Accessibility links

logo-print
დღეს და ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში მორიგ Road Show -ს გამართავს. ნიკა გილაური ამჯერად ინვესტორების „საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციებით დაინტერესებას შეეცდება. შეხვედრა საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის მიერ არის ორგანიზებული და ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას (IPO) ეხება.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ობლიგაციების განთავსება ლონდონის ბირჟაზე Road Show-დან სულ რამდენიმე დღეში - ივლისის შუა რიცხვებისთვის განხორციელდება.

ნავარაუდევია, რომ ემისიის მოცულობა 250 მლნ დოლარს შეადგენს, ობლიგაციების ვადიანობა კი, სავარაუდოდ, 5-7 წლით განისაზღვრება.

საგულისხმოა, რომ სწორედ ასეთივე სცენარით - საკმაოდ სწრაფად და ნაკლები გამჭვირვალობის პირობებში განათავსა საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი ევროს ოდენობის ევროობლიგაციები 2008 წლის აპრილში.

“საქართველოს რკინიგზის” მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, განთავსებისა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციის შესახებ განკარგულება მთავრობამ 10 ივნისის სხდომაზე მიიღო. “საქართველოს რკინიგზა” ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას თბილისსა და ბათუმს შორის სწრაფმავალი სარკინიგზო მიმოსვლის პროექტის განხორციელებისათვის გეგმავს.

მთვრობის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე - 10 მაისს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა “საქართველოს რკინიგზას” საკრედიტო რეიტინგი B+, პროგნოზით “სტაბილური” მიანიჭა. კომპანიის რეიტინგი საქართველოს სუვერენული რეიტინგის ტოლია და წარმოადგენს უმაღლეს შეფასებას, რაც 100%-ით ადგილობრივ კაპიტალზე დაფუძნებულ საწარმოს შეუძლია მიიღოს. სწორედ ასეთი შეფასებით გავა “საქართველოს რკინიგზის” ობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე.

მას კი, დიდი ალბათობით, მაგისტრალური გაზსადენის აქციათა 10-15%-ს მიყვეს, რომლის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასხვისების გეგმაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ახალი მთავრობის და მისი პროგრამის წარდგენისას ისაუბრა. თუმცა, გილაურმა ისიც აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ვეღარ მოესწრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG