Accessibility links

რა იქნება საქართველოში კლინტონის ვიზიტის რეალური შედეგი?


პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო - ისინი, ვინც სახელმწიფო მდივანს შეხვდა, საკუთარი მოსაზრებები წერილობით და ზეპირად გადასცა და კონკრეტულ შედეგებზეც საუბრობს, და ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა, მისი გზავნილების დიდ მნიშვნელობას ხაზს უსვამს, მაგრამ ცვლილებების მოლოდინი არა აქვს. რა ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მდივანმა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერებისგან და რა შეიძლება იყოს რეალური შედეგი, რასაც ამ მაღალი რანგის ვიზიტისგან საქართველო უნდა მოელოდეს?

საუბრის თემა მეტად კონკრეტული იყო, თქვა ირაკლი ალასანიამ ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში - დემოკრატიის დეფიციტი ქვეყანაში და ის, თუ რით შეუძლია ამერიკას რეალურად დაეხმაროს საქართველოს იმისათვის, რომ შემდგომი არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ყველაზე რეალური დაპირება, რაც ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ჰილარი კლინტონთან შეხვედრიდან გამოიტანა, ასე ჟღერდა:

”უახლოეს თვეებში სოლიდური ფინანსური დახმარება გვექნება ამერიკისგან თავისუფალი მედიის ჩამოყალიბებისთვის, საარჩევნო სისტემის თვისებრივად შეცვლისთვის და პირდაპირ გვქონდა საუბარი ამომრჩეველთა სიების ბოლომდე გასწორებაზე. გვქონდა საუბარი პოლიციის დეპოლიტიზაციაზე და იმაზეც, რომ ორი ნაციონალური არხი - „იმედი“ და „რუსთავი 2“ - არის არატრანსპარანტული და კონტროლდება ხელისუფლების მიერ.”

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარდა, ირაკლი ალასანია სახელმწიფო მდივანს მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზეც ესაუბრა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალაც გადასცა.

მეტი სკეპტიციზმით შეხვდა კლინტონის ვიზიტს და მის მოსალოდნელ შედეგებს ხალხის პარტია, რომლის წარმომადგენელი ალექსანდრე შალამბერიძე ფიქრობს, რომ ამერიკის იმედზე ქვეყანა არ უნდა იყოს, ურთიერთობები რუსეთთან უნდა გააუმჯობესოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთანაც თავად გამონახოს საერთო ენა, შუამავლების გარეშე:
”ეს ცრუ მოლოდინები ჩვენს მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს პრობლემები - დემოკრატიის განვითარების საკითხები იქნება ეს თუ დაკარგული ტერიტორიების - ამერიკის მიერ ვერ მოგვარდება. ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვეხმარება ამერიკა.”

კლინტონის ვიზიტი 6 ივლისს ლეიბორისტულმა პარტიამაც შეაჯამა. ნესტან კირთაძემ სახელმწიფო მდივანს პარტიის სახელით გადასცა წერილი, სადაც ყველა იმ პრობლემაზე იყო ყურადღება გამახვილებული, რომელიც, ლეიბორისტების აზრით, საქართველოში ჯერაც მოუგვარებელია. ლეიბორისტების აზრით, მხოლოდ ფინანსური ინექცია ქვეყნისათვის, იმედი და მოლოდინი უკავშირდება ამერიკის მთავრობის პოლიტიკური ნების გამოვლინებას ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიის პროცესის განვითარებას:

”ხაზი გავუსვით იმ საფრთხეებს, რომელიც მოსალოდნელია - მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების საბაბით და სხვა პოლიტიკური ბერკეტებით დაკანონდეს მიხეილ სააკაშვილის გრძელვადიანი ბატონობა ამ ქვეყანაში. ჩვენს განცხადებაში ლაპარაკი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაზე, არაადამიანურ გადასახადებზე, გაკონტროლებულ მედიასა და ბიზნესზე და ა.შ.”.

”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წერილი გადასცა, დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას. კლინტონისათვის გადაცემულ წერილში საზოგადოებრივმა კომისიამ კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებული მოლოდინები აღწერა, ასევე მათი შეფასებები და შენიშვნები სახელმწიფო კომისიის ვარიანტთან დაკავშირებით და ისიც, თუ რა საკითხები უნდა აისახოს კონსტიტუციაში:

”პირველ რიგში ეს მაინც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა, პარლამენტის დამოუკიდებლობა პრეზიდენტისა და მთავრობისგან, - სახელმწიფო კომისიის საკონსტიტუციო პროექტის ვარიანტში ეს დამოუკიდებლობა ხელყოფილია, - თავისუფალი სასამართლო ხელისუფლების შექმნა და კიდევ არაერთი საკითხი...”

ნინო ციხისთავი ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს საკმაოდ ხშირი შეხვედრები აქვთ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ეს, კომპლექსურად, შედეგს მოიტანს.
XS
SM
MD
LG