Accessibility links

logo-print
სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ მასობრივი რეზერვის პროგრამის ამოქმედებას იწყებს. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს საყოვლთაო სარეზერვო მომზადების ახლებურ სისტემას, მაშინ თავდაცვის სამინისტროს მთელი საქართველოს მასშტაბით შეკრებილი რეზერვისტების გაწვრთნა და აღჭურვა სექტემბრიდან მოუწევს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეზერვის მომზადების შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საქართველოს პარლამენტის იურიდიული და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წარმომადგენლები - დეპუტატები ლაშა თორდია და სოსო ქუთათელაძე არიან. პარლამენტში კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა სამხედრო უწყებას ეკუთვნის.

თუმცა, ამ გაუგებრობის მიუხედავად, ფაქტი ჯიუტია: საქართველოში რეზერვში სამსახური ხდება საყოველთაო, რაც ნიშნავს, რომ 23-დან 40 წლის ასაკის ყველა მამრობითი სქესის მოქალაქე ვალდებული იქნება, წელიწადში ერთხელ 45 დღით ჩაიცვას სამხედრო ფორმა და ხელში იარაღი აიღოს.

საკუთარი ქვეყნის დასაცავად წელიწადში 45 დღით ჯარისკაცული ცხოვრება არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად ძნელი ასატანი არ უნდა იყოს. და დარწმუნებული ვარ, რომ რეზერვისტების პატრულის ძალით გაწვევა არ გახდება საჭირო. მაგრამ პრინციპული საკითხი სულ სხვა რამეში მდგომარეობს: გასწვდება თუ არა ქვეყნის ფინანსური რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გასაწვევი ორგანოების კომპეტენცია და მათი თანამშრომლების პროფესიული კეთილსინდისიერება, სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობა და ხარისხი, საქართველოში მცხოვრები ამ ასაკის ასეულ ათასობით მოქალაქის მომზადებას და მერე გადამზადებას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ? თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი სალომე მახარაძე ამბობს, რომ გასწვდება!

„თუკი რაიმესათვის თავდაცვის სამინისტრო მზად არ იქნება, მაშინ ამას [რეზერვის მომზადებას] თავდაცვის სამინისტრო თავის თავზე არ აიღებს და გამოვა და საჯაროდ იტყვის: მომეცით ცოტა დრო, რომ კიდევ უკეთესად მოვემზადოთო. თუმცა, ვვარაუდობთ, რომ სექტემბრიდან რეზერვის მომზადება დაიწყება. მთელი ეს ერთი წელია, ძალიან ინტენსიური მომზადება მიმდინარეობს თავად ინსტრუქტორების.“


რეზერვის ახალ სისტემაზე გადასვლის მზადება, საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო. ამის მიზეზი გახდა საერთო მართვის უქონლობა და სწრაფად, მასობრივად და უხარისხოდ მომზადებული სარეზერვო ბატალიონების არაორგანიზებული მოქმედება ბრძოლის ველზე. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომის შემდეგ დაითხოვა ეროვნული გვარდიის მთელი ხელმძღვანელობა, შეაჩერა რეზერვის კანონის მოქმედება და ახალი ხედვის მომზადება ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრს, 31 წლის პარლამენტარ ზურაბ არსოშვილს დაავალა. ზურაბ არსოშვილს ახალი ველოსიპედი არ შეუქმნია, მან არსებულ კანონზე დაყრდნობით შეიმუშავა კონცეფცია და ხელისუფლებას შესთავაზა, რომ აქცენტი გაკეთებულიყო ე.წ. აქტიური რეზერვის მომზადებაზე და მხოლოდ გარკვეული ცენზის მქონე მოქლაქეები დაქვემდებარულიყვნენ სავალდებულო გაწვევას.

“რაც შეეხება სავალდებულო რეზერვის სისტემას, რომელიც საქართველოში ასევე მოქმედებს, ის შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარეს სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახური და დღეს აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. ასევე, ვინც გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და ასევე, თავისი სურვილით აღარ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში”, ამბობს ზურაბ არსოშვილი და იქვე დასძენს, რომ, ეროვნული გვარდიის ახლებური ხედვის მიხედვით, სავალდებულო სარეზერვო შეკრებას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებმაც სახელმწიფოს ხარჯზე სხვადასხვა პერიოდში მიიღეს განათლება და სახელმწიფომ მათ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯა ფული. “გამონაკლისის სახით, რეზერვში სავალდებულო წესით გაიწვევიან ასევე 27 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო-სავალდებულო სამსახური, მაგრამ გააჩნიათ საჭირო სპეციალობები სამხედრო საქმისათვის.”

ეს ინტერვიუ ზურაბ არსოშვილთან გასული წლის 17 ოქტომბერს არის ჩაწერილი. რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ხედვა გააცნო ექსპერტებს, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სამოქალაქო საბჭოში არიან გაერთიანებულნი. ექსპერტებმა კონცეფცია მოიწონეს და რეზერვის ახლებურ ხედვას „პროგრესული“ უწოდეს. თუმცა, ამ საბჭოს წევრი ირაკლი მჭედლიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის ტექსტი არ უნახავს, თუმცა ფორუმზე გამოქვეყნებული დებულებები მას განსხვავებული მოეჩვენა.

„კიდევ უფრო ტოტალური სახე აქვს ამ [რეზერვის პროგრამას], ვიდრე წინა კანონს ჰქონდა, რაც დღეს მოქმედებს. კერძოდ, ასაკია რაღაც 40 წლამდე; წელიწადში თუკი აქამდე 18 დღე იყო შეკრების ვადა, ახლა 45 დღემდეა გაზრდილი. გარდა ამისა, ადრე თუ უცხოეთში იყავი სასწავლად წასული, სამუშაოდ ან სამსახურში, ისინი არ ხვდებოდნენ რეზერვისტთა გაწვევაში. ახლა შეუძლიათ - თუ უცხოეთში ხარ - მოგთხოვონ ჩამოსვლა. ამიტომ იმით, რაც ფორუმზე ვნახე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს საპარლამენტო კანონპროქტი არის სხვა და რაც ჩვენ განვიხილეთ არის -სხვა.“

თუმცა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ რატომ შეიცვალა საკანონმდებლო ცვლილების ტექსტი, ანდა ვინ არის „ტოტალური რეზერვის“ სისტემის შემოღების ინიციატორი საქართველოში. „ქუდზე კაცი და ქუდზე ქალი, თუ საჭიროა!“ - განაცხადა შარშან, 26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის დეპარატმენტის ახალი შენობის გახსნის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

რეზერვის შესწორებული კანონით, „ქუდზე კაცი“ უკვე სავალდებულო გახდება. რაც შეეხება ქალებს, რეზერვში სამსახური მათთვის ჯერჯერობით კვლავაც ნებაყოფლობითი რჩება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG