Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთო ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში


გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი
გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი
საქართველოს მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ტურიზმის განვითარება მისი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმაც თანამდებობაზე დანიშვნისას განაცხადა, რომ მთავრობა კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობს ტურიზმის განვითარებას, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მთავრობის წევრთა მსგავსად, ბევრი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით კარგი პერსპექტივა აქვს საქართველოში სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებას. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და ინვესტიციების მოზიდვის პრიორიტეტულ მიმართულებად ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გამოაცხადა. 2010 წლის იანვარში ბაკურიანში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იწყება ორი დიდი პროექტის განხორციელება სვანეთსა და აჭარის მთიანეთში:

„ყველას შევუწყობთ ხელს და იქნება უფრო დიდი და სწრაფი მშენებლობა, ვიდრე აქამდე იყო; იქნება მაქსიმალურად ლიბერალური რეჟიმი, მაგრამ იქნება ყველაფერი მოწესრიგებული, იმიტომ რომ მე მინდა, საქართველოში ვაშენებდეთ არა ახალ საბჭოთა კურორტებს, არამედ ვაშენებდეთ ახალ დავოსებს და ა.შ.“

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს კლიმატური პირობები და ლანდშაფტი მართლაც იძლევა მიმზიდველი, მაღალი კლასის სამთო კურორტების მშენებლობის შესაძლებლობას, თუმცა მიზნის მისაღწევად, როგორც ვანო ვაშაყმაძე, გუდაურის სათხილამურო კომპლექსის მენეჯერი და თბილისში გამართული კონფერენეციის ორგანიზატორი, ამბობს, საჭიროა ცნობილი კურორტების გამოცდილების გაზიარება დაგეგმარების, მართვისა და მარკეტინგის თვალსაზრისით. ვანო ვაშაყმაძე ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და ტიროლის მხარეს:

„ტიროლი თავისი რელიეფით ჰგავს საქართველოს მთიან მხარეს. განედი, თოვლის საფარის სეზონურობა - ყველაფერი მსგავსია. განსხვავებულია დატვირთვა. ტიროლში სულ ცხოვრობს 700 ათასი ადამიანი. ამ დროს ტიროლი წლის განმავლობაში მასპინძლობს 5 მილიონ ადამიანს, ანუ 59 მილიონ/ღამის თევაა. შედარებისთვის: გუდაურში სეზონის განმავლობაში გვაქვს 80 ათასი ადამიანი/დღე. ბევრი შრომა და სწავლაა საჭირო იმისთვის, რომ სათანადო ადგილი მოიპოვო ბაზარზე. ძალიან მაღალია კონკურენცია“, უთხრა ვანო ვაშაყმაძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს ტურისტული მეგზურები
კონკურენცია რომ მაღალია, ამის შესახებ იციან ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, რომლის თავმჯდომარის მოადგილის ვახტანგ ასათაშვილის თქმით, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ევროპელმა, აზიელმა ან ამერიკელმა ტურისტებმა მსოფლიოს ცნობილ კურორტებს საქართველოს თოვლიანი მთები ამჯობინონ, მით უფრო, რომ, ვახტანგ ასათაშვილის თქმით, საქართველო საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იყენებს:

„დღესდღეობით საქართველო იყენებს თავისი ტურისტული რესურსის 20-25 პროცენტს. დანარჩენი არის აღმოუჩენელი (ანუ მათი პოპულარიზაცია არ ხერხდება) და, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, განუვითარებელი. სადაც ინფრასტრუქტურა არ არის, რთულია იქ ბიზნესის დაწყება და ტურისტების მოზიდვა.“

ბიზნესის დაწყება და ტურისტების მოზიდვა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი - ამის შესახებ არაერთხელ ითქვა საქართველოში სამთო ტურისტული ცენტრების განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელშიც დასვენებისა და ტურიზმის მართვის სფეროში ცნობილი კომპანიის, „სკიდატას“, წარმომადგენელიც მონაწილეობდა. ფილიპ ჰენდლის თქმით, სათანადო ძალისხმევის შემთხვევაში, საქართველოს სამთო კურორტებს ტურისტები აუცილებლად ეწვევიან:

„საქართველოში არის თავისუფალი სრიალის მეტი შესაძლებლობა. ძალიან მომწონს ეს ორი კომბინაცია: შეგიძლია ისარგებლო სათხილამურო ტრასით ან ვერტმფრენის გამოყენებით დაეშვა მწვერვალიდან. ამ კუთხით საქართველოში, ტიროლთან შედარებით, მეტი შესაძლებლობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავსტრიელი და, ზოგადად, ევროპელი ტურისტები სიახლის ძიებაში არიან. მათთვის საინტერესოა როგორც განსხვავებული კულტურა, ასევე რელიეფი და ინფრასტრუქტურა. ასე რომ, პერსპექტივას ამაშიც ვხედავ“, განაცხადა ფილიპ ჰენდლმა - კონფერენციის ავსტრიელმა მონაწილემ. კონფერენციაზე მიწვეულმა ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს ავსტრია-ინსბრუკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე სამთო ტურისტული ცენტრების დაგეგმარების, მართვისა და მარკეტინგის სფეროში. ითქვა, რომ ტურისტული ცენტრების განვითარება კომპლექსური საკითხია და გულისხმობს სივრცულ დაგეგმარებას, ინფრასტრუქტურას, მიწათსარგებლობას, განაშენიანებას, ტურისტული პროდუქტის შექმნას, ოპერირების ნორმების, მარკეტინგისა და სხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხთა გათვალისწინებას. მხოლოდ ამ საკითხთა გათვალისწინების შემდეგ შეიძლება იქცეს რეალობად სურათი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ნახევარი წლის წინ ბაკურიანში გამართულ მთავრობის სხდომაზე აღწერა:

„შემოხვალ იახტით, ჩამოხვალ, დაჯდები მანქანაზე, ახვალ მთაში, ისრიალებ თხილამურებით და წახვალ. ვინ არ ჩამოვა დასასვენებლად ასეთ ადგილზე?“

სამუშაო კონფერენციის ძირითადი მიზანია წამყვანი ტურისტული ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების თანამედროვე მუშაობის სტილის, ნორმებისა და გამოცდილების გაზიარება (ძირითადად, ტიროლის მაგალითზე) და თანამშრომლობის პერსპექტივების ჩამოყალიბება.

საქართველოს სამთო კურორტებზე არსებული მდგომარეობისა და მათი განვითარების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციას გააკეთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასათაშვილი.

კონფერენცია 6-7 ივლისს გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია 3 სესია: დაგეგმარების, ოპერირების და მარკეტინგის საკითხებზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG