Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბედისწერო პილოტაჟი


პანტიკო თოდრიამ, «თბილავიამშენის» გენერალურმა დირექტორმა, უცნაური პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღო და საავიაციო ქარხანა 1500-კაციანი თანამშრომლებით, უძრავ-მოძრავი ქონებით, დებეტითა და კრედიტით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა. ყველაფერი მოხდა მშვიდად, «სპეცნაზის» გარეშე და საქმიანად. «აღნიშნული გადაწყვეტილება გააძლიერებს სამხედრო ავიაციის წარმოებას და ხელს შეუწყობს მის ბაზაზე სამხედრო-მრეწველობის ჩამოყალიბებას», - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელები.

ზუსტად იგივე ნარატივი ახლდა თან 5 წლის წინ, ერთადერთი სამხედრო პროფილის ქარხნის პრივატიზებას და მის საკონტროლო პაკეტის შესყიდვას პანტიკო თოდრიას მიერ. ამასთან, როგორც მაშინ, ისე დღეს ამ გარიგების ღირებულება არ დასახელებულა. არავინ იცის, რა მიიღო სახელმწიფომ «თბილავიამშენის» განკერძოებით, ან რას ღებულობს იგი დღეს, როდესაც 1941 წელს აშენებული საკავშირო მნიშვნელობის ქარხანა საბიუჯეტო კმაყოფაზე აჰყავს.

მოდით, ერთხელ მაინც ნუ ვიქნებით სკეპტიკოსები და ვენდოთ, რომ ეს გაერთიანება საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება – გაძლიერდება დარგიც, განვითარდება სამამულო სამხედრო მრეწველობა და „თბილავიამშენს“ არა თანამშრომლების შემცირება, არამედ ახალი სამუშაო ძალის დაქირავება მოუწევს მზარდი სახელმწიფო შეკვეთების შესასრულებლად. ეს შეკვეთები კი პოტენციურად უნდა არსებობდეს, რაკი ქვეყანას ჰყავს არმია და აქვს სამხედრო გეგმები: საქართველო ზრდის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, ემზადება საყოველთაო რეზერვის სისტემის ასამოქმედებლად, ატარებს სამხედრო წვრთნებს და ამაგრებს პოზიციებს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, საიდანაც მომდინარე საშიშროებას, ვთქვათ გულწრფელად, უიარაღო ევროპელი სამხედრო დამკვირვებლები ვერაფერს მოუხერხებენ.

ასეთ დროს სამამულო-სამხედრო მრეწველობის განვითარება აუცილებელიცაა. მით უფრო, რომ საავიაციო გაერთიანება «თბილავიამშენმა» ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ თავდაცვითი საჭიროებისათვის შეუძლია არა მხოლოდ სუ-25 ტიპის მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავების გამოშვება და მათი მომსახურება, არამედ სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის წარმოებაც. კონვერსიის შემთხვევაში წარმოების სიმძლავრე შესაძლოა გაიზარდოს სამხედრო უწყების დაქვემდებარებაში უსისტემოდ გაფანტული სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირების ხარჯზე.

მაგრამ ეს მხოლოდ ემოციური დამოკიდებულებაა და ჩემი ოპტიმიზმი აქ მთავრდება.
უფრო ზუსტად მამთავრებინებს ის ასიმეტრიული და ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება, რაც საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებს სახელმწიფოს მშენებლობის და კონკრეტულად არმიის მშენებლობის მიმართ.

„თბილავიამშენის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა გამოცხადდა მაშინ, როდესაც ორი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ამ საწარმოს მთავარი დამკვეთი სტრუქტურის - სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა. ჯარის სახეობა, რომელიც ომის წარმოებაში უმთავრეს კომპონენტად ითვლება იმ დღიდან მოყოლებული, რაც სამხედრო ავიაცია გაჩნდა, - საქართველოში სახმელეთო ჯარებს დაუქვემდებარეს. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო უახლოეს მომავალში არ აპირებს სამხედრო ავიაციის გაძლიერებას და „თბილავიამშენის“ მიერ გამოშვებული ახალი მოიერიშეების შესყიდვას. მეტიც, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავიამშენებლებს მხოლოდ ერთი ცალი მოიერიშე შეუკვეთა.

თუ არ იქნება შეკვეთა, „თბილავიამშენი“ მხოლოდ მიმდინარე რემონტით ან ჰაერის გამათბობლების გამოშვებით ვერ შეძლებს პროფილის შენარჩუნებას. გაჩერდება წარმოება, დაიკარგება თითო-ოროლა სპეციალისტი და „თბილავიამშენიც“ ისევე დაასრულებს არსებობას, როგორც ბევრმა მისმა წინამორბედმა – ჯერ ჯართი გაიყიდება, მერე შენობები აგურ-აგურ და ბოლოს მოტიალებულ ტერიტორიას შეისყიდის რომელიმე ინდუსტრიულ-ლიბერტარიანულ-დეველოპერული ჯგუფი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG