Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონის მიზანი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობისას


ჰილარი კლინტონის გუშინ საქართველოთი დასრულებულ მოგზაურობამდე მისმა მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ კლინტონის ტურნე არ უნდა განვიხილოთ „კვლავ დადასტურების“ ვიზიტად, რომლის დროსაც ის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებს დაამშვიდებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ მათზეც დადებითად აისახება. როცა სახელმწიფო მდივანი უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ბოლოს კი საქართველოში იმყოფებოდა, ყველგან აცხადებდა, ამერიკას არ დავიწყებიხართო.

უკრაინაში, სადაც ის ამ მოგზაურობის დასაწყისში ჩავიდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხალხს მიმართა:
„ჩვენი აზრით, უკრაინელების გადასაწყვეტია, რა კურსს და როგორ მომავალს აირჩევთ. ამ საქმეში აშშ-ისგან შეგიძლიათ მხარდაჭერას და მეგობრობას ელოდეთ.“

ამავე შინაარსის იყო კლინტონის განცხადება აზერბაიჯანში:

„აშშ-ს განზრახული აქვს დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს მოქალაქეებს აყვავებული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული აზერბაიჯანის შენებაში.“

მოგზაურობის ბოლოს, უკვე თბილისში, კლინტონმა კიდევ ერთხელ თქვა ამავე შინაარსის სიტყვები:

„აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს მთავრობაში და მის გარეთ, მათ სწრაფვაში გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და დემოკრატიული პროცესი.“

დახმარებისთვის მზადყოფნის ამ განცხადებებს, ერთად, „გადატვირთვის“ გამო „კვლავ დარწმუნება“ უწოდეს. ეს იმას უნდა გულისხმობდეს, რომ აშშ რუსეთის მეგობარი იქნება, მაგრამ არ დაივიწყებს რეგიონში მცირე მოკავშირეებს. არის ამაში წონასწორობის გარკვეული სახეობა. კლინტონმა უწოდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ყოფნას „ოკუპაცია“ და მანვე გააფორმა პოლონეთთან შეთანხმება ანტისარაკეტო თავდაცვითი ფარის თაობაზე, რომელიც კრემლს არ მოსწონს და რასაც უკვე მოაყოლა კიდეც პროვოკაციული პასუხი. ოკუპაციას რაც შეეხება, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, სამხრეთ ოსეთის „განთავისუფლებაზე“ ილაპარაკა:

„ზოგი თვლის, რომ ის ოკუპირებულია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ის განთავისუფლებულია. ეს არის ხალხების დიალოგის თემა, ქართველ ხალხსა და ოს ხალხს - სამხრეთ ოსეთის ხალხს - შორის. და ამ დიალოგის წარმართვა საჭიროა მესამე მხარის მოხმობის გარეშე.“

მიუხედვად შიგადაშიგ ცხარე რიტორიკული განცხადებებისა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ბოლო ხანს დათბობის გზაზეა. მეტიც, მოსკოვსა და მის მეზობლებს შორისაც გამოსწორდა დამოკიდებულება. ავიღოთ უკრაინა, სადაც, პრეზიდენტად ვიქტორ იუშჩენკოს არჩევის შემდეგ, აღარ არის ძველებური ანტირუსული განწყობა. პოლონეთიც ამ მიმართულებით მიდის. ვარშავაც მეგობრულ დიალოგს ამჯობინებს მოსკოვთან. რაც შეეხაბა აზერბაიჯანს, მას ვაშინგტონთან ურთიერთობა გაუფუჭდა თურქულ-სომხური შერიგების პროცესის წახალისების გამო. ის მიუბრუნდა რუსეთს მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მისი საშუამავლო როლის გამო. ყველა ამ ქვეყანაში კლინტონის ამოცანა იყო ეჩვენებინა, რომ მათი დიალოგი აშშ-თან კვლავ მოქმედებს და მოქმედებს არა ვაშინგტონის რუსეთთან მეგობრობის საპირისპიროდ, არამედ პარალელურად. საქართველოში, რომელიც კვლავ რჩება ყველაზე ანტირუსულ ქვეყნად მის მეზობლებს შორის, კლინტონი უფრო თავისუფალი იყო რუსეთის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვაში, მაგრამ მასპინძელს, პრეზიდენტ სააკაშვილსაც მოუწოდა თავშეკავებისკენ, რომ არ უნდა მოხდეს სამხედრო ძალების ისე გაძლიერება, რომ ამას ახალი ომი მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG