Accessibility links

- გამოსვლები დაიწყო? არეულობაა? - მკითხა დედაჩემმა, როცა დილით გავაღვიძე და გახარებულმა ვაცნობე, სტალინის ძეგლი აიღეს მეთქი.

დედაჩემი ზუსტად ისე ელოდა სტალინისტების ბუნტს, როგორც საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ძეგლი ღამით აიღო, როცა მოხუც სტალინისტებს ეძინათ. ჟურნალისტები კი მისულან, მაგრამ არ გადააღებინეს - როგორც ჩანს, ეშინოდათ, რომ ჩამოგდებული სტალინის ხილვა - ისევ დედაჩემს რომ დავესესხო - ”არეულობას” გამოიწვევდა.

არ იყო ბუნტი.

ისევე, როგორც არანაირი ”გამოსვლები” არ ყოფილა არჩევნების შემდეგ. სანამ ოპოზიცია გამოფხიზლდა, დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელმაც ერთის მხრივ ფან-კლუბებად დაყო, მეორე მხრივ კი, ტელევიზორებთან გააერთიანა სრულიად საქართველო.

ზაფხული. ფეხბურთი და ღამე, როცა ყველას ძინავს... საუკეთესო დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმოქმედო ხალხის გარეშე და არავის დაეკითხო რამეს. თუმცა, ფაქტია, რომ სამთავრობო ტელეარხებზე ძეგლის აღებიდან მეორე-მესამე დღეს, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე, მაინც იგრძნობოდა ”გამოსვლების” შიში. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, უფრო მეტად უცხოელ ტურისტებს ალაპარაკებდნენ. ეს ხალხი - სტალინის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად გორში ჩასული ხალხი - გვიხსნიდა, რომ სტალინის ძეგლი არ უნდა იდგეს დემოკრატიულ ქვეყანაში... ჰო, კიდევ ნიკა რურუამ ისაუბრა. ჰოლანდიელი ფოტორეპორტიორი სტან სტორიმანსი გაიხსენა, რომელიც აქ მოკლეს. რატომღაც მხოლოდ ჰოლანდიელი ჟურნალისტი და არა ომის დროს დაღუპული მისი ქართველი კოლეგები!.. ალბათ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ უცხოელი ”საუცხოოდ” ითვლება უამრავი ქართველისთვის. პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ის ორი-სამი დღე საოცრებები მოხდა სამთავრობო ტელევიზიებში; საინფორმაციო გადაცემების მოწინავე სიუჟეტები სტალინურ რეპრესიებს ეძღვნებოდა! ვერ ვიხსენებ, როდის შეაწუხა უკანასკნელად ქართული მედია სტალინიზმმა...

მგონი, არც არასდროს!

80-იანი წლების ბოლოს, როცა რუსეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინაში სტალინის ეპოქის გადაფასება დაიწყო, როცა მოსკოვის ტელევიზიით შესაძლებელი გახდა გულაგების შესახებ ღია საუბარი, ქართული მედია ან დუმდა, ან კითხულობდა: ”სტალინს რომ აკრიტიკებენ, რატომ ლენინზე არაფერს ამბობენ? აი, ამხილონ ოქტომბრის რევოლუცია და ამის შემდეგ მის შედეგზე - სტალინიზმზეც შეიძლება მსჯელობა”... თუმცა უფრო მეტად სხვა რეპლიკა გვესმოდა: ”სტალინს როცა აგინებენ, საქართველოს გულისხმობენ!” ეს იყო ყველაზე პოპულარული რეაქცია; იმდენად გავრცელებული, რომ ერთხელ ქართველი ინტელექტუალები სპეციალურად ჩავიდნენ მოსკოვში ”ანტისტალინურ” სატელევიზიო გადაცემაში, ”ვზგლიადში” მონაწილეობის მისაღებად. ოღონდაც არა სტალინის დასაგმობად, არამედ იმ რუსი კოლეგების დასატუქსად, რომლებიც სტალინს ”ქართველად” მოიხსენიებდნენ!

მერე გამსახურდია მოვიდა. ჩამოხსნეს ორჯონიკიძე, ლენინი, ბოლშევიკური რევოლუციის სხვა ბელადები. ამ რევოლუციის ”ერთ-ერთ შედეგს”, სტალინს ხელი არ ახლეს. გამსახურდია შევარდნაძემ შეცვალა. იმის იმედი გაჩნდა, რომ ”პერესტროიკის” ერთ-ერთი იდეოლოგი, თენგიზ აბულაძის ”მონანიების” დიდი თაყვანისმცემელი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ქვეყანაში სტალინიზმის კვლევა დაწყებულიყო... მაგრამ არა! ედუარდ შევარდნაძემ ინახულა სტალინის ძეგლი გორში და ყვავილებით შეამკო.

სტალინისა და სტალინიზმის თემით ქართული მედია არც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინტერესებულა. სხვათა შორის, 2000 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი ჩემი გადაცემის, ”ფსიქოს” სტუმარი იყო, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა უარი თქვა შეეფასებინა გაზეთ ”კვირის პალიტრის” გამოკითხვა, რომელშიც სტალინი მესამე ადგილას გავიდა, როგორც ”დიდი ქართველი” ილიას და დავით აღმაშენებლის შემდეგ. აბა პოლიტიკოსი, რომელსაც იმხანად განსაკუთრებით სჭირდებოდა პოპულარობა, ხომ არ იტყოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სტალინისტიაო?

მერე მიხეილ სააკაშვილი პოპულარული გახდა. ”ვარდების რევოლუციაც” წარმატებით დასრულდა. და 2008 წელს - მაპატიე ჩემო მკითხველო ამ არც თუ ისე გემოვნებიანი პასაჟისთვის - ომი და გორის დაბომბვა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში სტალინისა და სტალინიზმის კრიტიკა დაწყებულიყო... მაგრამ კრიტიკამ ”ვერ იმუშავა”. ძეგლის აღება-არაღებაზე იყო საუბარი მხოლოდ... ისიც ფრაგმენტულად.

2010 წლის ზაფხული დადგა. თან ფეხბურთი. თან არჩევნებიც დასრულდა. და აიღეს! ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა სიუჟეტი ასე წარადგინა: ”იმაზე, თუ ვინ იყო იოსებ სტალინი... გოდერძი შარაშია გიამბობთ”.

2010 წლის ზაფხულში 3 წუთიან სიუჟეტში გვიამბეს, ვინ იყო იოსებ სტალინი!

მაგრამ ”გამოსვლები” არ ყოფილა, ამიტომ ეს თემა ისევ დაივიწყეს... და ალბათ არც არასდროს გახდება აქტუალური, სანამ ”კვირის პალიტრა”, ან, რომელიმე სხვა გაზეთი ახალ გამოკითხვას არ ჩაატარებს თემაზე ”დიდი ქართველები”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG