Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჰილარი კლინტონს ელოდებიან


საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. მისი თვითმფრინავი სულ ცოტა ხანში დაეშვება თბილისის აეროპორტში. თბილისში დაგეგმილია კლინტონის შეხვედრა ლიდერ ქალებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან. საქართველოში ვიზიტით ჰილარი კლინტონი დაასრულებს სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ ტურნეს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. საქართველომდე კლინტონი სომხეთში ჩავიდა. ერევნის აეროპორტში მას გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა. მოგვიანებით კლინტონმა პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან გამართა მოლაპარაკებები. ნალბანდიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობიან შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის საკითხზე: ”უპირველეს ყოვლისა, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის, მაგრამ არანაკლებად აზერბაიჯანისა და სომხეთის, აგრეთვე მთლიანად რეგიონის ინტერესებშია ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მისაღებ და ხანგრძლივ მოგვარებას”. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მთიანი ყარაბაღის საკითხი ”პრიორიტეტულია” და იმედოვნებს, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე რეალური პროგრესის მოწმე გახდება. კლინტონმა აგრეთვე მოუწოდა თურქეთს განაახლოს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას. კვირასვე, სომხეთში ვიზიტამდე კლინტონი აზერბაიჯანში პრეზიდენტ ალიევს შეხვდა.
XS
SM
MD
LG