Accessibility links

logo-print
13 ივნისი, კვირა
მას შემდეგ, რაც დათო კაკაბაძემ დამირეკა და ამ დღიურის დაწერა მთხოვა, პირველ წინადადებაზე ვფიქრობ: რით დავიწყო? ეს ხომ ჩვეულებრივი დღიური არ არის, რომელსაც მხოლოდ შენთვის წერ. სხვათა შორის, ისეთი დღიური - მხოლოდ ჩემთვის - არც არასდროს დამიწერია. არც ასეთი, თავისთავად ცხადია.

ამიტომ, ასე დავიწყებ: მე ვარ მაია ფანჯიკიძე, 49 წლის. ბოლო 16 წელი ვიმსახურე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვიყავი საქართველოს ელჩი ჯერ გერმანიაში, შემდეგ - ნიდერლანდებში. ამჟამად ვცხოვრობ მცხეთაში და გერმანულს ვასწავლი მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში. სკოლაზე ხვალ მოგახსენებთ, გაკვეთილის შემდეგ, ახლა კი, დღიურის წერის წესი რომ არ დავარღვიო, დღევანდელ ამბებს გიამბობთ.

დღეს ჩემი მეგობრის ძმის დაბადების დღე იყო. ზაზა 36 წლის წინ, 14 წლის ასაკში დაიღუპა. დღეს 50 წლის გახდებოდა. ორი წლის შემდეგ ჩემს მეგობარს დედაც მოუკვდა. მაშინ ამ ამბებმა მთელი თბილისი შეძრა. სამაგალითოა, როგორ უფრთხილდებიან ნინიკო და მისი მამა მათ ხსოვნას.

გვიან სტუმრები მოგვივიდნენ და ერთად ვუყურეთ გერმანია-ავსტრალიის თამაშს. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ბავშვობიდან დიდი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ამ განწყობას მამაჩემი ქმნიდა, რომელიც 1958 წლიდან თითქმის ყველა ფინალურ ტურნირზე იყო ნამყოფი. ფეხბურთშიც მან გამარკვია, სტადიონზეც დავყავდი და ეს თამაშიც სამუდამოდ შემაყვარა. ოღონდ, ერთ რამეში ვერ ვთანხმდებოდით: ის ყოველთვის ლათინურამერიკული ფეხბურთის, განსაკუთრებით, ბრაზილიურის გულშემატკივარი იყო, მე კი - გერმანიის. ალბათ იმიტომ, რომ ამდენი რამე მაკავშირებს გერმანიასთან, 17 წელი ვიცხოვრე ამ ქვეყანაში და ყველაფერი გერმანული ჩემთვის ძალიან ახლობელია, გერმანულ ფეხბურთში კი იმ თვისებების ანარეკლს ვხედავ, რომელიც ამ ქვეყანაში მომწონს და რომელიც ასე გვაკლია ჩვენ. გამეხარდა, რომ გერმანელებმა დამაჯერებლად, 4:0 მოიგეს. სხვა შედეგს არც ველოდი, მაგრამ, საერთოდ, ამ ჩემპიონატმა ჯერჯერობით, მგონი, ვერ გამოიწვია ის საყოველთაო აღტკინება, რომელიც ასეთ ტურნირებს ახლავს ხოლმე. ალბათ, პირველი წრის მატჩები რომ ჩაივლის, მერე სიტუაცია შეიცვლება. საქართველოს ტელევიზია კი ცდილობს, რომ საფეხბურთო განწყობა შექმნას, მაგრამ 2006 წლის ჩემპიონატი რომ მახსენდება, თან მაშინ ბერლინში ვიყავი, იმ ზეიმის გამეორებას ალბათ ვერავინ შეძლებს.

14 ივნისი, ორშაბათი
დილის 8 საათზე უკვე სკოლაში ვიყავი. ელჩობიდან მოხსნის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემს ძველ პროფესიას, მასწავლებლობას, დავბრუნებოდი. სანამ დიპლომატიურ სამსახურში წავიდოდი, 12 წელი ვასწავლიდი თბილისის მე-6 გიმნაზიაში და უნივერსიტეტში და ეს საქმე ძალიან მიყვარდა. ახლა კი, როდესაც სრულიად აბსურდული მიზეზის გამო თანამდებობა დამატოვებინეს, მივხვდი, რომ ყველაზე მადლიერი საქმე, რაც შეიძლება გააკეთო, ბავშვებთან ურთიერთობაა. ამ დასკვნამდე იმ გარემოებამაც მიმიყვანა, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა იმ დღეებში სწორედ ჩემი ყოფილი მოსწავლეებისგან და სტუდენტებისგან ვიგრძენი. ჰოდა, ჩამოვედი თუ არა საქართველოში და დავსახლდი თუ არა მცხეთაში, პირდაპირ მივედი მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში და მის დირექტორს, უაღრესად სიმპათიურ ქალბატონ მანანა მანჯგალაძეს ჩემი სამსახური შევთავაზე. თან ის გარემოებებიც განვუმარტე, რომლის „წყალობითაც“ აღმოვჩნდი მცხეთაში. ქალბატონ მანანას ჩემი ამბავი გაეგონა, მაგრამ ერთი წამითაც არ უყოყმანია, გერმანული წრის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. გადავწყვიტე, მოზრდილთა ჯგუფი შემექმნა, რომ ბავშვებს თავად აერჩიათ, უნდოდათ თუ არა დამატებით მეორე ენის შესწავლა. ასე შედგა მერვეკლასელების ჯგუფი, რომელსაც ერთი მეექვსეკლასელი, რეზოც შემოუერთდა და რადგან სემესტრის დამთავრებამდე მხოლოდ თვენახევარი რჩებოდა და ცხრილი უკვე არსებობდა, ერთადერთი დრო, როცა ყველას გვეცალა, გაკვეთილების დაწყებამდე, დილის 8 საათი აღმოჩნდა.

უნდა ნახოთ, რა სიხარულით მოდიან ბავშვები დილაადრიან გერმანულის გაკვეთილისთვის, როგორი არაჩვეულებრივები, ნიჭიერები და ლამაზები არიან! ერთ-ერთმა - მამიამ - ისიც კი მითხრა, მასწ, არდადეგებზეც ვიაროთო. მომავალი კვირიდან უკვე არდადეგები იწყება. თუ ბავშვები არ დაიფანტნენ, შეიძლება მართლა გავაგრძელოთ, თუ არადა, სექტემბრიდან უკვე სამ გაკვეთილს ჩავუტარებ კვირაში. ისე კარგად და ისე სწრაფად სწავლობენ, ერთი სიამოვნებაა მათთან მუშაობა!

დღეს ბევრი მაცინეს, „შუა ქალაქისთვის“ უყურებიათ და სერიალის პერსონაჟები გერმანიაში წასულან, ორი ღერი გერმანული ძლივს სცოდნიათ და ბავშვებს უხალისიათ, ჩვენ ბევრად მეტი ვიცითო.

ჩემი მოხსნის ამბავი მახსენდება. 16 წელი ვიმუშავე დიპლომატიურ სამსახურში და სრულიად მოულოდნელად გამათავისუფლეს იმის გამო, რომ ჰოლანდიაში ჩამოსულმა ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც უმიზეზოდ დააკავეს სოფლის მაღაზიაში, საელჩოს მხრიდან სათანადო ყურადღება ვერ იგრძნო. არადა, გავიგეთ თუ არა მისი ამბავი, სამ საათში უკვე გამოშვებული იყო. ის კი აღარავის უკითხავს, რა უნდოდა „მივლინებაში“ მყოფს იმ დროს ცოლთან ერთად მაღაზიაში, ანდა რა საქმეზე იყო მივლინებაში იმ პატარა ქალაქში თავის მეგობართან ერთად. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი გათავისუფლების მიზეზი ისედაც ცხადი იყო ყველასთვის. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მოქალაქის მიმართ უყურადღებობას გაბრალებს მთავრობა, რომელიც, სახელმწიფო სამსახურში ამდენი წლის მუშაობის შემდეგ, ისე გიშვებს ქუჩაში, საერთოდ აღარ კითხულობს შენს ამბავს: იქნებ უპატრონო ხარ, არც სახლი გაქვს და არც კარი, არაფერი არ აინტერესებს შენი, არანაირი სოციალური დაცვა არ არსებობს სახელმწიფო მოხელეებისთვის, მისთვის მკვდარი ხარ. ისე, ჩემს ყოფილ უფროსს კი ვუთხარი, ამის მეტი შარი თუ ვერაფერზე მომდეთ, ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით, მაგრად მიმუშავია-მეთქი. რადგან მოსაუბრე არ შემკამათებია, ის აღარ დავაყოლე, რომ ნათესაური ნიშნით მოხსნა ჩემთვის პირდაპირპროპორციულია ნათესაური ნიშნით დანიშვნისა და როდესმე ეს უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში, თორემ არანაირ დამსახურებას, არანაირ პროფესიონალიზმს, არასდროს დაედება ფასი.

