Accessibility links

logo-print
საქართველოში სამუსიკო განათლების რეფორმა იწყება. გასულ კვირას კულტურის სამინისტროში გაიმართა მუსიკის პედაგოგებთან შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ კულტურის სამინისტრო იწყებს ერთიანი სტანდარტების შექმნას სამუსიკო განათლების სფეროში, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დარგის რეფორმას განაპირობებს.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლადო ათანელის ფონდმა ”თანადგომა” თბილისში ჩაატარა საქველმოქმედო საღამო, რომლითაც ფონდი დაეხმარა სამუსიკო სკოლებს და კიდევ იმ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც უსახსრობის გამო ამ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. არსებითად ”სამუსიკო სკოლა”, როგორც ასეთი, აქ აღარც უხსენებიათ... ახსენეს ”ხელოვნების სკოლა”, რადგანაც სამუსიკო სკოლები საქართველოს რეგიონებში კარგა ხანია ხელოვნების სკოლებად გადაკეთდა და ეს ”კარგი ცხოვრების” გამო არ მომხდარა; მხოლოდ ასე, პროფილის გაფართოებით, თუ შეძლებდა სასწავლებელი თავის გადარჩენას.

სამუსიკო სკოლებს პროფილი შეეცვალა - მუსიკასთან ერთად ახლა ხატვას, ძერწვას, კინოს გადაღებას ასწავლიან... მაგრამ ამან პრობლემა ვერ გადაწყვიტა - საქართველოში პროფესიონალ მუსიკოსთა დეფიციტი იმდენად აშკარაა, რომ დღეს შემოქმედებით პრობლემებზე მეტად კადრების ნაკლებობაზე საუბრობენ. ცოტა ხანში, შესაძლებელია, ორკესტრების შევსება ვერ მოხერხდეს - აღარ გვყავდეს მუსიკოსები, რომლებიც ჩელოზე, საყვირზე, არფაზე უკრავენ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცოტა ხნის წინ არტაკადემიის დირექტორმა, პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმაც აღნიშნა, 90-იანი წლების დასაწყისში უამრავმა პროფესიონალმა დატოვა საქართველო და დღეს მუსიკის პედაგოგების ნაკლებობაც იგრძნობაო.

გასულ კვირას ხელისუფლებამაც აჩვენა, რომ სამუსიკო განათლების სფეროში არსებული მდგომარეობით შეწუხებულია: კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმა ითვალისწინებს თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების დაარსებას თელავსა და რუსთავში; გორის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის გახსნას, სამუსიკო სასწავლო პროგრამების დამტკიცებას, რომლითაც საქართველოში არსებული თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლები იხელმძღვანელებენ. კონსერვატორიაში თერთმეტწლიანი სამუსიკო სემინარიის დაარსებას, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელს აუცილებლად სჭირდება სასწავლო ბაზა - დაახლოებით ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო ეგრეთ წოდებული ”ნიჭიერთა ათწლედი”. თუმცა კულტურის სამინისტროს პრესრელიზშიც კი ჩანს, რომ რეფორმამ, გარკვეული სტანდარტების შემუშავების მიუხედავად, არ უნდა გამოიწვიოს დარგის ცენტრალიზაცია (ზოგიერთი პედაგოგი წუხდა, რომ ცოტა ხანში სამუსიკო განათლების ერთადერთი ცენტრი კონსერვატორია და ახლად დაარსებული სემინარია გახდებოდა): სამუსიკო სკოლები არათუ არ გაუქმდება, გაიხსნება ახალი სასწავლებლები - მათ შორის, კერძო სასწავლებლებიც. და თუ რეფორმა წარმატებით დაიწყო, ვინ იცის, იქნებ იმ მუსიკოსების, მუსიკის იმ პედაგოგების დაბრუნებაც შესაძლებელი გახდეს, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა დატოვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG