Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 1 ივლისი 2010


Georgia -- Georgian newspapers. undated
Georgia -- Georgian newspapers. undated
რამდენიმე დღის წინ გაზეთ ”რეზონანს”-ში დაიწერა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში” ცვლილების პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც მუხლში ”სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება” აღარ არის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაცია. დღევანდელ ნომერში ”რეზონანსი” ამ თემაზე იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”ტექნიკური შეცდომა ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, რომ ის ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რისი პრივატიზება არ შეიძლება, არ უნდა იყოს დატვირთული საწარმოებით. დედამიწის ზურგზე არ არსებობს საწარმო, რომელსაც სახელმწიფო უკეთ მართავს, ვიდრე კერძო სექტორი.” ჟურნალისტის შეკითხვას მილსადენის რუსეთის ხელში მოხვედრის საშიშროების შესახებ კუბლაშვილი ასე უპასუხებს: ”მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ ვინ ფლობს მილსადენს. ამიტომაც, აქედან გამომდინარე, ამ საფრთხეებსაც ძალიან ხელოვნურად მივიჩნევ”. პავლე კუბლაშვილი ტყუილს უწოდებს მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატები თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას. ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აგრეთვე ამბობს: ”...მილსადენის გაყიდვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ხდება კანონმდებლობის გასწორება და მეტი არაფერი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი პრივატიზება დღის წესრიგში არ დადგება. მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ ბიუჯეტი ცარიელია და თანხებია მოსაზიდი”, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

”მოძველდა ცნება ”სტრატეგიული ობიექტი”?” - სათაურშივე სვამს კითხვას ”24 საათის” ავტორი და აქაც პავლე კუბლაშვილის ნათქვამია მოტანილი: ”ე.წ. სტრატეგიული ობიექტის ცნება მოძველებულია და დღეს არ არსებობს მკაფიო განმარტება, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტი”. ”24 საათის” სტატიაშივე ნახავთ ექსპერტთა მოსაზრებებს. გია ხუხაშვილი ამბობს: ”ერთადერთი, ვინც შესაძლოა ამ თემით დაინტერესდეს, რუსეთია. ”გაზპრომის” გარდა სხვას ვერავის ვხედავ, ვინც მილსადენის შესყიდვით დაინტერესდება”. დავით ნარმანია: ”გაზის მაგისტრალური მილსადენის გაყიდვაზე საუბრები ჯერ კიდევ კახა ბენდუქიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს მიმდინარეობდა. მაშინ ამ პროცესის შესაჩერებლად ძალიან აქტიური კამპანია ჩატარდა. ვფიქრობ, დღესაც იგივე უნდა განმეორდეს.”

რაც შეეხება სხვა თემებს, ”ყველა სიახლე” ბეჭდავს დღეს ინტერვიუს ავსტრიაში მცხოვრებ რუდიკო გოგუაძესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანულ გაზეთ ”ფრანკფურტერ რუნდშაუში” გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთ გმირად მოიაზრებოდა. გოგუაძე ამბობს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და მხოლოდ ბიზნესით არის დაკავებული. ამავე ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას იგორ გიორგაძესთან კავშირზე უპასუხებს: ”არ დავმალავ, იგორ გიორგაძეს კარგად ვიცნობ, თუმცა დიდი ხანია არ მინახავს... აქ რომ იყოს ახლა... რა კავშირი უნდა გვქონდეს, ვიცნობ კაცს და ეს დანაშაულია?! არ მობეზრდათ გიორგაძეზე ლაპარაკი?” - კითხულობს რუდიკო გოგუაძე, რომელსაც ”ყველა სიახლის” ჟურნალისტი დაუკავშირდა ავსტრიაში.

”ახალი თაობა” სათაურით ”მიშას ადგილზე რომ ვიყო, სადმე გადავიმალებოდი”, ინტერვიუს აქვეყნებს სოზარ სუბართან, რომელიც კვლავ ოპოზიციური ერთობის საჭიროებაზე ლაპარაკობს: ”არ ვგულისხმობ, რომ ეს იქნება მარადიული ერთობა, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ერთობა საკმარისია. ამის შემდეგ, ცხადია, უნდა იყოს მრავალფეროვნება და დაშლა, რომ იყოს დემოკრატია, თორემ თუ მივიღებთ ერთ მონსტრს, ეს იგივე იქნება, რაც მივიღეთ ნაციონალური მოძრაობის სახით”, - ამბობს სუბარი.

”თურმე ძალა ჰქონია იმას, რომ შენ ხარ საკრებულოს წევრი” - ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია. მასთან ინტერვიუს დღეს ”ალიაში” წაიკითხავთ. ზურაბიშვილი აზუტებს, რომ ნათელა მაჭავარიანის საკრებულოში ყოფნა მას აძლევს ”კონკრეტულ საქმეებში” ჩახედვისა და კონკრეტული საკითხების წამოწევის შესაძლებლობას.

” ’ალიანსს’ წარმატებით ებრძოდა ხელისუფლებაც და ოპოზიციური სპექტრიც, რომელიც ჩვენში ხედავდა საკუთარი არსებობის საფრთხეს”, - აცხადებს დავით გამყრელიძე, რომელთან ინტერვიუსაც ორ გვერდს უთმობს ”ალია”.

”ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ ტოტალიზატორებს ”საგადასახადო შეესია”. ტოტალიზატორებში საგადასახადო უწყების თანამშრომელთა მასობრივად ”შესვლას” გაზეთს დეპუტატი გია თორთლაძე უდასტურებს და თვლის, რომ ”შესაბამისი უწყება ვალდებულია გააკეთოს კონკრეტული განცხადება”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG