Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარსულის ზაფხული


ძველი თბილისის აღდგენილი უბანი
ძველი თბილისის აღდგენილი უბანი
დედაქალაქის კულტურული სამყაროსთვის ზაფხული წარსულის რესტავრაციით დაიწყო - ”რესტავრაციით” ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზაფხულის პირველი თვე გავიდა და ცხადი გახდა, რომ კულტურის სფეროში ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რესტავრაცია-რეაბილიტაციაა.. სხვა საქმეა, როგორ კეთდება ყველაფერი ეს და რატომ ვერ მალავენ ზოგჯერ გაღიზიანებას არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები აღდგენითი სამუშაოების განხილვისას... ფაქტია - ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა ”წარსული კულტურის” ძეგლების აღდგენას. მიხეილ სააკაშვილმა, მაგალითად, პირადად მოინახულა და რამდენჯერმე შეაფასა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიმდინარე სამუშაოები.

მაგრამ 2010 წლის ზაფხული დაიწყო და ცხადი გახდა, რომ მხოლოდ არქიტექტურა არაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრიორიტეტული სფერო. კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა კინოცენტრმა ჯერ იყო და პარიზში, ქართული ფილმების ფესტივალზე, წარმოადგინეს მიხეილ კალატოზიშვილის ”ჯიმ შვანთესა” და კოტე მიქაბერიძის ”ჩემი ბებიას” აღდგენილი ვერსიები (”ცოცხალი მუსიკით”, რომელიც ნიკა მემანიშვილმა შეასრულა), შემდეგ კი თბილისში გამართეს გრანდიოზული კინემატოგრაფიულ-მუსიკალური საღამო - ისევ მემანიშვილის მომღერალ ნატო მეტონიძის და სხვა მუსიკოსების მონაწილეობით. აღდგენილი და გახმოვანებული ფილმების პრემიერა დაემთხვა საიუბილეო თარიღს - 80 წელი გავიდა მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის, ”ჯიმ შვანთეს”, გადაღებიდან.

აღდგენილი ვერსიის პრემიერის წინ იმღერეს და დაუკრეს, თუმცა ”ჯიმ შვანთეს” შექმნის ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ისევ უცნობი რჩება. ფართო საზოგადოებისთვის კი არა, კინოს ისტორიკოსებისთვისაც უცნობია დეტალები - რა არ მოეწონა ხელისუფლებას კალატოზიშვილის დოკუმენტურ ფილმში და, რაც მთავარია, ვინ აიძულა რეჟისორი დაეტოვებინა სამშობლო და მოსკოვში წასულიყო საცხოვრებლად.

საერთოდ, საქართველოში ბევრმა არ იცის, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალის "ოქროს პალმის" მფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან, მაგალითად, რომ კალატოზიშვილის ბებია, მაკრინე ავალიშვილი, სწორედ ის ქალია, ილიას და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე; არ იციან, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში.
მიხეილ კალატოზიშვილის მოღვაწეობა საქართველოში ხანგრძლივი არ ყოფილა. 20-იან წლებში "სახკინმრეწვში" თანამშრომლობდა ივანე პერესტიანთან, ნიკოლოზ შენგელაიასთან. მუშაობდა როგორც ოპერატორი ფილმებზე "გიული", "ბოშური სისხლი". დამოუკიდებლად გადაიღო ამჟამად დაკარგული "მათი სამეფო". 20-იანი წლების მიწურულს ცენზურამ "დააკონსერვა" კალატოზიშვილის "უსინათლო", ცოტა ხანში კი ფირი გაანადგურა და რეჟისორს ფორმალიზმში დასდო ბრალი.

"ფორმალიზმი" - ეს იყო ბრალდება, რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილს განუწყვეტლივ უყენებდნენ ხოლმე. ამ ბრალდებით მოიხსნა ეკრანებიდან კალატოზიშვილის 60-იან წლებში გადაღებული ფილმები - "დაუმთავრებელი წერილი" და "მე - კუბა"; სწორედ ასეთი ბრალდებით გამოუცხადეს ბრძოლა მიხეილ კალატოზიშვილის "ქართულ შედევრს" - "ჯიმ შვანთეს", რასაც 30-იან წლებში კალატოზიშვილის ახალი ფილმის - "ლურსმანი ჩექმაში" - აკრძალვა მოჰყვა. უფრო მეტიც, კალატოზიშვილი, რომელიც 1936 წელს თბილისის კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნით დააპატიმრეს კიდეც, თუმცა რეჟისორმა თავს უშველა და მოსკოვში გადაიხვეწა. ეს ამბავი დღემდე ბნელითაა მოცული.

