Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების კვირა


ანტონიო მილოშოსკი (მარცხნივ), ტიორბიორნ იაგლანდი და გრიგოლ ვაშაძე
ანტონიო მილოშოსკი (მარცხნივ), ტიორბიორნ იაგლანდი და გრიგოლ ვაშაძე
ეს კვირა საქართველოსათვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დახვედრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტისათვის მოსამზადებელი კვირა იყო. მაღალი რანგის მოხელეთა სტუმრობის პარალელურად კი საქართველოში დაიწყო ეროვნული გამოცდები, ჩატარდა უშიშროების საბჭოს სხდომა, გორში სტალინის ძეგლის აღების შემდეგ ბოლომდე დაშალეს ძეგლის კვარცხლბეკიც, ცნობილი გახდა, რომ ”თბილავიამშენი” თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა, ხოლო მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით მთავრობამ კვლავ ყოყმანი დაიწყო. ამავე კვირაში პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მინისტრთა კაბინეტს. მთავრობის მორიგი ცვლილების შესახებ კი 25 ივნისს გახდა ცნობილი.

ამ კვირაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი განსახილველი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დეტალები იყო. თუმცა შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციას პასუხი კითხვებზე მაინც არ ჰქონდა. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, მაგალითად, აცხადებდა, რომ ვერც ერთი დამაჯერებელი პასუხი სტრატეგიის ავტორისგან ვერ მოისმინა.

2-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი.

პირველი, რაზეც ტორბიორნ იაგლანდმა გაამახვილა ყურადღება, ეს იყო კმაყოფილების განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროსაბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანას აკისრია, თუმცა გასაკეთებელი ამ გზაზე ჯერ კიდევ ბევრია და ევროსაბჭო დახმარებისთვის მზადყოფნას გამოხატავს. მაგრამ მთავარი შეკითხვა, რომლითაც თბილისში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ელოდებოდნენ, რუსეთს უკავშირდება. რა მიდგომა აქვს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ აშკარად შეუსრულებელი და მრავალგზის იგნორირებული ვალდებულებებისადმი? ტორბიორნ იაგლანდი პასუხობს, რომ რუსეთიც ყურადღების ცენტრშია:

”მონიტორინგის ყველა ორგანო და ევროსაბჭოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციასაც შეეხება. ევროსაბჭო ასევე მეტად ეფექტიანად მუშაობს რუსეთის ფედერაციასთან. მონიტორინგის ორგანოები რეგულარულად ჩადიან რუსეთში და ამზადებენ ანგარიშებს. ალბათ, იცით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციიდან შესული ბევრი საქმე განიხილება... და ეს ადასტურებს, რომ ევროსაბჭო ეფექტიანად მუშაობს ასევე რუსეთის ფედერაციასთან. ერთი სიტყვით, ყველა ვალდებულება ძალაშია, ვითვალისწინებთ და ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ეს ვალდებულებები.”

მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის - ასეთია განმარტება, რომელსაც საქართველოს მთავრობა გაზსადენის შესაძლო პრივატიზებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ აკეთებს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული მნიშვნელობის ნუსხიდან ამოღებულია და, შესაბამისად, პრივატიზებასაც შეიძლება დაექვემდებაროს, თუმცა ამ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი ჯერ კიდევ კონსულტაციებს მართავენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან მიმდინარეობს და კანონის ახალი პროექტის საკომიტეტო განხილვები საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

ამ კვირაში პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად სამი ახალი მინისტრი დაინიშნა და ახალგაზრდობისა და სპორტის ცალკე სამინისტრო შეიქმნა..

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით ტყეშელაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ინიშნება, ხოლო მისი მოადგილე ჟურნალისტი და „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსი ირმა ნადირაშვილი გახდება. ეს უკანასკნელი, პრეზიდენტის თქმით, პრესასთან ერთად სხვა მიმართულებებზეც იქნება პასუხისმგებელი.

პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სამსახურს ჩაუდგება სათავეში.

დავით ტყეშელაშვილის ადგილს მთავრობაში რამაზ ნიკოლაიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის სამინისტროს დაქვემდებარებული საგზაო დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელი, დაიკავებს.

ეკონომიკის ახალ მინისტრად ვერა ქობალია დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა. ვერა ქობალია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი იყო. ეს ორგანიზაცია მან რამდენიმე თვეა რაც დააფუძნა კანადიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც აფხაზეთში 90–იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შედეგად იყო საქართველოდან ლტოლვილი. მთავრობაში შეიქმნება ახალგაზრდობისა და სპორტის ცალკე სამინისტრო და მას სათავეში შიდა ქართლში პრეზიდენტის ამჟამინდელი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ვარძელაშვილს პრეზიდენტის რწმუნებული პოსტზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც ბოლო 15–16 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ცენტრის დირექტორი იყო.

სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს იძენს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც უკვე წლებია გახლავთ თავად თავდაცვის სამინისტრო. 1 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში ისიც ითქვა, რომ ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება. თუმცა ”თბილავიამშენის ” სახელმწიფო სტრუქტურასთან ასეთ მოულოდნელ მიერთებას ეჭვის თვალით შეხედეს ექსპერტებმა სამხედრო და ეკონომიკის სფეროებში და ეს ამბავი სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მითვისების კიდევ ერთ ფაქტად შეაფასეს. საავიაციო ქარხნის სახელმწიფოს მმართველობაში გადაცემის ფაქტი დაადასტურა „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამაც და აღნიშნა, რომ მიესალმება ქარხნის ბაზაზე სამხედრო მრეწველობის კომპლექსის ჩამოყალიბების სახელმწიფო გეგმას:

”ამ კომპლექსის შექმნა სერიოზულად გააუმჯობესებს სიტუაციას ჩვენს კოლექტივში, გარანტირებული ვიქნებით შეკვეთებით და, როგორც ვიცი, ეს პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.”

ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე ვერ ხედავს ლოგიკას თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათ ჯარში ავიაციაზე საერთოდ უარი თქვეს. ამიტომ თავდაცვის უწყების ერთადერთი ინტერესი, კაციტაძის შეფასებით, შემდეგია:

„ ღია გამოცემების მიხედვით, ”თბილავიამშენის“ თვითმფრინავები იყიდება და თითოეული მათგანი რამდენიმე მილიონი ღირს და, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა გადაწყვიტეს ეს მოგება მათ ჯიბეში გადასულიყო. მე სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ, თუ ქმნიან რაიმე სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, უნდა შექმნილიყო რაიმე კონცეფცია, კანონმდებლობის ცვლილება მომხდარიყო. ვინ აწარმოებს ამ ტექნიკას, სამხედროს გარდა რა ტექნიკა იქნება... ქარხანას ”დავითრევ” და კომპლექსი შეიქმნება - ეს ზღაპარია.”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამამ საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგის შედეგების საჯარო განხილვა მოაწყვეს. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2010 წლის მაისსა და ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეინიშნება ერთგვარი წინსვლა, თუმცა, მთლიანობაში, საქართველოს ტელემედია მიკერძოებულია, იყენებს სიძულვილის ენას და გაშუქების ნეგატიურ ტონს მიმართავს.

სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებს შორის, ვინც პროექტის მიმდინარეობისა და მონიტორინგის შედეგებს ყოველკვირეულად პირველი არხის ეთერში აჯამებდა, იყო გიგა ზედანიაც, რომლის თქმითაც, 2010 წლის არჩევნები, წინასთან შედარებით, უკეთესად გაშუქდა, თუმცა გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა:

„ერთი იყო მიკერძოების პრობლემა, რომელიც ჰქონდა თითქმის ყველა ტელევიზიას, გარდა პირველი არხისა, რაც აღინიშნა არა მარტო ჩვენი მონიტორინგის დროს, არამედ ეუთოს დასკვნაშიც. და მეორე - პროფესიონალიზმის პრობლემა. ძალიან პასიურები იყვნენ ჟურნალისტები. სრულად იყვნენ დამოკიდებულები რესპონდენტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ჟურნალისტები არ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ გადაემოწმებინათ, გაეანალიზებინათ პროგრამები.“