შუადღისას დედაჩემი მოვინახულე. ამ ბოლო დროს ჩვენი შეხვედრების ძირითადი დრო ქართული მედიის მიმოხილვას ეძღვნება. დედა საოცრად აღშფოთებულია იმის გამო, რასაც ყოველდღე თავისი ოჯახის წევრებზე ისმენს ან კითხულობს. მე და ჩემი და ვეხუმრებით, რა გინდა, საინტერესო ცხოვრება მოგიწყვეთ, სულ შენთვის მნიშვნელოვანი ამბები ხდება-თქო. მაგრამ მას მობეზრდა ნერვიულობა და ურჩევნია, წყნარად მიხედოს თავის საქმეს. ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა ინტერესი მისი თარგმანების მიმართ და ეს ძალიან ახარებს. ახლა თითქმის ყველა გამომცემლობა უშვებს სხვადასხვა რუბრიკით მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს და მისი ნათარგმნი თომას მანი და მაქს ფრიში ყველას აინტერესებს. ერთმა გამომცემლობამ ახალი თარგმანიც კი შეუკვეთა და დღეს ამაზე ვიმსჯელეთ, ბევრი კარგი წიგნი დაიწერა ბოლო დროს და ვარჩევდით, რომელს მოკიდოს ხელი. ბედნიერი ვარ, რომ 73 წლის ასაკში ამის სურვილი და ენერგია აქვს.

საღამოს მეგობართან შევიკრიბეთ მიმდინარე საკითხების განსახილველად, გვიან კი იტალია-პარაგვაის თამაშს ვუყურეთ მე და პაატამ და ბავშვებს ველაპარაკეთ სკაიპით ბერლინში. გიომ გვაცინა, თურმე ინგლისელებს უთქვამთ, ჩემპიონატის ბურთი სულ სხვანაირია, გერმანელებმა უკვე ბუნდესლიგაში გამოსცადეს და ამიტომ ყველას წინაშე უპირატესობა აქვთო. გერმანელების და ინგლისელების დაპირისპირება ფეხბურთის გამო ლეგენდარულია.

გვიან შოთი არველაძემ დამირეკა, ორი დღით ჩამოვედი თბილისში და ხვალ შევხვდეთო. ძალიან გამეხარდა. ვილაპარაკებთ პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, სკოლაზე და მის ახალ სამსახურზე თურქეთში.

15 ივნისი, სამშაბათი
დღეს დილით ჩამოვწერე ყველაფერი, რაც ბავშვებს ამ თვენახევარში ვასწავლე. გავამრავლებ და ხუთშაბათს გავატან. ვასწავლი უწიგნოდ, ზეპირად, დასაწყისისთვის ასე ჯობია. წიგნები ისეთი ძვირია, არ მინდა ტყუილად ვაყიდინო. რომ დარწმუნდებიან, რომ მართლა უნდათ სწავლა, მერე იყიდიან. თუმცა, ამაში ეჭვი უკვე აღარ გვეპარება. სანამ გერმანულის სწავლებას დავიწყებდი, ბევრი ვილაპარაკეთ გერმანიაზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბუნდესლიგით იცნობენ გერმანიას და კიდევ იციან მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერი და ანა ფრანკი. სექტემბრიდან უფრო მეტი უნდა ვუამბო გერმანიაზე, უკვე დიდები არიან და კარგად უნდა იცნობდნენ ქვეყანას, რომლის ენასაც სწავლობენ. არც სხვა გერმანულენოვანი ქვეყნები უნდა დაგვეჩაგროს.

შუადღისას ირაკლის შევხვდი. ბევრი სალაპარაკო გვქონდა და ყველაფერი სულაც არ ეხებოდა პოლიტიკას, მაგრამ სხვისთვის საინტერესო ალბათ ჩვენი საუბრის მხოლოდ ეს ნაწილია. ამ დღეებში საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდეთ მისგან, რასაც, ბუნებრივია, მე ვერ გავამხელ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევნების შედეგებით, და შედეგებში მხოლოდ პროცენტებს არ ვგულისხმობ. თუმცა, იმ ფონზე, რომ ერთი წლის წინ ირაკლი ალასანიას არავინ იცნობდა, როგორც კი გაიცნეს და მიხვდნენ, რომ უზარმაზარი პოტენციალის პროფესიონალია, ყველამ მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, და რომ მხოლოდ 136 ათასი ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიაზე (რაც ერთ ბილბორდსაც არ ეყო), მიღებული 19 პროცენტი და პირველი ადგილი ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ძალიან მაგარი შედეგია!

მაგრამ მთავარი ის არის, რომ კარგად გამოჩნდა - ირაკლი ალასანია არის ერთადერთი ნამდვილი, სხვისგან მოუსყიდავი ოპოზიციური ძალა საქართველოში. სხვათა შორის, ხელისუფლების 14-მილიონიან გააფთრებულ საარჩევნო კამპანიაზე მეტად ამის დასტური ის ისტერიკაა, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა მოაწყვეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. მათ ლოგიკაში ერთი რამ არ მესმის: თუკი ეხლა ეუბნებიან, შენ გაუთეთრე უგულავას არჩევნებიო, ამით რას აღიარებენ, რომ მხოლოდ ის იყო ნამდვილი კონკურენტი? და თუკი ამას აღიარებენ, მაშინ, მათი გამჭრიახობის პატრონებმა, ეს ადრე როგორ ვერ შენიშნეს და გვერდში რატომ არ დაუდგნენ? საქმით დახმარებოდნენ და მართლა მოიგებდა! აბა, თბილისის მოსახლეობის 55 პროცენტი რომ არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით, განა ეს არ ვიცით? ახლა რომ ხელისუფლება დაავიწყდათ და ყველა მის წინააღმდეგ ერთიანდება, ესეც კარგია, ეს კიდევ უფრო გამოკვეთავს მის უპირატესობას. ძალიან მომეწონა ირაკლის გეგმები და საბრძოლო შემართება, ყველა საქმეში მჯერა მისი.

შევხვდი შოთის, მოგვიანებით აჩი და კახა მამულაშვილი შემოგვიერთდნენ. შოთიმ მიამბო ჰოლანდიის ამბები. საელჩოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება ჰქონიათ და უამრავი ხალხი მისულა. ახალ ელჩს, შოთა ღვინერიას, უთქვამს, აშკარა იყო, რომ ეს ხალხი მაიასთან მოვიდა სტუმრად, მე ახლა ის უნდა მოვახერხო, რომ მათთან დამყარებული ურთიერთობა შევინარჩუნოო. სხვათა შორის, ამ მიღებაზე ნამყოფმა ბევრმა მეგობარმა თუ კოლეგამ დამირეკა ან მომწერა; ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა მითხრა, ეს მიღება შენი უდიდესი შრომის დამსახურება იყო და რა სამწუხაროა, რომ შენ არ იყავიო. შოთა ღვინერიას ნათქვამი გამეხარდა, მის კულტურაზე მეტყველებს. შოთი არველაძე უკვე ემზადება თურქეთში გადასასვლელად, გულითადად მიმიპატიჟა და შევპირდი, რომ აუცილებლად ჩავალ მისი გუნდის ჩემპიონობის საზეიმოდ. ვილაპარაკეთ პოლიტიკაზეც. ძალიან მიყვარს შოთის შეკითხვები - მოუთმენელი, პირდაპირი და უშუალო. მეც ვცდილობ, ასევე ვუპასუხო, თუკი ვიცი პასუხი, რაც ყოველთვის იოლი არ არის.

შემდეგ წავედი დათო ალადაშვილის კონცერტზე. შოპენს უკრავდა რკინიგზელთა კულტურის სახლში. არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, ძალიან კარგი პუბლიკა, ნეტა ამ დარბაზს შეგნებულად არ არემონტებენ?

