Accessibility links

logo-print
გორში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას აგრძელებენ.

რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, იმისთვის, რომ კოორდინირებულად იმუშაონ და პროექტების გადაფარვა არ მოხდეს. საბჭო 30-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთის“ მიერ გორში საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, სადაც ორგანიზაციების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ”აფხაზეთი” ამჟამად, როგორც კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობისთვის, ისე დევნილებისთვის, ორ პროექტს ახორციელებს. აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გვალიას განცხადებით, ორგანიზაცია სოციალურად გაჭირვებულებს ეხმარება.

საერთაშორისო დახმარების და განვითარების სააგენტო ”აერდი” კონფლიქტის ზონის სოფლებში მებოსტნეობისა და მეცხოველეობის განვითარების პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, გორისა და ქარელის რაიონის სოფლებში ორგანიზაციამ ყველაზე გაჭირვებულებს პომიდვრის თესლი დაურიგა, გამოყვანილი ჩითილი კი მთელ სოფელზე გადანაწილდა. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო მძინარიშვილის განცხადებით, კონფლიქტის ზონის მოსახლეობას მსხვილფეხა მეწველი საქონელიც გადასცეს.

ორგანიზაცია ”ქეა” გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით კონფლიქტის ზონის 20 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის შოთა ჩილინდრიშვილის განცხადებით, დაზარალებულ სოფლებს ორგანიზაცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითაც დაეხმარება.

ორგანიზაცია ”ვორლდ ვიჟენმა” რამდენიმე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაატარა, რომელიც 30 დევნილ ოჯახს გადაეცა. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი ხოდელის თქმით, ”ვორდ ვიჟენი” სოციო-ეკონომიკური მიმართულების პროექტებსაც ახორციელებს. დაზარალებულებისთვის მცირე ბიზნესის დასაწყებად.

შიდა ქართლში არაერთი ორგანიზაცია ეკონომიკური და აგრარული განვითარების პროექტს ახორციელებს, თუმცა ეს ყველა დაზარალებულს არ ეხება. ბენეფიციართა შერჩევა სპეციალური კრიტერიუმებით ხდება და პრიორიტეტი ყველაზე გაჭირვებულებს ენიჭებათ.
XS
SM
MD
LG