Accessibility links

სეტყვისგან დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ზარალის სასწრაფოდ ანაზღაურებას ითხოვს. ერთი კვირის წინ გორის რაიონში მოსულმა სეტყვამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. დასეტყვილი სოფლების დიდი და პატარა გარეჯვრის, კარალეთის, სკრის, ზერტის, ბერბუკისა და თედოწმინდის მოსახლეობამ გორში საპროტესტო აქციაც გამართა და ხელისუფლებას სთხოვა დახმარება.

დახმარების გარეშე ამ სოფლების მოსახლეობა ზამთარში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, რადგან სტიქიამ სრულად გაანადგურა ხეხილის ბაღები, ბოსტნები, ხორბლისა და ქერის ნათესები, დაიხოცა ფრინველი.

გორის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის. დგება სპეციალური ოქმები და ცენტრალურ ხელისუფლებაში იგზავნება. ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ არსებობს, ამიტომ დაზარალებული მოსახლეობა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული. საკრებულოს აგრარული კომისიის თავმჯდომარის იოსებ ხუროშვილის განცხადებით, დასეტყვილ სოფლებში საგანგაშო მდგომარეობაა.

დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდებს და ზარალის დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვს. მოსახლეობის აზრით, თუ დაფინანსების საკითხი ოპერატიულად მოგვარდება, კიდევ ერთხელ მოასწრებენ ბოსტნეულის მოყვანას.

სეტყვისგან დაზარალებულები ახლა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის მიღების იმედად არიან დარჩენილნი. გორის რაიონში ჯერჯერობით მოსავლის დაზღვევის პრაქტიკა არ არსებობს, ამიტომ ყოველი სტიქიის შემდეგ ფერმერებიც და მიწის მესაკუთრეებიც დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG