Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტეგრაცია: ენის უცოდინარობა კვლავაც მთავარ ბარიერად მიიჩნევა


გამოქვეყნდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მესამე ანგარიში, რომელიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ეხება. ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზე, რომელიც 2007 წლის შემდეგ შეინიშნება, თუმცა დარჩენილია საკითხები, რომელთა გამოსწორებასაც ურჩევს ევროპული კომისია ხელისუფლებას. გამორჩეული ყურადღება ეთმობა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების საკითხს და იმას, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. რა კეთდება საქართველოში რეალურად იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ჩართულობა გაიზარდოს?

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მესამე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მთავრობამ უნდა გააღრმაოს ქართული ენის შესწავლის რეფორმა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისა და სტუდენტებისათვის, უფრო მეტად ქმედითი გახადოს რელიგიის თავისუფლების დაცვა. ამ თვალსაზრისით დადებით შეფასებას იმსახურებს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოს საქმიანობა.
სწორედ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში: მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ოფისები აქვს გახსნილი, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ მათთვის არავის მიუმართავსო; ეს კი იმით აიხსნება, რომ თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ნაკლებად გაეგებათ, მათდამი როგორი დამოკიდებულება შეიძლება დისკრიმინაციად შეფასდესო.
მინდიაშვილის აზრით, პრობლემის სათავე მაინც მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე ინფორმაციის ნაკლებობა და, საერთოდ, ქართული ენის უცოდინარობაა. აი, რას ამბობს ბექა მინდიაშვილი:

”ენის პრობლემა ის ერთგვარი ცენტრია, რომლის გარშემოც იშლება სხვა პრობლემები. ენის ბარიერი ქმნის ბარიერს ურთიერთობებში, იწვევს გაუცხოებას, ქმნის ბარიერს ასევე განათლების მიღების, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის საკითხში,ბარიერს ეკონომიკური ურთიერთობების გასამართად და სწორედ ენის პრობლემის გარშემო არის შემოწყობილი სხვა პრობლემები.”
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის და უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამებს ავითარებს. სიახლე ამ მხრივ ის არის, რომ წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მშობლიურ ენაზე მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შევსება მოუწევთ და ასე ჩაირიცხებიან მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. განათლების სამინისტრომ ამისთვის სულ 200 ადგილი გამოყო, აქედან 100 სომხურენოვანი და 100-ც აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის. სწავლას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტების სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ვალერი გობრონიძე ამბობს:

”იმ სტუდენტს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უკვე ეძლევა შესაძლებლობა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებით მოემზადოს ქართულ ენაში. ამ ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია ეს სტუდენტი ჩარიცხოს მისთვის სასურველ ფაკულტეტზე და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ანუ სწავლის პირველ საფეხურზე, ეს სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას.”

იმისათვის, რომ ქართული ენის შესწავლა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია ეფექტურად განხორციელდეს, თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა გზებს ხედავენ. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მშვიდობის კორპუსის” აზერბაიჯანული ენის ინსტრუქტორი ბაჰარ ნეიმატოვა მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური გზა ე.წ გაცვლითი პროგრამებია.

”კარგი იქნება, თუ მოსწავლეები, მაგალითად, ზაფხულის პერიოდში იცხოვრებენ ქართულ ოჯახში, ისევე როგორც ქართველი ბავშვები იცხოვრებენ აზერბაიჯანულ ოჯახში. ასე ისინი ენასაც უკეთ ისწავლიან და კულტურასაც გაეცნობიან. მე მგონი, ეს არის ყველაზე ეფექტური ფორმა.”

მთავარ პრობლემად ენის უცოდინარობის დასახვას არასწორად მიიჩნევს მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნო სტეფანიანი. მისი აზრით, ინტეგრაციაში ხელშემშლელი მთავარი პრობლემა პოლიტიკური ნებაა. აი, რას ამბობს ერნო სტეფანიანი:

”პოლიტიკურ ელიტას არა აქვს გაცნობიერებული, რომ საჭიროა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში ჩართულობის დონის ამაღლება და რომ მხოლოდ ასე ვაქცევთ ეთნიკურ უმცირესობებს ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად”, - მიიჩნევს არნო სტეფანიანი.

მიუხედავად იმ მცდელობებისა, რაც სხვადასხვა უწყებებს აქვთ, რეალობა მკვეთრად არ იცვლება, ფიქრობს ”მშვიდობის კორპუსის” წარმომადგენელი ბაჰარ ნეიმატოვა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მას ქართულ საზოგადოებაში ურჩევნია მუშაობა და ცხოვრებაც, მისი ნაცნობების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს და სასწავლებლად და სამუშაოდ ისინი, უმეტესად, ან აზერბაიჯანში, ან თურქეთში მიდიან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG