Accessibility links

ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


მარცხნიდან: ირაკლი ალასანია, ჰილარი კლინტონი და გიორგი თარგამაძე

მარცხნიდან: ირაკლი ალასანია, ჰილარი კლინტონი და გიორგი თარგამაძე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან, შეხვედრას ოპოზიციიდან მხოლოდ ორი პარტიის ოთხი წარმომადგენელი ესწრებოდა. ესენი იყვნენ ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე, ხოლო ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან” ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ შეხვედრისთვის განკუთვნილ 20 წუთში დაგეგმილი ყველა თემის განხილვა შეძლეს.

ჰილარი კლინტონთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ სასტუმრო ”თბილისი მერიოტის” ზღურბლთან ირაკლი ალასანიამ თქვა: ”შეხვედრამ დამარწმუნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართული დემოკრატიისა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მტკიცე მხარდაჭერას”. მის ამ რწმენას ის აღრმავებს, რომ ისეთი საკითხების დასმას, როგორიც იყო მედიის თავისუფლების პრობლემები, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული კითხვები და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ჰილარი კლინტონის მხრიდან დახმარების შემოთავაზება მოჰყვა:

”საქართველოსთვის აშშ გამოყოფს დახმარების საკმაოდ სოლიდურ პაკეტს. აქ არის საუბარი ისეთ კონკრეტიკაზე, როგორიც არის საარჩევნო სიების დაზუსტება, საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელება და ის, რომ ოპოზიციურ ძალებს მიეცეთ საშუალება რეალურად ჩაერთონ პოლიტიკაში” ,-
უთხრა ჟურნალისტებს „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

შეხვედრიდან გამოსულმა ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი ყმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაინტერესდა პოლიტიკური პარტიების გაძლიერების საკითხით:

”შეხვედრისას განსაკუთრებული ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში პროცესები უნდა განვითარდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა თავისთავად გახდეს საფუძველი მშვიდობიანი სახელისუფლებო ცვლილებებისა, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი”,- აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ოპოზიციასთან შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა, საშინაო პოლიტიკური საკითხები, ასევე ამერიკის მხარდაჭერის საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ ქარტიის რეალური ამუშავების საკითხი, რომელსაც ხელი საქართველოს და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2009 წლის იანვარში მოაწერეს.

ნიშანდობლივია, რომ ჰილარი კლინტონთან შესახვედრად ოპოზიციური პარტიების შერჩევაში თავად სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო მონაწილეობდა. ეს თემა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ მათ, ვინც მხოლოდ ეს ორი პარტია დაპატიჟა, ფორმალური ნიშნით იხელმძღვანელეს, ანუ მხოლოდ ის გაითვალისწინეს, რომ ამ პარტიებს ჰყავთ ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტსა და საკრებულოში. რომ ყოფილიყო რეალური ინტერესი ოპოზიციის მიმართ, სულ სხვა ფიგურებს დაპატიჟებდნენ, მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი:

”იზრუნეს, რომ ჰილარი კლინტონისთვის არ შეეხვედრებინათ რეალური ოპოზიცია, რომ მას არ შექმნოდა პრობლემები ამ დატვირთული და ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.”

კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური კი ამ თემის კომენტირებისას ამბობდა, რომ ოპოზიციური პარტიები ორად დაყვეს -”თავისიანებად და მტრებად”.

”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ ორი ოპოზიციური პარტიის მიწვევით შეერთებული შტატების მთავრობამ ერთგვარად მხარი დაუჭირა საქართველოში ხელისუფლების საარჩევნო გზით შეცვლას.

ამგვარ დასკვნას მამუკა კაციტაძე ამ პარტიების ქმედებების გამო აკეთებს: ”ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” თავის დროზე საპარლამენტო მანდატებზე არ თქვა უარი, როცა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მანდატები საჯაროდ დახია, ხოლო მეორე, ანუ ალასანიას გუნდი, თბილისის საკრებულოში მეორე ადგილზე გავიდა წევრთა რაოდენობით.
დაახლოებით ამასვე აცხადებს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, ექსპერტი გია ვოლსკი. აი, რას ამბობს ის:

”ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს ისეთ ოპოზიციურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია არჩევნებისკენ და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისა თუ მისი ალტერნატივის შექმნისაკენ.”
XS
SM
MD
LG