Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზას ევროკავშირის ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა


ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის და ესპანეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზის სექტორში აპირებენ ჩასვლას. ახლახან ისრაელმა პალესტინელთა ამ ტერიტორიაზე დაწესებული ბლოკადა შეამსუბუქა, რასაც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

როგორც ორშაბათს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ხუთმა მინისტრმა ერთობლივი წერილი გაუგზავნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს და ღაზაში ჩასვლის თაობაზე მის მიწვევას დასთანხმდა.

ვიზიტი მკაცრად იქნება შეთანხმებული პალესტინელთა ავტონომიასთან, რომელმაც ღაზის ანკლავზე კონტროლი დაკარგა 2007 წელს, იქ არჩევნებში ექსტრემისტული ისლამისტური ჯგუფის, ჰამასის, გამარჯვების შემდეგ. ისრაელმა ღაზას მკაცრი ბლოკადა სწორედ ამის მერე დაუწესა.

ევროპელი დიპლომატების ღაზაში დაშვება ისრაელის მხრიდან იშვიათ ჟესტს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში იქ მხოლოდ კეთრინ ეშტონი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი შეუშვეს.

ღაზასთან მიმართებით ისრაელის მიერ გატარებული პოლიტიკა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ევროპული ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ბლოკადის გარღვევის მიზნით ღაზისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ გემზე ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს და თურქეთის ცხრა მოქალაქე მოკლეს. მას შემდეგ ისრაელმა დაწესებული ემბარგო შეამსუბუქა. უწინ მოქმედი ღაზაში შეტანისთვის ნებადართული ნივთების ვიწრო სია მხოლოდ აკრძალული ნივთების სიით შეიცვალა, რამაც ღაზაში საყოფაცხოვრებო საქონლის, მაგალითად, სარეცხი მანქანებისა და საკვების იმპორტი გააადვილა.

ბლოკადის შემსუბუქება „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, რომელიც „ღაზის რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე დადებითად აისახებაო“, - განაცხადა ორშაბათს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა.
მის განცხადებას გამოეხმაურა ტონი ბლერი - ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი შუამავალთა ოთხეულის საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის მიერ გატარებული ზომები „დრამატულ გავლენას იქონიებს ღაზის მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფაზეო“, - განაცხადა მან.

მაგრამ ისრაელი განაგრძობს ღაზაში მოგზაურობისა და იქიდან ექსპორტის უდიდესი წილის აკრძალვას და ზღუდავს იქ სამშენებლო მასალების იმპორტს. ღაზა ამგვარი მასალების მწვავე საჭიროებას განიცდის მას შემდეგ, რაც 2008 წლის ზამთარში ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშმა ბევრი სახლი გაანადგურა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ღაზაში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG