Accessibility links

სტრასბურგის პასუხი საქმეზე - გამსახურდია vs საქართველო


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი

პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთევან ბექაურმა საზოგადოებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური გადაწყვეტილება გააცნო. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ვალდებულებები როგორც თავად ცოტნე გამსახურდიას, ასევე ხელისუფლებას ეკისრება.

ცოტნე გამსახურდია, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით 2009 წლის 27 ოქტომბრიდან იხდის სასჯელს, პროტესტის ნიშნად 60 დღეა შიმშილობს. რა მოთხოვნებს უყენებს სტრასბურგის სასმართლო პატიმარ ცოტნე გამსახურდიას და ხელისუფლებას?

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის ქეთევან ბექაურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება ხუთ მოთხოვნას შეიცავს:

“პირველი, რომ ცოტნე გამსახურდიამ შეწყვიტოს შიმშილობა და მისცეს ევროპულ სასამართლოს საშუალება ეფექტური მონიტორინგი ჩაატაროს მისი საქმის განხილვაზე, ანუ ითხოვენ, რომ სასამართლო პროცესამდე შეწყვიტოს შიმშილობა. მეორე მითითებაა, რომ მთავრობამ არ დაუშვას ის, რომ მსჯავრდებული შიმშილობდეს. მესამე არის ის, რომ გადაიყვანონ იგი შესაფერის სამედიცინო დაწესებულებაში და ჩატარდეს ადეკვატური მკურნალობა. მეოთხე მითითებაა, რომ სასწრაფოდ გადაეგზავნოს სასამართლოს ყველა დოკუმენტაცია ცოტნეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დღიდან მისი დაკავებისა. მეხუთე არის ის, რომ არ დაუშვან პატიმართან ადვოკატების თავისუფალი შეხვედრის შეზღუდვა”, - ამბობს ქეთევან ბექაური.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას გეგმავს. იგი ასევე იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაბრკოლებები არ შეიქმნება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია ამჟამად ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და მისთვის ყველანაირი სარეაბილიტაციო პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პატიმარს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. აი, რას ამბობს თეა სუხიშვილი:

”ჩვენ ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, გვაქვს შესაფერისი პირობები, მით უმეტეს, სამკურნალო დაწესებულებაში. ჩვენი მხრივ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა პირობა გათვალისწინებული გვაქვს როგორც კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ზოგადად ყველა მსჯავრდებულისთვის და დანარჩენი რეკომენდაციები ბატონმა ცოტნემაც უნდა გაითვალისწინოს, ალბათ”, - უთხრა რადიო თასიუფლებას თეა სუხიშვილმა.

სტარსბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის მომზადებაში ადვოკატ ქეთევან ბექაურს პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი ეხმარებოდა. ალასანიას გუნდის ეს წარმომადგენელი 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში იურისტად მუშაობდა. იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ადვოკატისთვის დახმარების გაწევა, თავად თეა წულუკიანი განმარტავს:

”არ შეიძლება პატიმარი გადაბმულად კვირების განმავლობაში შიმშილობდეს და ხელისუფლება ამას შორიდან შესცქეროდეს ან თუნდაც მას მეთვალყურეობდეს ექიმების მეშვეობით. იქ მისაღებია სასწრაფო ზომები, როგორიც არის სამედიცინო, ადამიანის ღირსების შესაბამისი ზომები, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს პატიმრის სიკვდილს აარიდებს თავიდან.”

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური გადაწყვეტილება, წესით, უნდა დაეხმაროს ცოტნე გამსახურდიას და ხელისუფლებას საერთო ენის გამონახვაში, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასრულებს ხოლმე, ამბობს ”ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის” სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი ნათია კაციტაძე:

”როგორც წესი, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეფექტი ნამდვილად აქვს, რადგან მისი შეუსრულებლობა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ შედეგებს იწვევს. შუსრულებლობა დარღვევად ჩაითვლება და გარკვეული სანქციები მოჰყვება. რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვას და გადაცემას, ყოველთვის ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას. ამის თქმა შეიძლება სხვა საქმეებიდინ გამომდინარეც.”

ცოტნე გამსახურდიას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ადვოკატი სტრასბურგში უკანონო დაკავება-დაპატიმრებასაც ასაჩივრებს. 4 მაისს გაგზავნილ სარჩელს, ქეთევან ბექაურის განმარტებით, რეგისტრაციის ნომერი უკვე მიენიჭა და საქმეც, სახელად ”გამსახურდია- საქართველოს წინააღმდეგ“, დაიწყება.
XS
SM
MD
LG