Accessibility links

logo-print
დღეს დილით, აშშ სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის წინ გამოსულ გაზეთებში გარკვეული ადგილი ამ ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებასაც უკავია. ”ამერიკა ხელისუფლებას გაფრთხილებას მისცემს“; ვის გაანაწყენებს დღეს კლინტონი - საქართველოს თუ რუსეთს?”; ”მოკავშირეთა დასამშვიდებელი ვიზიტი”; ”კლინტონის ტურნე ხიდების გასადებად”; ”ვის აუქნევს აშშ ‘ჯადოსნურ ჯოხს’ ” - ასეთ სათაურებს შეხვდებით ზოგიერთი გაზეთის პირველ გვერდებზე.

”კვირის პალიტრა” კახა კაციტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”ჰილარი კლინტონის ვიზიტი უნდა განვიხილოთ როგორც პროცესის საწყისი ეტაპი, რომელიც, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც გლობალურ პოლიტიკაში ხდება, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზეც”, - ამბობს კახა კაციტაძე და თვლის, რომ ”ჯადოსნური ჯოხის” აქნევას და ყველაფრის ერთ დღეში გადაწყვეტას არავინ უნდა ელოდოს, მაგრამ კლინტონის ვიზიტი, რომ ”რაღაცა დიდის და მნიშვნელოვანის დასაწყისია”, ამაში კაციტაძეს ეჭვი არ ეპარება.

”მთელი კვირა” კლინტონის ვიზიტის შესახებ პოლიტოლოგებს ზურაბ აბაშიძესა და რამაზ საყვარელიძეს ეკითხება. ზურაბ აბაშიძის აზრით, ეს ვიზიტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის პერსონიფიცირებული ვიზიტი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის არა პერსონა სააკაშვილთან, არამედ საქართველოში”, - ამბობს აბაშიძე. ”ამერიკული მხარისთვის აუცილებელია თავისი პარტნიორები დააყენოს იმავე გზაზე, რა გზაზეც თავად დგას”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე. მის კომენტარსაც ”მთელი კვირა” აქვეყნებს. ამავე გაზეთში დღეს იბეჭდება ვრცელი ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის დეტალებზე ლაპარაკობს.

”ახალი თაობა”, რამაზ კლიმიაშვილთან ინტერვიუდან ნაწყვეტი: ”არავითარი ვიზიტი ეს არ არის. ვიზიტი რომ იყოს, მაშინ ჰილარი კლინტონი პირდაპირ ჩამოვიდოდა საქართველოში. როდესაც კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა საქართველოში, ის იყო ვიზიტი. კონდოლიზა რაისი მაშინ საქართველოს ოფიციალურად ეწვია სააკაშვილის გასაფრთხილებლად. მაშინ სააკაშვილი აფხაზეთში აპირებდა შესვლას”, - ამბობს კლიმიაშვილი.

სხვა თემებს რაც შეეხება, ”კვირის ქრონიკა” რუბრიკაში ”გალერეა” ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს წარუდგენს მკითხველს. ბურჯანაძე ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიასთან სერიოზული საუბარი ჰქონდა და მას პარტიის შექმნაში თანამშრომლობა შესთავაზა. ”ჩემი ეს გადაწყვეტილება სააკაშვილს ვუთხარი, რომ მე ვაპირებ პარტიის შექმნას და მეორე ნომრად ირაკლი ალასანიას ჩაწერას-მეთქი და მან მითხრა, რომ ირაკლი შენთან პარლამენტში არ წამოვაო, მას პრეზიდენტობის ამბიცია აქვსო”, - ამბობს ბურჯანაძე, რომელიც თვლის, რომ ალასანიამ მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვა ”ქვეყნის განვითარების პერსპექტივების მიმართულებით”.

”ჯორჯიან ტაიმსში” გაზეთის მთავარი რედაქტორის ღია წერილი ქვეყნდება, სადაც ის საერთაშორისო მედია-ორგანიზაციებს თანადგომისთვის მიმართავს.

”ჯორჯიან ტაიმსში” დღეს სტალინის შვილთაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”უბედურება ანტისტალინისტების არსებობაში არაა. უბედურება ის არის, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს, რათა ხალხიც თავისნაირ ”იმპოტენტებად” აქციონ”, - ამბობს იაკობ ჯუღაშვილი.

”ვერსიაში” წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან: ”მივმართავ ყველა პედაგოგს - თუ დირექტორი უსამართლოდ, ჩვენი სახელით გაგათავისუფლებთ, მაშინვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენინსპექციას მიაკითხეთ, რადგან სამინისტროდან ასეთი მითითება არ ყოფილა”, - აცხადებს შაშკინი.

დღეს ”ასავალ-დასავალი” და ”კვირის ქრონიკა” წერენ ცნობილი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის საქმის შესახებ. ”კვირის ქრონიკაში” ქვეყნდება ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის მიანიშნებს, რომ ლევან კალაძის ცხედარი სინამდვილეში ნაპოვნი არ არის. ”ასავალ-დასავლის” სტატიის ავტორი კი, ვიდრე ხაჭაპურიძეს მიმართავს კომენტარისთვის, წერს, რომ ”რამდენიმე დღის წინათ ხელში ჩამივარდა სკანდალური დოკუმენტაცია, რომელიც ლევან კალაძის მთელ საქმეს თავდაყირა აყენებს და სრულიად საფუძვლიან ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ცხედარი, რომელიც 2006 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ აღმოაჩინა და რომელიც კალაძეების ოჯახმა სამტრედიაში დაასაფლავა, შესაძლოა, სულაც არ ეკუთვნოდა ლევან კალაძეს!”. ავტორი ექსპერტიზის მასალებს აქვეყნებს და შემდეგ ამაზე სთხოვს კომენტარს ხაჭაპურიძეს, რომელიც ”მტკიცებულებების გაყალბებაზე” ლაპარაკობს.
XS
SM
MD
LG