გიგა ზედანიასგან განსხვავებით, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ 2010 წლის არჩევნებში მედია უკიდურესად ტენდენციური და დაუბალანსებელი იყო:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, ასეთი მედიაგაშუქებით ძნელი და შეუძლებელი იქნება კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ძალიან უცნაურად ემთხვევა მედიაში ინფორმაციული ნაკადების ინტენსივობა კანდიდატის მიერ არჩევნებში ნაჩვენებ შედეგს. ხშირ შემთხვევაში ამ ორ მაჩვენებელს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არსებობს. ამასთან, ბუნებრივად დაისმის შეკითხვა: რამდენად მართვადია ეს ნაკადები დღევანდელ მედიაში.“

პარლამენტში განხილვის დაწყების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილმა საგადასახადო კოდექსის პროექტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. კოდექსის ავტორებმა უარი თქვეს უმაღლესი სასწავლებლების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაზე. მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სამედიცინო აპარატურის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. რატომ თქვა ფინანსთა სამინისტრომ უარი დამატებით შემოსავალზე?


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა საგადასახადო კოდექსის პროექტი გასულ კვირაში განიხილეს. მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსის ძირითადი პუნქტები განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს გააცნო. კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრებოდა როგორც უმაღლესი სასწავლებლები, ასევე სამედიცინო აპარატურის კომერციული მიწოდება. მინისტრმა იქვე შენიშნა, რომ, მისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ, დღგ-ით არ დაიბეგრებოდა
ტრადიციულად გათავისუფლებული სფეროები. თუმცა ორიოდე დღეში ფინანსთა მინისტრმა გათავისუფლებული სფეროების რაოდენობა, სულ ცოტა, ორით გაზარდა. კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით აღარ დაიბეგრება უმაღლესი სასწავლებლები. კოდექსი ასევე შერბილდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის. 29 ივნისს, დავით გაგუას კლინიკაში საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვის შემდეგ, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ სამედიცინო დანიშნულების აპარატურის შეძენა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. კახა ბაინდურაშვილმა გადაწყვეტილება ასე ახსნა:

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურება დარჩეს ხელმისაწვდომი და, რაც ყველაზე უფრო მთავარია, უნდა შემოვიდეს ახალი აპარატურა, ანუ ახალი ინვესტიციები.“

1 ივლისს საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. წელს გამოცდების ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, საერთო სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ჩაატარებს. საგამოცდო პროცესში 1300-მდე კურატორი და მეთვალყურეა ჩართული.

საქართველოს განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 თავისი ხარისხითა და მომზადების დონით ტოლს არ დაუდებს ყველა წინამორბედ გამოცდას. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი, როგორც განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება. გამოცდების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირების მიზნით წელსაც გაიხსნა გამოცდების მედიაცენტრი, რომლის პრეზენტაციაზეც განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საგანგებოდ გაუსვა ხაზი საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას:

”მე როდესაც ვახსენე სიტყვა „გამჭვირვალობა“, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ნამდვილად ასე წარიმართება მომდევნო თვე. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ტესტებს, რომელიც დაიბეჭდა არასაქართველოში და არც ერთი ტესტი არა გვაქვს წაკითხული, იმდენად, რამდენადაც ის არის დალუქული.”

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან საკონკურსოდ აკადემიური მიმართულებით 33 000 ადგილია გამოცხადებული. რეგისტრირებული და მისაღები აბიტურიენტების თანაფარდობა, ერთი შეხედვით, მაღალი კონკურსის პირობას არ იძლევა, თუმცა არის ფაკულტეტები, სადაც 1 ადგილზე პრეტენზიას 8-9 ადამიანი აცხადებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG