Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადება სთხოვა


საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სთხოვა, კანონპროექტი "სახელმწიფო ქონების შესახებ," მეორე მოსმენით ჯერჯერობით არ განიხილოს. ამ პროექტით, მაგისტრალური გაზსადენი აღარ იქნება იმ ობიექტების ნუსხაში, რომელთა პრივატიზაცია დაუშვებელია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დეპუტატებს სთხოვა, კანონპროექტის განხილვა მხოლოდ მთავრობის დასკვნის შემდეგ განაგრძონ, თუმცა, კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ამავე კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენის 100%-ით პრივატიზებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, საკონტროლო პაკეტი აუცილებლად სახელმწიფოს დარჩება. მსგავსი პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობასაც, თუმცა, მას საპარლამენტო ოპოზიცია არ ენდობა. პარლამენტის წევრის ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძის განცხადებით, აუცილებელია, კანონში ჩაიწეროს, რომ მაგისტრალური გაზსადენის სრულად პრივატიზება დაუშვებელია და საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს დარჩება. მთავრობის თხოვნის მიუხედავად პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მაინც დაიწყო.
XS
SM
MD
LG