Accessibility links

logo-print

წყალდიდობით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ


წყალდიდობა ჭუბერში, 17 ივნისი

წყალდიდობა ჭუბერში, 17 ივნისი

კვირაზე მეტია, სვანეთში 14 დღიანი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დაზარალებულებს დაპირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას ამ დრომდე არავინ უწევს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჭუბერის თემის 12 სოფელში მცხოვრებ სამასამდე კომლს სურსათით მომარაგებას ჯერ კიდევ სტიქიის დროს დაჰპირდა.

ჭუბერის მკვიდრის ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, სოფლელები დღემდე თავიანთი სახსრებით ამაგრებენ ხიდებს და მეწყერისგან ჩამორეცხილ მდინარის ჯებირებს. ამასთან, ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც ჭუბერში სტიქიის დღიდან იყო, დღემდე არ მოგვარებულა.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სტიქიის დროს სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას არ ჰქონდა გადაადგილების პრობლემა და შესაბამისად, არ იყო საჭიროება მათთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეტანისა.

გოჩა ჭელიძის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მისივე კომენტართან, რომელიც მან რადიო თავისუფლებას სტიქიის დროს მისცა. იგი ამბობდა, რომ სოფლებში არ არსებობს გზები და ხიდები, რის გამოც ჭუბერის თემი რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი.

რაც შეეხება სასმელი წყლის დეფიციტს, რომელსაც ჭუბერის თემის 12-ვე სოფელი სტიქიის დღიდან განიცდის, გოჩა ჭელიძის განცხადებით, ეს პრობლემა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისთანავე აღმოიფხვრება. მისივე ცნობით, ზარალი, რომელიც სვანეთს ორკვირიანი სტიქიის შედეგად მიადგა, 1 მილიონ ლარზე მეტია.
XS
SM
MD
LG