ამ ამბის მერე "ჯიმ შვანთეს" ავტორი მართლაც შეიცვალა. შეიცვალა, როგორც კინორეჟისორი. 40-იან წლებში რუსეთში გადაღებულ კალატოზიშვილის ფილმებში - "სიმამაცე", "ვალერი ჩკალოვი", "დაუმარცხებელნი" - გენიალური "ჯიმ შვანთესგან" აღარაფერი დარჩა. ეს იყო პროპაგანდისტული სურათები, რომლებმაც კალატოზიშვილი არა მარტო ციმბირში გადასახლებისგან იხსნა, არამედ სტალინური ეპოქის კინოჩინოვნიკიც კი გახადა: 1945-48 წლებში იგი მხატვრული ფილმების წარმოების სამმართველოს უფროსის პოსტზე დაამტკიცეს. "მოსფილმში" ისევ "მიშიკოს" ეძახდნენ, ყველას ახსოვდა, რომ კალატოზოვი ქართველი იყო, მაგრამ ადვილად მიივიწყეს "ჯიმ შვანთე" - შეიძლება ითქვას, პირველი საბჭოთა ფილმი, რომლის ავტორმა უარი თქვა მოწოდებაზე, შეგონებაზე, რომელშიც ავტორი-კამერა-მაყურებელი-გმირი ერთმანეთს შეუერთდა.

მაგრამ არა მარტო ხელნაწერების, კინოფირის გადარჩენაც შეიძლება და დღეს განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ კანის ფესტივალის ”ოქროს პალმით” აღნიშნული ერთადერთი საბჭოთა (და ერთადერთი რუსული) ფილმის - ”მიფრინავენ წეროების” - ესკიზი სწორედ საქართველოში შეიქმნა. და ესაა ”ჯიმ შვანთე”. თუმცა ფილმის შეფასებისთვის ზოგჯერ მხოლოდ ფილმი არ არის ხოლმე საკმარისი - მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტი, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით, თუკი ეწვეოდით, ასევე ივნისში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გახსნილ ნატო ვაჩნაძის გამოფენას, ნახავდით ნატო ვაჩნაძის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს, ესკიზებს იმ ფილმებიდან, სადაც მსახიობმა ითამაშა, აფიშებს - უნიკალურ ექსპოზიციას, ბორის პასტერნაკის ხელნაწერი წერილითა და ვლადიმირ მაიაკოვსკის ნატოსადმი მიძღვნილი წიგნით (ავტორის წარწერით).

ამ თაობის დამოკიდებულება ხელისუფლებასთან, ტერორის წლები ასევე მოითხოვს ისტორიული კონტექსტის ახლებურ შესწავლას, რაც საქართველოში ნაკლებად ხდება.. ეს კი იწვევს არა მარტო მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების ცალმხრივ შეფასებას, არამედ მხატვრული და ისტორიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებების დავიწყებას.

”როცა ამ თაობას აუგად იხსენიებენ ხოლმე, მე მწყინს, რადგან ისინი არანორმალურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, მათ გარშემო სიცოცხლისა და სიკვდილის თამაში მიმდინარეობდა. მამაჩემი ბოლო პერიოდში ძალიან ნერვიულობდა, ძალიან ჰარმონიადაკარგული ადამიანი იყო - ეტყობოდა, რომ არ აკეთებდა იმას, რაც მასში იყო - აცნობიერებდა ამას”, - გვითხრა ელდარ შენგელაიამ.

ელდარ შენგელაიას ეს სიტყვები მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება გასული პოლიტიკურ-კულტურული თვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენის - გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის - კონტექსტში. კულტურის ისტორია თავისუფლდება წარსულის აჩრდილებისგან. თუმცა კვლავაც რჩება საშიშროება ერთი აჩრდილი მეორემ ჩაანაცვლოს და არა მარტო კულტურის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, არამედ კერპის რესტავრაცია-რეაბილიტაციაც დაიწყოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG