Accessibility links

logo-print
„ჯეინს დეფენს უიკლი“ იარაღის შესყიდვის სფეროში საქართველოს შეზღუდვაზე წერს. საქართველოს წარმომადგენლები, გამოცემის თანახმად, პარიზში, სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა „იუროსატორიზე“ ყოფნისას, თავის იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ არ მიეცათ თავდაცვითი იარაღის შესყიდვის საშუალება. გამოფენაზევე აშშ-ის და ისრაელის ფირმების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას კვლავაც ხელს უშლის როგორც აშშ-ის პოლიტიკა, ასევე რუსეთის მთავრობის ზეწოლა. ამ ხელის შეშლას, სტატიის ავტორის თანახმად, სათავე უდევს რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომსა და შემდგომ შეთანხმებაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დაიდო. გამოცემა სტუმრობდა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული აქვს შეტევითი მძიმე ტექნიკა, საქართველოს კი არ აძლევენ თვით მათგან თავდაცვის საშუალების მოპოვებას. ზემოხსენებულ გამოფენაზე საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც აშშ-ის საკომუნიკაციო აღჭურვილობის სავაჭრო კომპანიისთვის მუშაობს, უთქვამს, რომ ის რამდენიმე წელიწადია ამ ფირმაშია და მის ყველა პროდუქტს იცნობს. ახლა კი, როცა ფირმამ ევროპაში ფილიალი გახსნა, მას ნება არ დართეს ენახა რა ხდებოდა ოფისში მხოლოდ იმის გამო, რომ აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია მისი ქვეყნისთვის, ანუ საქართველოსთვის, პროდუქციის მიყიდვის წინააღმდეგია. თბილისში, თავდაცვის სფეროში მომუშავე ინსტრუქტორს, რომლის ორგანიზაცია საქართველოს არმიის ნატოს სტანდარტებთან დაახლოების წვრთნაშია ჩაბმული, არ ესმის რა მიზნით უშლის ხელს აშშ-ის მთავრობა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვას. საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს გამოცემისთვის განუცხადებია, რომ საქართველოსთვის საწვრთნელი, ფუჭი ტყვია-წამლის მიყიდვასაც კი ხელს უშლის აშშ. ჩანს, აცხადებს გამოცემის თანამოსაუბრე, რუსეთთან ურთიერთობის ღილაკის „გადატვირთვა“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სამხედროებისთვის თავდაცვის უფლების მიცემაო. „ჯეინს დეფენს უიკლი“ წერს, რომ ამ ვითარების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარზე უარს ამბობს. რაც შეეხება ისრაელის თავშეკავებას მიჰყიდოს იარაღი საქართველოს, გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი არ არის ვაშინგტონის ბლოკადა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტელავივის სიფრთხილესთან, არ გაიფუჭოს ამით ურთიერთობა რუსეთთთან. პარიზში, გამოფენაზე, ისრაელის წარმომადგენელს განუცხადებია, რომ რუსეთი არ არის ისრაელისთვის უმნიშვნელო სახელმწიფო.გამოცემის თანახმად, როგორც ისრაელის, ასევე საქართველოს სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გარკვეული „დახლქვეშა“ ვეტოს უფლება რუსეთს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საქმეში აქვს.

„ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, პოლიტიკურ გამარჯვებებზე აქვეყნებს სტატიას, სადაც საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის ადმინისტრაციის წარმატებებს მიმოიხილავს და მთავარ ხუთ საკითხს გამოყოფს. საქართველოა ბოლო პუნქტი, სადაც, სტატიის ავტორის თანახმად, ვაშინგტონმა ყველაზე მეტი სისუსტე გამოავლინა, მაგრამ წინსვლის ნიშნები აქაც იგრძნობა. გასული კვირაში, წერს გამოცემა, ადმინისტრაციამ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ არის ერთი სფერო, რომელშიც აშშ-ს და რუსეთს შორის გადაულახავი წინააღმდეგობაა და ეს სფერო საქართველოა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ და დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ დოკუმენტში „ ‘გადატვირთვის’ სტატისტიკა“ ნათქვამია, რომ „ობამას ადმინისტრაციას საქართველოს გამო რუსეთის მთავრობასთან წინანდებურად სერიოზული უთანხმოება აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაცია“.
გამოყენება სიტყვისა „ოკუპაცია“ მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციას ეს საკითხი არ მივიწყებია. შესაძლოა, ობამას ესმის, რომ მის მიერ ჩაფიქრებული „გადატვირთვა“ ვერასდროს გახდება მისთვის წარმატებული, თუ რუსეთის არმია მეზობლების ოკუპაციას განაგრძობს, წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

30 ივნისის „ნიუზუიკი“ ასეთი ქვესათაურით აქვეყნებს წერილს: „ვაშინგტონის მოსკოვთან ახალ დამეგობრებას ერთი აშკარა მსხვერპლი ჰყავს: საქართველო“. სტატიაში წაიკითხავთ, რომ რუსეთთან ბოლოდროინდელი ურთიერთობის გაუმჯობესების „მისაღწევად ობამას სააკაშვილისადმი ამერიკის სოლიდარობის შესუსტება მოუხდა. გასულ თვეში თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაცია „აღარ შეიძლება განიხილებოდეს დაბრკოლებად“ კონგრესის მხრიდან აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციისას. ნატო-საქართველოს კომისიას დღემდე არ დაუსახავს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის კონკრეტული მიზნები. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მოსკოვს აღიზიანებს. ჟურნალის თანახმად, ეს იმის მკაფიო სიგნალია, რომ პროცესების დაჩქარებას თავად ნატო არ ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი, „ნიუზუიკის“ თანახმად, აცხადებს, რომ 2009 წლის აშშ-საქართველოს სტატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება „აშშ-ის წარსული პოლიტიკის გადმონაშთია“. ქვემოთ ჟურნალი აღნიშნავს,რომ, ჯამში, თბილისი თავს უკიდურესად იზოლირებულად გრძნობს. არ არის გასაკვირი, რომ სააკაშვილმა რეგიონში მხარდაჭერის განმტკიცებისთვის მეზობლებს მიმართა. იქვე ნახსენებია ურთიერთობათა გაუმჯობესება და უკვე არსებულის განვითარება თურქეთთან და ირანთან.
XS
SM
MD
LG