Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური პროექტი


მაშ, ასე - ნაციონალური იდეა. იდეა სოზარ სუბარს გაუჩნდა, რომელმაც პრინციპების მორიგი სამება შემოგვთავაზა: უსაფრთხოება, განვითარება, თვითმყოფადობა. ეს იქნება ახალი ნაციონალური იდეის საფუძველიო.

არ იფიქროთ, რომ რამე საწინააღმდეგო მქონდეს. სწორედ ესაა პრობლემა: ნუთუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ უნდა საფრთხე, ჩამორჩენილობა და საკუთარი ვინაობის დაკარგვა? ცხადია, არა.

აბა, რაში გვეხმარება ამ ახალი სამების დამატება? ასე მეც დავამატებ კიდევ ხუთ-ექვს პრინციპს: მშვიდობა, სიმდიდრე, ბედნიერება, ურთიერთგაგება და ჯანმრთელობა. თქვენ რომელიმე მათგანის წინააღმდეგი იქნებით?

გამოვაცხადეთ ყველაფერი კარგი და კეთილი ნაციონალურ იდეებად. მერე?

მაგრამ სხვისი კრიტიკა ადვილია. ძნელი პოზიტიურის შემოთავაზებაა. შეგვიძლია კი ჩვენ ამის გაკეთება?

ვცადოთ. ოღონდ, აქვე ვიტყვი, რომ ნაციონალური იდეის მაგივრად ნაციონალურ პროექტზე ვისაუბრებ - სიტყვა „პროექტი“ ლათინურიდან მოდის და „წინ ტყორცნას“ ნიშნავს. ნაციონალური პროექტი, ჩემი ამჟამინდელი საკმაოდ ვიწრო და კონკრეტული მიზნისათვის, განსაზღვრული იქნება როგორც იმის წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა და რისი მიღწევა გვინდა. პროექტს თან უნდა ახლდეს ამ წარმოდგენის რეალობაში განხორციელების სტრატეგია.

ოღონდ თუ ვინმე ელის, რომ მე ახლა ახალსა და ორიგინალურ იდეას ამოვაძვრენ სახელოდან, იმედგაცრუებული დარჩება.

ჩემი აზრით, მთავარი ნაციონალური პროექტი, რომელიც დღეს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს, შემდეგია:

გავხდეთ მოდერნული - ანუ დასავლური ტიპის - საზოგადოება და სახელმწიფო.

ამ პროექტის განხორციელების ორი სტრატეგია შეიძლება არსებობდეს:

ა) ინტეგრაცია - გავხდეთ დასავლური სამყაროს ნაწილი.

ინდიკატორები ცხადია:

1. ნატოს წევრობა
2. ევროკავშირის წევრობა.

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი უკანასკნელი წლების მანძილზე. რაც შეიცვალა, ისაა, რომ ჩვენ ვეღარ გვექნება ამ მიზნის რამდენიმე წელიწადში მიღწევის იმედი - ორივე ორგანიზაციის წევრობის სავარაუდო თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, თითქოს ამ სტრატეგიაზე უარი უნდა ვთქვათ.

ბ) ’თვით-მოდერნიზაცია’ - გავაკეთოთ ის, რაც თავის დროზე გააკეთეს დასავლეთის ქვეყნებმა, ოღონდ ჩვენი ძალებით. დავამსგავსოთ ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სხვა სისტემები დასავლური დემოკრატიების შესაბამის სისტემებს.

ცხადია, რომ ინტეგრაცია აუცილებლობით გულისხმობს მოდერნიზაციას - ისე ნატოსა და ევროკავშირში არავინ მიგვიღეებს. აი, მოდერნიზაცია კი არაა მიბმული ინტეგრაციაზე - ის, პრინციპში, ქვეყანამ შეიძლება მარტომაც გააკეთოს.

პირადად მე ასეთი თვით-მოდერნიზაციის მიმართ, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჯერ ერთი, მას იმაზე ბევრად მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ მოთმინება გვაქვს; მეორეც, შეცდომების დაშვების შანსი ამ შემთხვევაში შეუდარებლად უფრო იზრდება.

მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს ორივე სტრატეგია ერთი და იმავე ნაციონალური პროექტის განხორციელებისკენაა მიმართული.

აქვს თუ არა ამ ნაციონალურ პროექტს ალტერნატივა?

დიახ.

არ გავხდეთ მოდერნული - ანუ დასავლური ტიპის - საზოგადოება და სახელმწიფო.

ეს, ცხადია, პროექტი არაა.

ამის მისაღწევად ძალისხმევა არ გვჭირდება, უბრალოდ გავაგრძელოთ ისე ცხოვრება, როგორც ვართ და ნურაფერს შევცვლით. ჩვენი სულიერების, კულტურის თუ კიდევ რაღაცების იმედი გვქონდეს. ბევრს აქვს კიდეც.

ნუთუ სხვა ნაციონალური პროექტი არ შეიძლება არსებობდეს?

ჩემი აზრით, არა.

შეხედეთ ჩვენს მეზობლებს, რომლებსაც ჩვენზე შეუდარებლად უფრო მეტი რესურსი და შესაძლებლობა აქვთ.

თურქეთის ნაციონალური პროექტიც დასავლურ სამყაროში სრული ინტეგრაცია იყო. ამ პროექტის შეფერხების გამო თურქეთი დღეს იდენტობის კრიზისს განიცდის, მაგრამ ქვეყნის ინტელექტუალურმა ელიტამ უკეთესი ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრა.

რუსეთიც თითქოს ინტეგრაციის გზას დაადგა 90-იანებში, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა. მართალი რომ ვთქვათ, ძალიან არც უცდია. ახლა, იმპერიის აღდგენის არარეალისტურ იმედს თუ არ ჩავთვლით, ასევე ნაციონალური პროექტის გარეშეა დარჩენილი.

საქართველოც დღეს ალტერნატივის წინაშეა.

ოღონდ ეს არის ალტერნატივა არა სხვადასხვა პროექტებს შორის, არამედ არჩევანს შორის: გვქონდეს პროექტი, ან - არა.

ვინც ამ მსჯელობას არ ეთანხმება, შეუძლია ალტერნატიული ნაციონალური პროექტი შემოგვთავაზოს. პირადად მე ასეთს დიდი ინტერესით გავეცნობოდი.

ოღონდ აქვე უნდა გავუსვა ხაზი - პროექტი ნაციონალური მასშტაბის ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის მოიცავს მთელს ნაციას. კერძო სახის პროექტები - კულტურული, სამეცნიერო და ა. შ. - შეიძლება უაღრესად საინტერესო იყოს, მაგრამ, თუ მათ არ აქვთ მთელი ქვეყნის დაფარვის უნარი, ისინი ვერ ჩაითვლება ნაციონალურ პროექტებად.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG