Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ცხინვალს ერგნეთიდან გადახედა


კობა სუბელიანი ტორბიორნ იაგლანდს ცხინვალს აჩვენებს
კობა სუბელიანი ტორბიორნ იაგლანდს ცხინვალს აჩვენებს
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი შაბათ დილით ერგნეთში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა ოკუპირებული ცხინვალი. იაგლანდი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში არ შესულა - მან ქართული პოლიციური საგუშაგოდან რუსულ საგუშაგოს გადახედა. იქვე იგი პოლიციელებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებმაც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ უამბეს. ყურადღება გამახვილდა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. როგორც ცნობილია, ქართული მხარე დღემდე უშედეგოდ ითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი ათამდე ქართველის გადმოცემას. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კვლავ შეუსრულებელია ევროსაბჭოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ. ტორბიორნ იაგლანდიმ პირველი კომენტარი ერგნეთის საგუშაგოსთან გააკეთა. მისი თქმით, იგი კმაყოფილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტით და რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

შიდა ქართლში ევროსაბჭოს დელეგაციას მასპინძლობას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი უწევდა. მისი თქმით, ქართული მხარე გენერალური მდივნის წინაშე კატეგორიულად აყენებს საკითხს, რომ ევროსაბჭომ აიძულოს რუსეთი ვალდებულებები შეასრულოს.

ერგნეთიდან სტუმრები წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, გაემგზავრნენ, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია ომისდროინდელი და ამჟამინდელი პრობლემების შესახებ. დევნილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის აზრით, ყველა საერთაშორისო დელეგაციამ საკუთარი თვალით უნდა ნახოს საოკუპაციო ზოლი და ამ ზოლის წასაშლელად საერთაშორისო საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის ანტონიო მილოშოსკის განცხადებით, ევროსაბჭოს უსახლკაროდ დარჩენილი დევნილების ბედი აინტერესებს და ამ ადამიანების დასახმარებლად ორგანიზაცია ბევრს გააკეთებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელ დიპლომატებს რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო უფრო მკაცრი ზომებისკენ მოუწოდებენ, თუმცა რამდენად შედეგიანად იმოქმედებს ევროსაბჭო რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის კუთხით, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG