Accessibility links

რა უთხრა ამერიკამ რუსეთს საქართველოზე?


ჰილარი კლინტონი,აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველო პრეზიდენტი

ჰილარი კლინტონი,აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველო პრეზიდენტი

ვაშინგტონის გზავნილს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივლისს თბილისში გაახმაურა, მოსკოვის დაუყოვნებელი რეაქციები მოჰყვა. ამ რეაქციების ბუნება ზოგისთვის ტრადიციულად ცინიკურია, ზოგისთვის - არაფრის მთქმელი, ხოლო ზოგისთვის მაინც გარკვეული სიმპტომების შემცველია. რა უთხრა ამერიკამ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით, როგორ გაიგო რუსეთმა და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოსთვის?

მათ, ვინც მიიჩნევს, რომ დაახლოებით 6-საათიანი ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონს თბილისში ახალი არაფერი უთქვამს, ანალიტიკოსები უპასუხებენ, რომ ბევრი რამ თავისთავად ამ ვიზიტით ითქვა და რომ მეტად მნიშვნელოვანია, როცა თუნდაც მრავალჯერ ნათქვამს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უშუალოდ თბილისში იმეორებს. თუმცა სხვა საკითხია, ვის როგორ ესმის მისი ნათქვამი. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგალითად, ტერმინმა ”ოკუპაცია”, რომლის დამკვიდრებასაც თბილისი ასე უფასებს ვაშინგტონს და რომელიც თბილისში მყოფმა კლინტონმაც არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ქმედებებთან კავშირში. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდად სასიხარულო არაფერი გვაქვს, რადგანაც სიტყვა ”ოკუპაციის” ინგლისური ვარიანტის შინაარსი არ შეესაბამება ამ სიტყვის საქართველოში დამკვიდრებულ გაგებას. ასეთები ამბობენ, რომ თარგმანში სიტყვა ”ოკუპაცია” ”დაკავებას” ნიშნავს და თუკი საქართველოში ის ანექსიის ერთგვარ სინონიმად ითვლება, ინგლისურში ოკუპირებული, ანუ დაკავებული, შეიძლება იყოს, მაგალითად, ოთახი ან ტუალეტი. მაგრამ ბევრისთვის მეტად საყურადღებოა ისიც, რომ ვაშინგტონის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა - ოკუპაცია - უყურადღებოდ არ დარჩენია რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც კომენტარი ცხინვალის რეგიონთან მიმართებით 5 ივლისს კლინტონის თბილისში სტუმრობის შემდეგ გააკეთა:

”ვიღაც თვლის, რომ ის ოკუპირებულია და ვიღაც თვლის, რომ ის გათავისუფლებულია... და ეს წარმოადგენს ხალხებს შორის დიალოგის საგანს - ქართველ და სამხრეთოსეთელ ხალხებს შორის. ამ დიალოგის წარმართვა საჭიროა მესამე მხარის დამოწმების გარეშე.”

პუტინის ამ განცხადებას თბილისი კრემლისთვის დამახასიათებელი ცინიკური განცხადებების ჭრილში განიხილავს და სწორედ ამგვარად შეაფასა ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ:

”ის ხაზი, რასაც რუსეთის ფედერაცია მთელი ეს პერიოდია აგრძელებს, ცინიკური ხაზია: რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, რომ ეს არის სხვა მხარეების პრობლემა და ამიტომ ნუ გვრევენ ჩვენ... ვიცით, რომ ამ ხაზს აგრძელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხაზი ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევს. სიმართლე ყველასათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ პრობლემა, პირველ რიგში, მდგომარეობს რუსეთის ოკუპაციაში და ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე რთული იქნება რეალური წარმატების მიღწევა...”

რუსეთის შენიღბულ პოზიციასთან დაკავშირებულ შეფასებებს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა ის რუსეთის პრემიერ-მინისტრის შენიღბული პოზიციის მიღმა კიდევ ერთ საყურადღებო სიმპტომს ხედავს:

”ისეთი რადიკალური იმ იდეის დაცვაში, რომ, არიქა, მართალი იყო ყველაფერში და ეს არ შეიძლება უკან დატრიალდეს, აღარ არის... პრაქტიკულად, პუტინის მიერ გაჟღერებულ ამ რეპლიკაში ის პოტენცია, რომ პროცესები შეიძლება შეიცვალოს და უკან დატრიალდეს, დაშვებული გახლავთ.”

ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის პოზიციის შერბილებას?

ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს ექსპერტს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძეს. მისი აზრით, პუტინის ბოლო განცხადებები დემაგოგიური აქცენტების შემცველია, რადგანაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი უშლის ხელს პირდაპირ დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის. ხოლო პუტინის მოწოდებები ექსპერტისთვის იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი ვაშინგტონის მოსალოდნელ გააქტიურებას უფრთხის:

”რუსეთს არ სურს, რომ ამერიკის, როგორც შუამავლის, როლი გაიზარდოს და ამერიკა უფრო აქტიურად იყოს ჩართული თუნდაც იმავე ქართულ-ოსურ დიალოგში ან ქართულ-აფხაზურ დიალოგში... და ამიტომაც არის მითითება, რომ ”მესამე მხარე” არ უნდა ჩაერიოს... ეს მითითება, პირველ რიგში, ამერიკისკენ არის მიმართული...”

ნიკა ჩიტაძის მსგავსად, საქართველოში არაერთი ანალიტიკოსი იზიარებს იმ აზრს, რომ ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტი საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის პროცესში ამერიკის კიდევ უფრო გააქტიურებას მოასწავებს. ისინი იხსენებენ თბილისში მყოფი ჰილარი კლინტონის მიერ გარკვევით ნათქვამ სიტყვებს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ დაწესებულ ”გავლენის სფეროებს” და რომ ამერიკას თავისი პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს - მიტოვება არც კი უფიქრია. ვაშინგტონი პირობას დებს, რომ დაეხმარება საქართველოს ყოველმხრივ, რათა ის მიმზიდველი გახდეს ოსებისა და აფხაზებისათვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG