Accessibility links

logo-print

სასამართლო მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების საჩივრების განხილვას იწყებს


მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების დამცველები

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების დამცველები

9 ივლისს სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 21 სამხედრო პირის საჩივრის განხილვას იწყებს. აქედან სამ ყოფილ მაღალჩინოსან სამხედროს - კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს და შოთა გორგიაშვილს - 29, 28 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და სამივე ე.წ. სამარტოო საკანში ზის, გასეირნების უფლების გარეშე. სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს ყველას განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინონ ამ სასამართლო პროცესების მიმართ და მოუწოდებს ასევე ხელისუფლებას გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანები.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანები. მთელ საზოგადოებას მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ ამ სამხედროებს, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან ...
მუხროვანის 2009 წლის 5 მაისის ე.წ. ამბოხის შედეგად დაკავებული სამხედროები უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დიდი ხანია პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ. რამდენიმე ორგანიზაციამ 7 ივლისს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ხელისუფლებას მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ 9 ივლისს დაგეგმილი სასამართლო პროცესის მიმართ. სამხედრო ექსპერტმა ნოდარ ეფრემიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ადამიანები აბსურდული ბრალდებით - პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულნი:

”ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანები. მთელ საზოგადოებას მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ ამ სამხედროებს, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, მონაწილეობდნენ ყველა კონფლიქტში, ხელისუფლებას კი რატომღაც დასჭირდა ჯარის დისკრედიტაცია და ამ ბიჭების მოღალატეებად გამოყვანა.”

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2009 წლის 21 აგვისტოს 41 განსასჯელის მიმართ დაწყებული ე.წ. ”მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა” პროცესი. კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს, კობა კობალაძეს და სხვებს ბრალი ედებოდათ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მომზადებაში. 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა გენერალი კობა კობალაძე, დანარჩენი სამხედროები კი სხვადასხვა ვადით პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც მაშინ კობა კობალაძეს იცავდა, ამჯერად საქმეში კობა ოთანაძის ადვოკატად ჩაერთო, რომელსაც 29 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

”ძალიან ბევრი სადავო გვაქვს ადვოკატებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მართლაც ”მოდელირებული” პროცესი იყო, მოდელირებული ამბოხება და ამ პროცესზე შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების სიმართლე.”

გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ოთანაძის, ამირიძის და გორგიაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სამხედრო სფეროში მათი გავლენით აიხსნება.

კობა ოთანაძე ამჟამად გლდანის მერვე საპყრობილეში ზის. ამირიძის და გორგიაშვილის მსგავსად, ის მარტოა საკანში და, როგორც მისი ძმა, ჯიმშერ ოთანაძე, გვეუბნება, გაუსაძლის პირობებშია:

”ის დღემდე ე.წ. ”ოდინოჩკაშია”, გასეირნებაზე არ გაჰყავთ, ჩაკეტილი სივრცე, არანაირი ჰაერი”...

”მუხროვანის პროცესს” პოლიტიკურ პროცესს უწოდებს ნანა კაკაბაძეც, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“, და აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესების მონიტორინგი.

დავით ლილუაშვილიც, ხელმძღვანელი არასამთავრობოთა ორგანიზაციების კოალიციისა „ჩვენი უფლებებისათვის“, მოუწოდებს ყველას დაიცვან სამხედროების უფლებები და მივიდნენ სასამართლო პროცესზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში 9 ივლისს პირველ საათზე დაიწყება.
XS
SM
MD
LG