16 ივნისი, ოთხშაბათი
დღეს ჩემმა ძმიშვილმა სალომე ფანჯიკიძემ მესამე შვილი გააჩინა!!! ნიკოლოზ და ელენე შარაშიძეებს ანა შარაშიძე შეემატათ. სალომე 23 წლისაა. ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ სალომეთი, მაგრამ მამაჩემი მაინც ყველაზე მეტად იამაყებდა მისით. რა დასანანია, რომ შვილთაშვილებს ვერ მოესწრო...

საღამოს კონსერვატორიაში ვიყავი თენგიზ ამირეჯიბის კლასის კონცერტზე. 14 წლის არაჩვეულებრივი ირმა გიგანი, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი, ისე უკრავდა უზარმაზარ სცენაზე, ვითომც არაფერი. ჯანსუღმა იქვე, კონცერტის პროგრამაზე დამიწერა ლექსი:

„სიცოცხლე ერთი წამია,
მე ამ სიცოცხლით გავწამდი,
ავე-მაია-მაია
მე გთხოვ, იცოცხლე ასწლამდი.“

17 ივნისი, ხუთშაბათი
დღეს ბოლო გაკვეთილი ჩავატარე და ბავშვებს დავემშვიდობე. გულმოდგინედ ჩაიწერეს წიგნის დასახელება, რომლითაც მომავალ წელს ვისწავლით. დერეფანში ერთმა მასწავლებელმა გამაჩერა და მკითხა, გაისად ხომ აიყვანთ მეხუთე კლასს, ჩემი შვილიშვილი სწავლობს და ძალიან მინდა, თქვენთან ურთიერთობის საშუალება მიეცესო. სკოლამ ისეთი ჩათრევა იცის, მგონი დავთანხმდები.

მერე ვნახე ჩემი სალომე და პატარა ანა, მისი დაბადება ამ კვირის კი არა, წლის მოვლენაა!

ჩემი მეგობარი მაია მოსიძე დიდხანს ფიქრობდა, როგორ გადაეხადა დაბადების დღე და მაგარი რამე მოიფიქრა – ყველანი დაგვპატიჟა კინოში და შემდეგ - კაფეში. ვნახეთ „სექსი დიდ ქალაქში 2“. ზუსტად ისეთი ფილმია, მეგობრის დაბადების დღეზე რომ უნდა ნახო.

18 ივნისი, პარასკევი
დღეს სახლიდან არ გავსულვარ, სილაბუსზე ვიმუშავე. სილაბუსი არის სასწავლო გეგმა, რომელიც უნდა დაგიმტკიცოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილმა. სექტემბრიდან გერმანული ლირიკის კურსი უნდა წავიკითხო უნივერსიტეტში. უნდა შევარჩიო 15 ლექციის მასალა. ჯერჯერობით, გადაწყვეტილად, მხოლოდ ერთი თემა მაქვს შერჩეული – მეოცე საუკუნის პოლიტიკური ლირიკა, მიმართული ომის წინააღმდეგ. თემას ორი ძალიან მნიშვნელოვანი ლექსის მაგალითზე გავშლით. ეს ლექსებია გეორგ ჰაიმის „ომი“ და ბერტოლტ ბრეხტის „ჩემს თანამემამულეებს“. ნებისმიერი ომის ლიტერატურული გადამუშავება გარკვეულწილად უნივერსალურია და ერს სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარება. სამწუხაროა, რომ ეს თემა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში.

გერმანიამ ცუდად წააგო. მაგრამ ჯერ არაფერია დაკარგული!

19 ივნისი, შაბათი
უცხოეთში ცხოვრებისას, ყველაზე მეტად იმაზე მწყდებოდა გული, რომ უჩემოდ ჩაიარა ყველა ლხინმა და ჭირმა მრავალი წლის განმავლობაში. დღეს ჩემმა კლასელმა და მეგობარმა გია სამსონაძემ 50 წლის იუბილე გადაიხადა და მეც ვიყავი! რომ გადავხედე ჩემს კლასელებს, გამეხარდა, რომ წელს კიდევ ბევრი დროსტარება გველის: ჰოი საოცრებავ, ყველანი 50 წლის ვხდებით! და უცებ მივხვდი, რომ სიმბოლურ ასაკში დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი - კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG