Accessibility links

logo-print
ამბავი, რომელსაც აქ ვიხსენებ, ინგლისთან არის დაკავშირებული. როცა იქ პირველად მოვხვდი, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიყავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაშინ ინგლისი ბევრად შორს იყო საქართველოდან, ვიდრე დღეს არის. „კაპიტალისტური სამყაროს“ ქვეყნებში მოხვედრა ჩვენი სამშობლოდან ძალიან შეზღუდული იყო. საინტერესოა, რომ ამ შეზღუდვების ინიციატორი საბჭოთა სისტემა იყო, და არავითარ შემთხვევაში - საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები.

აქედან გამომდინარე, ჩვენი იქ ნამყოფი თანამემამულეების უშუალო შთაბეჭდილება, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იყო იმ მხარეებში მოხვედრილი, გარკვეული ინტერესის საგანს წარმოადგენდა. დღეს შენი უცხოური შთაბეჭდილება, თუ ის ეგზოტიკასთან ან რაიმე განსაკუთრებულ მოვლენასთან არ არის დაკავშირებული, არავის აინტერესებს. მაშინ კი დასავლური ცხოვრების ყოველდღიურობა უკვე ეგზოტიკა იყო.

იქ ერთი თვე დავყავი. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ. ანუ ევროპის სოციალისტური ქვეყნების “განსაწმენდელის” გავლის გარეშე, პირდაპირ კაპიტალისტურ “ჯოჯოხეთში” მოვხვდი, რასაც ემოციური შოკი უნდა გაეძლიერებინა.

შოკი, ცხადია არ ყოფილა, მაგრამ შთაბეჭდილებები ძალიან მდიდარი გამოდგა, რასაც აძლიერებდა ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ინგლისისადმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინგლისი ხომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოთხეულის და სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის სამშობლოა?!

ჩემი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელი მონახულების რამდენიმე ადგილი მქონდა. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური „მეგასტორები“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული ვიყავი, მათ მართლაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან „მეგასტორები“ კი არა, ყველაზე პატარა და ყველაზე პროვინციული მუსიკალური მაღაზიაც ემოციების უშრეტ წყაროს წარმოადგენდა.

ამ მაღაზიებში ძალიან დიდ დროს ვატარებდი და მათ სრულიად შეცვალეს ჩემი დამოკიდებულება ჩანაწერების კოლექციონერობისადმი. ის, რაც საბჭოთა კავშირში კოლექციის ობიექტს წარმოადგენდა, ინგლისში ნებისმიერ მაღაზიაში იყიდებოდა. საბჭოთა კავშირში კი, ჯერ უნდა გეშოვნა ჩანაწერი და მერე ფული, მის შესაძენად. მაგრამ ინგლისში ჩემს მდგომარეობას ის ამძაფრებდა, რომ ფული არ მქონდა.

საქმე ისაა, რომ იმხანად საბჭოთა კავშირიდან კაპიტალისტურ ქვეყანაში წამსვლელებს მხოლოდ 150 მანეთის ეკვივალენტურ თანხას უხურდავებდნენ. ასევე საბჭოთა, გაუკუღმართებული ფინანსური პოლიტიკის გამო ერთი საბჭოთა მანეთი ერთი ინგლისური გირვანქა-სტერლინგის ტოლი იყო.

აქედან გამომდინარე, ერთი თვე ინგლისში 150 გირვანქის ამარა უნდა ვყოფილიყავი. ეს კი, დღეში 5 გირვანქაა, რაც, ფაქტობრივად, სასჯელია.

ასევე დიდ დროს ვატარებდი წიგნის მაღაზიებში. არჩევანის მრავალფეროვნებისგან შექმნილ შთაბეჭდილებას იქ პოლიგრაფიული ხარისხი აძლიერებდა.

შთაბეჭდილებებმა მოსალოდნელს გადააჭარბეს სტადიონზე, იმიტომ რომ ამ სტადიონს ერქვა „ჰაიბერი“ და მის მოედანზე ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ „არსენალი“ და „ლივერპული“. ამ ამბავზე ამჯერად მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს შეხვედრა ცალკე ბლოგს იმსახურებს.

ასევე არაფერს ვიტყვი ისტორიული, საინჟინრო და არქიტექტურული შედევრებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე. არც მატერიალური თუ კულტურული სიმდიდრის გამაოგნებელ მასშტაბზე შევჩერდები და არც უდიდეს კეთილგანწყობაზე სრულიად უცნობი ადამიანების მხრიდან... მაგრამ ერთ პატარა ამბავს აუცილებლად მოგიყვებით.

ეს ინგლისში ყოფნის უკანასკნელ დღეს მოხდა. შაბათ დილას ჩემს მასპინძელს თავისი მანქანით ჰითროუს აეროპორტში მივყავდი. რედინგის გარეუბანში, მთავარი ტრასიდან პატარა, მაგრამ საკმაოდ გრძელი გადასახვევი მიემართებოდა დიდი შენობისკენ. მთელი გადასახვევი სავსე იყო მანქანების მოწესრიგებული რიგით, რომელსაც კუდი უკვე ტრასაზე გადაეყო.

ჩემს კითხვაზე, რა ხდება-მეთქი, მასპინძელი ოდნავ ჩაფიქრდა და მიპასუხა: „გუშინ ამ კომპანიამ - და შენობაზე მიმითითა - ტელევიზიით და გაზეთებით გამოაცხადა, ხვალ მოსახლეობისგან მაკულატურას ვიბარებო.“ კი მაგრამ, ისეთს რას უხდიან, ამოდენა რიგი რომ დააყენეს-მეთქი - გავიკვირვე მე.

მაგრამ ჩემი გაკვირვება მაშინ უნდა გენახათ, როცა მიპასუხა, არაფერსო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან რა არის რიგი, დასვენების დღეს, დილას, დგებიან ძალიან დიდ რიგში, რათა სრულიად უსასყიდლოდ ჩააბარონ მაკულატურა!

ასე ძლიერ არასდროს შემშურებია ინგლისელების...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG