Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი უსაფრთხოებისა და „ინკლუზიურობის“ პირობას დებს


გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების სარდალი
გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების სარდალი
გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების სარდალი, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პეტრეუსმა პირობა დადო, რომ ნატოს სარდლობისა და ავღანეთის მთავრობის თანამშრომლობა უფრო გამჭვირვალე გახდება ავღანეთის საზოგადოებისათვის.

გენერალი პეტრეუსი პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც „ადამიანის შესაძლებლობაშია“, რათა თავიდან აიცილონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების ახალმა სარდალმა სამოქმედო გეგმა ბრიუსელში ნატოს ელჩებს გააცნო. პეტრეუსის თქმით, იგი არ გეგმავს, ნატოს ქვედანაყოფებს შეუზღუდოს სასიკვდილო ძალის გამოყენების უფლება იქ, სადაც საჭიროა, თუმცა დასძინა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირება მთავარ ამოცანად რჩება:

„მეამბოხეთა წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადგილმდებარეობას და მოსახლეობას - აქედან გამოდინარე, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რაც ადამიანის შესაძლებლობებშია, რათა დავიცვათ მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, შევამციროთ უდანაშაულო მოსახლეობის მსხვერპლი.“

ბრიუსელში ნატოს ელჩებთან შეხვედრას წინ უძღოდა შეერთებული შტატების კონგრესის დადგენილება, რომლითაც ძალაში შევიდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას განკარგულება და გენერალი პეტრეუსი ოფიციალურად დაინიშნა ავღანეთში განთავსებული 140 000 კაციანი კოალიციური ძალების სარდლად. ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი, რომელმაც უნარიანი მეთაურობით ისახელა თავი ერაყში, პასუხისმგებელი იქნება ასევე დამატებითი 30 ათასიანი არმიის მიღებაზე, რაც, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ავღანეთში აგვისტოში იგეგმება.

მაგრამ გენერალ პეტრეუსს ასევე მოუწევს დაუპირისპირდეს იმ მზარდ არაპოპულარობას, რასაც ავღანეთში მიმდინარე ომი იწვევს ალიანსის წევრ ქვეყნებში. ჰოლანდია საკუთარი ქვედანაყოფის გაყვანას ავღანეთიდან წლის ბოლომდე გეგმავს, კანადის კონტინგენტი კი ავღანეთს გაისად დატოვებს.

გენერალმა პეტრეუსმა ბრიუსელში წარმატებული უწოდა კოალიციის სამხედრო სტრატეგიას ავღანეთში, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ამ წარმატებას ახლავს მსხვერპლიც, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო 2001 წელს, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა თალიბების რეჟიმი დაამხეს.

„როდესაც მტერს ართმევ უსაფრთხოების თავშესაფრებს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიცაა, მაგალითად, ცენტრალური - ჰელმანდის პროვინციაში, ახლა მარჯიში, ალიში, თუნდაც ლაშქარში, - როდესაც მათ ტოვებ ამ უსაფრთხო თავშესაფრის გარეშე, მტერი ცდილობს, რომ ბრძოლით კვლავ ხელთ იგდოს ისინი.“

შეერთებული შტატებისა და ნატოს ხელმძღვანელობა ბოლო თვეების განმავლობაში მხარს უჭერდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობისა და თალიბთა ზომიერი ლიდერების შერიგების პროცესს. თუმცა, როგორც იუწყებიან, თალიბთა ლიდერებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს. გენერალმა პეტრეუსმა ბრიუსელში განაცხადა, თალიბთა ხელმძღვანელებს წლის ბოლომდე დრო აქვთო, თუმცა ახლა ნატო, პეტრეუსის მეტაფორული თქმით, მაგიდების გადაადგილებას იწყებს. რაც შეეხება უსაფრთხოების ოპერაციის წარმატების კრიტერიუმებს, გენერალ პეტრეუსს დეტალებზე არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ კოალიცია გააფართოებს უსაფრთხოების მასშტაბებს და ასევე გააძლიერებს ავღანეთის არმიის საწვრთნელ პროგრამებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG