Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ვერტინსკი და ლევან ხაინდრავა, ნაწილი 1


ალექსანდრ ვერტინსკი, რუსი შანსონიე

ალექსანდრ ვერტინსკი, რუსი შანსონიე

”ქარი ქრის მოლდოვას სტეპში” - ტრადიციულად ამ სიმღერით იწყებდა კონცერტს ალექსანდრ ვერტინსკი. ორმოცდაათიან წლებში გამოჩენილი რუსი შანსონიე სამჯერ ესტუმრა ჩვენს დედაქალაქს. კონცერტები ”გოფილექტის” ბაღში, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზსა და იმდროინდელ ოფიცერთა სახლში გაიმართა. ბილეთებს სალაროში იტაცებდნენ, რაც სულაც არ იყო გასაკვირი - ევროპაში, ამერიკასა და შორეულ აღმოსავლეთში ოცდახუთწლიანი ემიგრანტული ”ხეტიალის” დროს ვერტინსკიმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

უცხოეთში ის დიდი ქალაქების თეატრების სცენაზე, ბოშათა ბანაკებში, საოკეანო გემებზე, პოპულარულ კაბარეებში და იაფფასიან დუქნებში გამოდიოდა. რუსული ხელოვნების ”ვერცხლის საუკუნის” ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი, ვერტინსკი, ღირსეულად აგრძელებდა ბლოკის, ცვეტაევას, გუმილიოვის, ახმატოვას, გიორგი ივანოვის ტრადიციებს. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ გიორგი ივანოვმა დაწერა შესანიშნავი ფრაზა: ”ჩვენ ხან თავისუფლების დამყაყებულ, ხან კი ციხის ლაღ ჰაერს ვყლაპავთო”.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვერტინსკი საბჭოთა კავშირის ქალაქებში მართავდა კონცერტებს. მოსკოვში მის ყველა გამოსვლას, როგორც წესი, სამხატვრო თეატრის (МХАТ-ის) დიდი მსახიობები ესწრებოდნენ. თეატრის კორიფეებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ვერტინსკის სცენური ჟესტის ხელოვნება. არადა, მოსკოვის სარეკლამო სტენდებზე ერთხელაც არ გაკრულა მისი კონცერტის ნორმალური ზომის აფიშა.

თბილისის ოფიცერთა სახლში ვერტინსკის კონცერტის შესვენების დროს მე ახალგაზრდების ჯგუფის სახელით ვთხოვე ამ სახლის უფროსის მოადგილეს, პოდპოლკოვნიკ ონიკ სამსონის-ძე აგაბეკოვს, მოეწყო ჩვენი შეხვედრა მომღერალთან. იმხანად აგაბეკოვი თბილისში საკმაოდ პოპულარული ადამიანი იყო: ჭეშმარიტმა ინტელიგენტმა და მელომანმა სამამულო ომში მარცხენა ხელი დაკარგა. კონცერტის შემდეგ მომღერლის საგრიმიოროში სწორედ მისი წყალობით შედგა ჩვენი შეხვედრა ვერტინსკისთან. ალექსანდრ ნიკოლაევიჩმა საოცრად თბილად მიგვიღო - გეგონება, ძველი მეგობრები ვიყავით. საათ-ნახევრის განმავლობაში ჩვენ უდიდესი ინტერესით ვუსმენდით გამოჩენილი ხელოვანის მონათხრობს.

”ამა თუ იმ რესპუბლიკაში ჩემს ჩასვლას კულტურის სამინისტრო სრული იგნორირებით პასუხობს: თავს იკატუნებენ, თითქოს საქმის კურსში არ არიანო”, - გვითხრა ვერტინსკიმ. მან დაწვრილებით გვიამბო ემიგრაციიდან სამშობლოში თავისი დაბრუნების ისტორია. თურმე, ჩინეთში ერთ-ერთი გასტროლის დროს მომღერალს კულისებში საბჭოთა ელჩი ეწვია და სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. შევსებული ანკეტები ვერტინსკიმ ორჯერ გაუგზავნა საელჩოს. პასუხი არ იყო. გავიდა დრო - მომღერალი მორიგი გასტროლით ჩავიდა ჩინეთში. ისტორია განმეორდა - მას ისევ ეახლა საბჭოთა ელჩი.

”მე ორჯერ ვცადე. კმარა”, - უთხრა მას ვერტინსკიმ.

”მითხარით, ალექსანდრ ნიკოლოევიჩ, რამდენჯერ შეგიძლიათ ქედი მოიხაროთ მშობელი დედის წინაშე?” - ჰკითხა მას ელჩმა.

”რამდენჯერაც გნებავთ”, - უპასუხა ვერტინსკიმ.

”მაშინ კიდევ ერთხელ შეავსეთ საბუთები” («Тогда кланяйтесь еще раз и заполняйте документы»).

ასე დაბრუნდა მომღერალი სამშობლოში. უნდა ითქვას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერტინსკის ბიოგრაფიიდან სწორედ ჩინეთთან არის დაკავშირებული. იქ, ხარბინში, ის დაუმეგობრდა მომავალ მწერალ ლევან ხაინდრავას, ჩინეთშივე მოიყვანა ცოლად ქართველი ლილია წირღვავა. თუმცა ამის შესახებ - შემდეგ იყოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG