასწორობის, სოლიდარობის პრინციპები, რომლებიც ქმნის ფუნდამენტს ევროპული საზოგადოებებისა, იქნა სრულიად უგულებელყოფილი. ახლა ზოგადად ნეოლიბერალურმა პარადიგმამ კრიზისი განიცადა მსოფლიო მასშტაბით. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა ჩავთვალოთ ბუშის ადმინისტრაციის შეცვლა ობამას ადმინისტრაციით და ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება სწორედ სოციალური შემადგენლისა და სახელმწიფოს როლის გადააზრების თვალსაზრისით ამერიკის პოლიტიკაში. ამან მოიტანა ცვლილებები, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაშიც და ჩვენში ზოგჯერ გაბატონებული კრიტიკული დამოკიდებულება, რომ მიგვატოვეს და რატომ არის გადატვირთვა და ასე შემდეგ. ეს არის ფუნდამენტური ცვლილებების შედეგები, რომლებიც, მე მგონია, რომ საქართველოსთვის მხოლოდ ხელსაყრელი იქნება, მაგრამ ამას ვერ იყენებს ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ ის სხვა გზაზეა. განვითარებული მსოფლიოს გეზი სხვაგან გადავიდა და ჩვენი გეზი სხვაგან მიდის.

რადიო თავისუფლება: ნეოლიბერალიზმი გულისხმობს ინდივიდის თავისუფლებას, რესურსის ბოლომდე მისაწვდომობას, გააზრებას იმისა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ განვითარდე. რატომ ვერ აუწყო საზოგადოებამ ამას ფეხი?

გია ჟორჟოლიანი: იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ამას არ უზრუნველყოფს. ეს უზრუნველყოფს კონცენტრირებას მთელი რესურსებისა ძალიან ვიწრო წრეში, თუ არ არის ძალიან ძლიერი სახელმწიფოს გადამანაწილებელი ფუნქცია ამ რესურსებისა. ეს არ გულისხმობს წართმევას საკუთრებისა, ეს გულისხმობს განათლების რესურსის გადანაწილებას. ვიღაცას აქვს ფული და ვიღაცას არ აქვს. სახელმწიფო გადაანაწილებს ამ რესურსს ისე, რომ მისცეს იმას რესურსი განათლებისა, ვისაც ეს რესურსი არ აქვს. არის გამოკვლევები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რა პირობებია ყველაზე კარგი დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისათვის. ერთ-ერთი თეორია, რომელიც ამას კარგად ხსნის, ვფიქრობ, არის თეორია, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიისათვის ყველაზე კარგი არის პირობები, როდესაც საკუთრება პრაქტიკულად თანასწორად არის გადანაწილებული ადამიანებს შორის. თავისუფლება, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს, თუმცა ეს თავისუფალი ადამიანები უნდა იყვნენ პრაქტიკულად თანასწორები თავის რესურსებში. თუ ადამიანები არათანასწორები არიან, ის, ვინც უფრო მეტ რესურსს ფლობს, ყველა შემთხვევაში იქნება მიდრეკილი იქითკენ, რომ უგულებელყოს თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპები და ინსტიტუტები.

რადიო თავისუფლება: ეს დასავლეთის მიდგომა ხომ არ არის? ვგულისხმობ უკიდურეს ნეოლიბერალიზმს, რომელსაც თქვენ აღწერთ. დასავლეთის მცდელობა ხომ არ არის, რომ რაღაცნაირად სწრაფად მოახდინოს ცვლილებები? ამ მიზნით პატარა ჯგუფს დიდი რაოდენობით ბერკეტი ხომ არ მიეცა, რომ რაღაცნაირად ეს მომხდარიყო?

გია ჟორჟოლიანი: რა ცვლილებები უნდა მოეხდინათ?

რადიო თავისუფლება:
თუნდაც ტრანსფორმაცია, პოსტსაბჭოთა სივრციდან გარღვევა.

გია ჟორჟოლიანი:
და როგორ? ის რომ მიგვეღო,ახლა გვაქვს? ეს იყო დასავლეთის ამოცანა? მე ვფიქრობ, რომ არ იყო.

რადიო თავისუფლება: შესაძლოა ეს მდგომარეობა უკუშედეგი იყოს?

გია ჟორჟოლიანი: ცხადია, როცა მე ვლაპარაკობდი, რომ გაბატონებული პარადიგმა იყო ნეოლიბერალური პარადიგმა, მე ვგულისხმობდი, რომ დასავლეთში ამას მხარდაჭერა ჰქონდა და იყო გამოყენებული ეს შოკური მეთოდები, სასწრაფო წესით ცვლილებები, მაგრამ ამას, მაგალითად, პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად წინ აღუდგა საზოგადოება. იქ არ არის ეს ვითარება, რომელიც ჩვენთან არის. იქ არ არის მასწავლებლების ხელფასი ორასი დოლარი, არის შვიდასი დოლარი. იქ არ არის პრივატიზაცია ისე, რომ ვიღაცას მოუნდა და გააკეთა - იქ მუშებს ეკითხებიან, როგორ გავაკეთოთო. ის საზოგადოებები უფრო ძლიერია. სულ ახლახან იყო ჩამოსული ევროკომისარი, რომელმაც თქვა, რომ იმ ულტრალიბერალური პოლიტიკის პირობებში, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება შეუძლებელი. ამას მოჰყვა პარლამენტში კრიტიკა, რომ ჩვენთვის ეგ არ არის პრიორიტეტი, ჩვენ ჩვენი ულტრალიბერალური პოლიტიკით კრიზისი არ განვიცადეთ, ყველამ განიცადა კრიზისი, საქართველომ არ განიცადა და, ამდენად, ჩვენ არ გვაინტერესებს რას ამბობენ ეგენი. მათ არ იციან, ჩვენ ვიცით. მეტიც, არის კრიტიკა ევროკავშირისა, რომ ეს არის ტიტანიკი და ის მალე ჩაიძირება და ასე შემდეგ. ამას ხშირად ამბობენ უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები და არაოფიციალურად ძალიან გავლენიანი იდეოლოგები. ეს არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელიც გაბატონებული ხდება მთელ განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ გარე მხარდაჭერაც იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გახდეს წამყვანი, -ჯერჯერობით საზოგადოებრივ დონეზე და შემდეგ, ხელისუფლების შეცვლით, სახელმწიფოებრივ დონეზე, - პოლიტიკას, რომელსაც სოციალ- დემოკრატიული ჰქვია, - რა თქმა უნდა, პლურალიზმის პირობებში, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ სხვა ჯგუფები უნდა იყვნენ სრულიად იგნორირებულნი, - მე მგონია, რომ ჩვენს ამ პოლიტიკას გარე მხარდაჭერაც, გარე ლეგიტიმაციაც მნიშვნელოვანი ექნება.

რადიო თავისუფლება: ამერიკის შეერთებულ შტატებში ხომ არის ეს განსხვავებები. მე მაქვს ნანახი უბანი - ორასი მეტრის დაშორებით სრულიად განსხვავებული რეალობაა: უკიდურესი სიღატაკე და უკიდურესი ფუფუნება.

გია ჟორჟოლიანი: ცუდია, მაგას გეუბნებით, და ამას ცდილობენ, რომ ეგ დაძლიონ ამერიკელებმა, ამის დაძლევას ცდილობენ. ამ ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ ეგ მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდება. ჩვენთანაც სამოთხე ვერ იქნება ამის შედეგად. ცხადია, იქნება ჯგუფები, რომლებიც ვერ მოახერხებენ ადაპტირებას, მაგრამ მუდმივი მცდელობა ამისი უნდა იყოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG