Accessibility links

logo-print
უკვე სამი წლის წინ იყო ცნობილი, რომ თურქეთის მთავრობა, რომელიც აცხადებდა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს და ხელს უწყობს მას, თურქი მომხმარებლებისთვის მიუღწეველს ხდიდა არაერთ საინტერნეტო ვებგვერდს. ამის შესახებ თავის დროზე ეუთომ ატეხა ხმაური. ყველაზე ცნობილი გვერდი, რომელსაც საქართველოს მეზობელ ამ ქვეყანაში გასაქანს არ აძლევენ, „იუთიუბია“ და ახლა მთავრობა „გუგლს“ უწესებს აკრძალვას იმ არგუმენტით, რომ ეს მსოფლიო ქსელი ბეგარას არ იხდის.

ანკარაში ზის თურქეთის სეკულარული სახელმწიფოს პრეზიდენტი ადბულა გიულიც, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელ „ტუიტერში“ გატარდა რეგისტრაციაში და გამოაცხადა: არ მინდა თურქეთი მიეკუთვნებოდეს ქვეყნებს, სადაც „გუგლი“ აკრძალულიაო. მაგრამ კანონზე მაღლა ვერც პრეზიდენტი დგება, როცა საქმე ქვეყნის სამართლის დარღვევას ეხება. ადრე, როცა პირველად იქნა აკრძალული „იუთიუბი“, მიზეზი ასევე კანონიერი იყო. 2008 წელს ამ საინტერნეტო ქსელში ბერძენმა ნაციონალისტებმა გაავრცელეს ვიდეოფილმები, რომლებიც რესპუბლიკის დამაარსებელ ქემალ ათა თიურქს შეურაცხყოფდა. ქემალ ათა თიურქმა საფუძველი ჩაუყარა ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფოს, რომელიც მან საბოლოო დაშლა-დანაწევრებისგან იხსნა, არაერთი წყაროს თანახმად, საბჭოთა რუსეთის დახმარებით. მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ის არის, რომ მისი შეურაცხყოფა, ისევე როგორც წინასწარმეტყველ მოჰამედისა, კანონით ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტს არ სურს მისი ქვეყანა ჩინეთისა და ტაილანდის, ირანისა და კუბის გვერდით მოხვდეს სიაში, ანუ თურქეთი იმ ქვეყნებს შეუდარონ, სადაც საინტერნეტო ქსელებზე ცენზურაა დაწესებული, ეს მაინც უკვე მოხდა. ცნობილია, რომ თურქეთი ევროკავშირში შესვლის მოსურნე სახელმწიფოა, ამ ფაქტით კი მათ, ვინც ევროპის ბლოკში თურქეთის შესვლას ისედაც ალმაცერად უყურებდა ბრიუსელში, დამატებითი საბუთი მიეცათ. და არამარტო მათ. ანკარა ამ ქმედებით თავის მომხრეებსაც აწბილებს. ევროპის პარლამენტში ბრიტანელი დეპუტატი რიჩარდ ჰუიტია.ის იქ თურქეთის კომიტეტის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებს. ჰუიტი გამოვიდა მოწოდებით, რომ სასწრაფოდ იმოქმედონ, თორემ, მისი თქმით, ამ აკრძალვებით თურქეთში უფრო პოლიტიკური შეხედულებები იზღუდება, ვიდრე პორნოგრაფიული ფილმები:

„ევროპელებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უფლებაა, შეახსენონ თურქეთს, რომ ის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა იცავდეს. ახლა, როცა იქ ინტერნეტი იკრძალება, ევროპა მკაცრად უნდა დაელაპარაკოს მას. მე თავიდანვე ვწუხდი იმის გამო, რომ, სულ მცირე, ორი წლის მანძილზე ევროკავშირი მოთმინებით უყურებდა თურქეთში „იუთიუბის“ და სხვა საიტების აკრძალვას. ახლა თურქეთის სასამართლოები სხვა აკრძალვებსაც აწესებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ვამბობდით, საკმარისად ხმამაღლა და მკაფიოდ არ ვამბობდით.“

ახლა თურქეთის მთავრობა „გუგლს“ სხვა მიზეზით ზღუდავს. „გუგლის“ მფლობელობაში არსებული ვიდეოფაილების გაცვლის ქსელის მოხმარების სიჩქარე უსაზღვროდ დაეცა, მისი თანმხლები სხვა სამსახურები კი მთლიანად შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სამართლებრივი დაპირისპირება, რომელშიც ჩაბმულია საინტერნეტო უფლებების დამცველი გაერთიანება „ინტერნეტ ტექნოლოჯი ასოსიეიშენი“. სასამართლოს წინაშე ამ ჯგუფის განცხადებით, შეზღუდვები მილიონობით მომხმარებლის დისკრიმინაციას იწვევს, რაც უკანონობაა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა - მისი უწყებაა ინტერნეტისთვის პასუხისმგებელი - განაცხადა, რომ „გუგლს“, გადაუხდელი ბეგარის სახით, 20 მილიონი დოლარი მართებს თურქეთის სახელმწიფოსი. ლაპარაკია „გუგლის“ მფლობელობაში მყოფი „იუთიუბის“ შემოსავლების ბეგარაზე. ილდირიმის თქმით, ფირმამ ბრძოლა გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკას და თურქეთი არასოდეს შეეგუება ამას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ფულს აქ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, საქმე სიტყვის თავისუფლებას ეხება. მათი არგუმენტის ნაწილია ისიც, რაც ხდება ამ მხრივ თურქეთში, ზოგადად. უზარმაზარი ჯარიმა - თითქმის 4 მილიარდი დოლარი - დააკისრა სახელმწიფომ ბეგარის გადაუხდელობის გამო უდიდეს მედიაკომპანია „დოგან გრუპს“. ეუთომ და აშშ-მა დაგმეს ეს სასჯელი იმ მოსაზრებით, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო მმართველი პარტიის, ისლამისტური ფესვების მქონე პოლიტიკური ძალის მიმართ პროსეკულარულისტული კრიტიკული გაზეთის დადუმების მიზნით.

ჰალუქ შაჰინი სტამბულის ბილგის უნივერსიტეტში მედიის კვლევის საკითხთა პროფესორია. მისი აზრით, ამ აკრძალვებს თურქეთში იწვევს ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ტრადიცია და იწვევს ისიც, რომ ოფიციალურ დონეზე არ ესმით „საინფორმაციო ეპოქისა“, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

„ასეთ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე: როცა რაიმე მოსაზრება ვრცელდება, მას საპირისპირო მოსაზრებით კი არ უპირისპირდებიან, არამედ ცენზურაში ატარებენ. ეს მენტალიტეტი დიდი ხანია ბატონობს ჩვენს ქვეყანაში და ხანგამოშვებით გამოვლინდება ხოლმე ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების დაწყებით ან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საინტერნეტო სამსახურების შეჩერებით.“

ამგვარ მიდგომას ხელს უწყობს თურქეთში 2007 წელს მიღებული კანონი, რომლის მიზანია ისეთი საინტერნეტო საიტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელმაც შეიძლება ბიძგი მისცეს თვითმკვლელობას,წააქეზოს ბავშვთა სქესობრივი ექსპლუატაცია ან პროპაგანდა გაუწიოს ნარკომანიას თუ პროსტიტუციას. ამავე კანონით შეიძლება აიკრძალოს ისეთი საიტების მუშაობა, რომლებიც არღვევენ ანტიტერორისტულ კანონს ან კიდევ შეურაცხყოფენ სახელმწიფოს დამაარსებელს - ათა თიურქს. ამასთან, სახელმწიფო ტელეკომუნიკაციის საბჭო უფლებამოსილია, სასამართლოს გარეშე გადაწყვიტოს აკრძალვა-არაკრძალვის საკითხი. თურქეთის კანონმდებლობა კიდევ უფრო შორს მიდის. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უჩივლოს რომელიმე მედიას, თუკი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაციით მისი პირადი უფლებები ირღვევა. ასეთი რამ მოხდა კიდეც ირანში, როცა ბიოლოგსა და ათეისტს, ვინმე რიჩარდ დაუკინს უჩივლა პროკრეაციონისტულად განწყობილმა ისლამისტმა მწერალმა ადნან ოქთარმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ დაუკინის აზრები ცილისმწამებლური და რელიგიის შეურაცხმყოფელი იყო. ოქთარის სასამართლოში ჩივილის შედეგად, თურქეთში დაუკინის ვებგვერდი აიკრძალა.

ახლა ევროპის კავშირში მასთან თურქეთის დაახლოების მომხრეთა რიცხვი, ალბათ, ძლიერ შემცირდება. შაჰინი არ გამორიცხავს, რომ მთავრობა, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიფ ერდოანის ხელმძღვანელობით, ევროპის კავშირისკენ თურქეთის წარმართვას ძველი ენერგიულობით აღარ შეეცადოს. ის ამას იმითაც ხსნის, რომ ერდოანმა მიაღწია პროსეკულარისტული სამხედრო ძალებისა და იუსტიციის ძალაუფლების დასუსტებას.

ახლა, მისი აზრით, თურქეთის მოქალაქეებმა უნდა გამოხატონ პროტესტი მათთვის დაწესებული შეზღუდვების გამო:

„ახლა ხალხის მხრიდან ძლიერი რეაქციაა საჭირო. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს, რადგან სწორედ ისინი ისჯებიან იუთიუბის და გუგლის სამსახურების აკრძალვით. ვფიქრობ, ახლა საჭიროა უბრალო ხალხის დონეზე დაიწყონ ორგანიზებული მოქმედება. შემდეგ „რუსპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში წამყვანის როლი უნდა იკისროს და თავის საარჩევნო დაპირებად ინტერნეტის თავისუფლება გამოაცხადოს.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG