Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოგზაურობას იწყებს


ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს იწყებს თავის ხუთდღიან მოგზაურობას აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. ის ჯერ უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა, ორშაბათს კი, მოგზაურობის ბოლო დღეს, უკვე საქართველოს ეწვევა. კლინტონი შეხვდება სახელმწიფოთა მეთაურებს, თავის კოლეგებს, ოპოზიციონერებს, წარმოთქვამს სიტყვებს, დადებს გვირგვინებს და, გარდა სამხედრო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებისა, თავის მოკავშირეებს ვაშინგტონის მხრიდან მეგობრობასაც დაუდასტურებს. მათვე აუხსნის, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს.
მოგზაურობისას, სახელმწიფო მდივანს განსაკუთრებული დიპლომატიური უნარის გამოვლენა დასჭირდება. საქმე ისაა, რომ კლინტონს საქართველოში მოუწევს,სულ ცოტა, განუმარტოს ვაშინგტონის ერთგულ ხელისუფალთ, რომ მოსკოვთან თეთრი სახლის დაახლოება მათ ხარჯზე არ ხდება. მისმა მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა, ამ კვირაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინტონის მოგზაურობა არ უნდა განვიხილოთ „კვლავ დადასტურების“ ვიზიტად, რომლის დროსაც ის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებს დაამშვიდებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ მათზე დადებითად აისახება. გორდონის თქმით, აშშ-ს სურს ამაღლდეს მოსაზრებაზე, რომ ევროპული დიპლომატია და უსაფრთხოება „უნაშთო თამაშია“ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ან პრორუსული ან პროამერიკული უნდა იყვნენ:

„ვფიქრობთ, რომ რუსეთის ზოგიერთი მეზობელი იხეირებს, როცა აშშ-ს და რუსეთს მეტი ურთიერთნდობა, ღია ურთიერთობა ექნებათ და ამის შესახებ ზოგიერთმა გვითხრა კიდეც. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ მათთან, ვინც რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის გამო შეშფოთებულია. დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის თემა წამოიწევს და ეს, სახელმწიფო მდივნისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება განმარტოს, როგორ ვუყურებთ „გადატვირთვას“, რას ვფიქრობთ ევროპაში უსაფრთხოებაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. ასე რომ, მე ამ მოგზაურობას არ ვუწოდებდი „კვლავ დადასტურების“ ტურნეს.“

გორდონის თქმით, არაერთ ქვეყანაში ვიზიტს ექნება არაერთი მიზანი, მაგრამ საერთო თემაა „დემოკრატია“.
რას ეტყვის ჰილარი კლინტონი კონკრეტულად დემოკრატიაზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ახლა ძნელია თქმა, მაგრამ მასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას, - ეს ორშაბათს მოხდება, - როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, განიხილავენ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლახან ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებს. თბილისში კლინტონი შეხვდება ოპოზიციის - ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების - წარმომადგენლებს და გაესაუბრება ქალთა მოძრაობის წევრებს. კლინტონს თბილისში მოუწევს კიდევ ერთხელ დაადასტუროს ვაშინგტონის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ იცავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სეპარატისტულ რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან - დაკავშირებით. ამ რეგიონებს საქართველოს პრეზიდენტი „ოკუპირებულ რეგიონებად“ აფასებს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დათბობის შემდეგ, რასაც სიგრილე შეეპარა ამას წინათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ მოქმედებაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების გამო, კლინტონს მოუწევს ზუსტი ხაზი გაატაროს თბილისისთვის იმის დადასტურებისას, რომ ვაშინგტონი მის მხარესაა, ისე, რომ არ აწყენინოს რუსეთს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გორდონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციამ გააკეთა განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსმხრივი შეთანხმების თაობაზე.

„ჩვენ უკმაყოფილო ვართ იქაური ვითარებით და ეს მკაფიოდ გამოვთქვით. პრეზიდენტმა ეს აშკარად განუცხადა პრეზიდენტ მედვედევს გასულ კვირაში. ჩვენ თანმიმდევრული ვართ იმაში, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების პირობები, რომლებიც გულისხმობს მხარეებისგან არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობასა და ძალადობის დასრულებას, არამედ სამხედრო ძალების გაყვანას იმ პოზიციებზე, სადაც ისინი იყვნენ კონფლიქტის დაწყებამდე. და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ არის შესრულებული.“

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივნისს განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამართოს სრული მოლაპარაკება რუსეთთან ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით.
XS
SM
MD
LG