Accessibility links

logo-print

ენგურის ცენტრალური ხიდი ჩაკეტილია


ენგურის ცენტრალური ხიდი

ენგურის ცენტრალური ხიდი

უკვე კვირაზე მეტია, რაც აფხაზურმა მხარემ ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იმ მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა შემოვლითი გზებით გადავიდნენ.

გალელების ვარაუდით, ენგურის ხიდი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იმ მოტივით ჩაკეტა, რომ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მოკლე და გრძელვადიანი საშვები მიიღონ, რომელიც გარკვეული თანხა ღირს.

”ენგურის ხიდით არ წამოვსულვართ. გვითხრეს, არავის ატარებენო და ამიტომ. თუ სპეციალური საშვი გაქვს, რომელსაც აფხაზები გასცემენ, პრობლემა არ არის. მაგრამ საშვებს რომ ყველას არ აძლევენ... თან სხვადასხვა საბუთები უნდა გქონდეს წესრიგში, ფულიც უნდა გადაიხადო. დავდივართ ასე, შემოვლითი გზებით. იმედია, მშვიდობით ჩავალთ სოფელში”, - ამბობს შუახსნის ქალი, რომელიც გალის მიკროავტობუსში სურსათით დატვირთული ზის.

ენგურის ცენტრალურ ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დასაწყიში უარყო გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამ. ხოლო შემდეგ, განმარტა:

”ვისაც ეკუთვნის, უშვებენ, რა პრობლემაა! ვინც აფხაზეთში ცხოვრობს და აფხაზეთის კანონებს პატივს სცემს, უშვებენ და არა მათ, ვინც საქართველოში აფხაზეთის ძალით დაბრუნებაზე ოცნებობს. ეს დადგენილი წესია. გარდა ამისა, აფხაზეთი საქართველოსთან ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაშია. საზღვრის მოწყობა მიმდინარეობს და რეჟიმი გამკაცრებულია. საზღვარზე წესრიგი იქნება და არა განუკითხაობა. კი ბატონო, ვისაც ჩამოსვლა სურს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს და ვიზა მიიღოს. ვიზით მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვთ”, - განაცხადა რუსლან ქიშმარიამ.

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ამ კომენტარს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა ზუგდიდში თორნიკე კილანავამ აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მის ოკუპირებულ რეგიონთან სავიზო რეჟიმი არასოდეს ექნება.

”სავიზო რეჟიმი საქართველოს თანამეგობრობის ქვეყნებთან აქვს და ჩემთვის გაუგებარია, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმი აფხაზეთთან. გაუგებარია ასევე, რას ნიშნავს მოქალაქეების დაყოფა ნორმალურ და არანორმალურ ადამიანებად. ამიტომ, ქიშმარიას ასეთ კომენტარზე ინტერვიუს მიცემა შეუძლებელია”, - განაცხადა თორნიკე კილანავამ.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, გარდა ენგურის ცენტრალური ხიდისა, მიმოსვლა შეზღუდულია იმ ოთხ გადასასვლელზე, რომელიც გასული წლის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დააკანონა. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების განცხადებით კი, ზუგდიდში გადმოსასვლელად მატ სწორედ ეს გზები გაირეს.
XS
SM
MD
LG